» » მარტინესი: მოთმინება უნდა ვიქონიო

მარტინესი: მოთმინება უნდა ვიქონიო

23-12-2014, 18:19
081
მიუნხენის ბაიერნის ესპანელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, ხავი მარტინესმა, დიდხნიანი უქმობის შემდეგ, როგორც იქნა, ვარჯიშები განაახლა. ბასკი ფეხბურთელი ჯერ-ჯერობით მსუბუქად იტვირთება, თუმცა პროგრესი აშკარაა და ხავის მეორე წრეში დაბრუნება გამორიცხული არ არის.

"მუშაობა, მუშაობა და კიდევ ერთხელ მუშაობა", - ხავი მარტინესს დიდი ხანი მოუწია ლოდინი, რათა თავი კვლავ სპორტსმენად ეგრძნო. შობის წინ სავარჯიშო დარბაზში ველოსიპედის პედლებს გულმოდგინედ ატრიალებს. ფეხბურთელი თან კომედიას უყურებს და ბევრს იცინის. "ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის", - განუცხადა ბასკმა ბაიერნის ოფიციალურ ვებ-გვერდს.

"დღითიდღე თავს უკეთ და უკეთ ვგრძნობ. ნელ-ნელა დატვირთვებიც იზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველ დღე გულმოდგინედ ვვარჯიშობ, თუმცა მოთმინება უნდა ვიქონიო, რაც ყველაზე რთულია", - ამბობს ხავი მარტინესი.

რეკორდმაისტერის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში 26-წლის ნახევარმცველმა გაგვიმხილა, რომ შობას სამშობლოში ქალაქ აიეგიში შეხვდება მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად: "დაახლოებით თხუთმეტი კაცი ვიქნებით. დედაჩემი სადილს მოამზადებს, რომელიც დიდებული მზარეულია. ჩვეულებრივ სალათს ვამზადებთ ხოლმე ზღვის პროდუქტებისგან".

ხავი მარტინესის მდგომარეობაზე ლაზარეთში მყოფმა მიუნხენის ბაიერნის კაპიტანმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ესპანელს მოთმინება მართებს: "ვფიქრობ, ხავი თავს კარგად გრძნობს. მოუთმენლად ელის როდის დაბრუნდება მოედანზე. რეაბილიტაციის სწორ გზაზე დგას".
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..