მიუნხენის ბაიერნი უილიამ კარვალიოთი ინტერესდება
ცნობილი პორტუგალიური სპორტული გამოცემა Correio da Manhã-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნი სპორტინგის ჩამშლელი ნახევარმცველით უილიამ კარვალიოთი ინტერესდება და მიმინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პორტუგალიელის შეძენას ეცდება.
23-წლის ახალგაზრდა ნახევარმცველი ლისაბონის სპორტინგის აღზრდილია, რომელიც გასული წლების განმავლობაში განათხოვრებული იყო საფეხბურთო კლუბ ფატიმასა და ბელგიურ ბრიუგეში. უილიამ კარვალიოს მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 22 მილიონ ევროს შეადგენს.
წარმოშობით პორტუგალიელ ფეხბურთელს ლისაბონის სპორტინგთან მიმდინარე კონტრაქტი 2018 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. Correio da Manhã-ზე დაყრდნობით სპორტინგი 23-წლის ნახევარმცველის სატრანსფერო უფლებების სანაცვლოდ € 45 მილიონ ევროს ითხოვს.
სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ გასულ სეზონში სულ, ყველა ტურნირზე, უილიამ კარვალიომ 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი, 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 3.463 წუთი დაჰყო მოედანზე.
Correio da Manhã-ს ინფორმაციით 23-წლის პორტუგალიელი ფეხბურთელით ლონდონის არსენალი, ლივერპული, ლონდონის ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდებიან.