» » ბაიერნის 13 ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში გაემგზავრა

ბაიერნის 13 ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში გაემგზავრა

3-10-2016, 22:30
067
მოვიდა დრო როდესაც ფეხბურთის გულშემატკივრები მცირე ხნით საკლუბოდან სანაკრებო ფეხბურთზე უნდა გადაერთონ. მიუნხენის ბაიერნის ოფიციალური ვებ-გვერდი კი აქვეყნებს იმ ფეხბურთელთა სიას რომლებიც უახლოეს მომავალში ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავენ.

რუსეთში გასამართ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად მიუნხენის ბაიერნის 13 ფეხბურთელი 8 სხვადასხვა ნაკრების რიგებიდან იბრძოლებს.

გერმანიის ნაკრები: მანუელ ნოიერი, ჟერომ ბოატენგი, მატს ჰუმელსი, იოშუა კიმიხი და ტომას მიულერი.

-მსოფლიოს ჩემპიონები საკვალიფიკაციო ეტაპზე C ჯგუფში ასპარეზობენ სადაც აზერბაიჯანის, ჩეხეთის, ჩრდილო ირლანდიის, სან მარინოსა და ნორვეგიი ნაკრებებთან უწევთ პირველობისთვის ბრძოლა. საწყის ტურში ბუნდესნაკრებმა დამაჯერებლად დაამარცხა ნორვეგიის ნაკრები ანგარიშით 0:3. მომდევნო მატჩს რაც შეეხება გერმანელები მას ჰამბურგში ჩეხეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო 11 ოქტომბერს იოჰამ ლიოვის გუნდი ჩრდილო ირლანდიას ჰანოვერში უმასპინძლებს.

საფრანგეთის ნაკრები: კინგსლი კომანი

-ევრო 2016-ის ვიცე-ჩემპიონები რუსეთში მოსახვედრად A ჯგუფში ბულგარეთის, შვედეთის, ჰოლანდიის, ბელარუსიისა და ლუქსემბურგის ნაკრებების წინააღმდეგ იბრძოლებენ, პირველ ტურში ბელარუსიის ნაკრებთან სენსაციურად დაკარგული ქულების შემდეგ სპეციალისტები ფრანგებისგან ბევრს მოელიან. „მამლები“ მეორე ტურის მატჩს 7 ოქტომბერს ქვეყნის დედაქალაქში ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, 10 ოქტომბერს კი უკვე ამსტერდამში ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს გაეჯიბრება.

პორტუგალიის ნაკრები: რენატო სანჩესი

-ევროპის მოქმედი ჩემპიონები ყველაზე მასშტაბურ სანაკრებო მარათონზე მოსახვედრად B ჯგუფიდან იბრძოლებენ, პორტუგალიელების მიერ ჩატარებული პირველი ტურის მატჩი შვეიცარიაში წარუმატებელი გამოდგა თუმცა რეაბილიტაციისთვის მათ არცთუ ისე რთული მისია აკისრიათ, 7 ოქტომბერს მათ წინააღმდეგ ანდორას ეროვნული ნაკრები წარსდგება რომელთა დამარცხება წესით დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. მესამე ტურში კი რენატო სანჩესი და კომპანია ფარერის კუნძულებზე ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ.

ავსტრიის ნაკრები: დავიდ ალაბა

ჩვენთვის კარგად ნაცნობ D ჯგუფში დავიდ ალაბას ავსტრიას ნაკრებს მოწინავე პოზიცია უჭირავს, პირველ ტურში წარმატებული თბილისური მატჩის შემდეგ გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღო და ქულათა რაოდენობის გაზრდას 6 ოქტომბერს ვენაში უელსის ნაკრების წინააღმდეგ შეეცდება, 3 დღის შემდეგ კი სერბეთის დედაქალაქში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება.

პოლონეთის ნაკრები: რობერტ ლევანდოვსკი

პოლონეთის ნაკრების სტარტი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებელი გამოდგა, გუნდმა ყაზახეთში ორ ბურთიანი უპირატესობა გაანიავა და მნიშვნელოვანი ქულებიც დაკარგა. E ჯგუფის მეორე ტურში კი ლიდერების დაპირისპირება ვარშავის ეროვნულ სტადიონზე 8 ოქტომბერს გაიმართება სადაც პოლონელები დანიელებს უმასპინძლებენ. ხოლო 11 ოქტომბერს „თეთრ-წითლებს“ სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან მოუწევთ დაპირისპირება.

ესპანეთის ნაკრები: ტიაგო ალკანტარა და ხავი მარტინესი

მეორე ტურში ესპანეთის ნაკრებს არამარტო ჯგუფის არამედ სრულიად ტურის ცენტრალური მატჩის ჩატარება მოუწევთ, 6 ოქტომბერს ისინი ტურინში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და მნიშვნელოვანი ქულების მოსაპოვებლად დიდი შრომის გაწევაც მოუწევთ. მესამე ტურის მატჩს კი ესპანელები 9 ოქტომბერს ალბანეთში გამართავენ.

ჩილეს ნაკრები: არტურო ვიდალი

კოპა ამერიკის ტრიუმფატორებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად სატურნირო ცხრილში მინიმუმ 2 პოზიციით აღზევება მართებთ, 8 ჩატარებული მატჩის შემდეგ ჩილელები 11 ქულით მეშვიდე პოზიციაზე იმყოფებიან, მეცხრე ტურის მატჩს კი ისინი 7 ოქტომბერს მეხუთე ადგილოსან ეკვადორის ნაკრებთან გამართავენ, რასაც 12 ოქტომბერს არცთუ ისე კარგ ფორმაში მყოფ პერუს ნაკრებთან დაპირისპირება მოჰყვება.

აშშ-ს ნაკრები: ჯულიან გრინი

იურგენ კლინსმანმა ბავარიელთა ახალგაზრდა შემტევი აშშ-ს ეროვნული ნაკრების 23 კაციან განაცხადში პირველად გამოიძახა, შესაბამისად ჯულიანის დებიუტი ეროვნულ გუნდში 8 ოქტომბერს ამხანაგურ მატჩში კუბას წინააღმდეგ შედგება, მომდევნო მატჩს კი აშშ 12 ოქტომბერს ვაშინგტონში ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავს.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..