» » London Evening Standard: ბაიერნი ერიკ დაიერით ინტერესდება

London Evening Standard: ბაიერნი ერიკ დაიერით ინტერესდება

6-04-2016, 16:32
095
ცნობილი ბრიტანული გამოცემა London Evening Standard-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენური კლუბის მესვეურები ტოტენჰემის ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველით, ერიკ დაიერით, ინტერესდებიან, რომელსაც გერმანული გრანდის ხელმძღვანელობა ჩაბი ალონსოს შემცვლელად განიხილავს.

34-წლის ესპანელი ლეგიონერი მიუნხენის ბაიერნში 2014/15 წლების სეზონიდან ირიცხება. ჩაბი ალონსოს სანაცვლოდ რეკორდმაისტერმა მადრიდის რეალს €8 მილიონი ევრო გადაუხადა. საყრდენ ნახევარმცველს მოქმედი კონტრაქტი გერმანულ გრანდთან 2017 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა ბავარიელები მომავალზე ფიქრობენ და მისი შემცვლელის ძიება უკვე დაიწყეს.

London Evening Standard-ის ინფორმაციით რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობა ჩაბი ალონსოს შემცვლელად ტოტენჰემის ახალგაზრდა საყრდენ ნახევარმცველს, ერიკ დაიერს, განიხილავენ. წარმოშობით პორტუგალიელი ფეხბურთელი სპორტინგის აღზრდილია და ტოტენჰემში 2014 წლიდან ასპარეზობს.

transfermarkt-ის ინფორმაციით 22-წლის ახალგაზრდა საყრდენის მიმდინარე სატრანსფერო ფასი €15 მილიონ ევროს შეადგენს. ერიკ დაიერს მოქმედი კონტრაქტი ტოტენჰემთან 2020 წლამდე აქვს გაფორმებული. ახალგაზრდა ინგლისელი ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთი უცვლელი ფეხბურთელია და საკმაოდ პერსპექტიული.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში ერიკ დაიერმა ტოტენჰემის მაისურით სულ 45 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა, 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და ჯამში 3.834 წუთი დაჰყო მოედანზე. London Evening Standard-ის ინფორმაციით რეკორდმაისტერის სკაუტებმა ახალგაზრდა ფეხბურთელს ყურადღება ევროპის ლიგაზე დორტმუნდთან ჩატარებული მატჩის შემდეგ მიაქციეს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..