» » მომავალი მეტოქე: ფრანკფურტის აინტრახტი

მომავალი მეტოქე: ფრანკფურტის აინტრახტი

9-03-2017, 23:51 LEV4NI ანონსი 0

მომავალი მეტოქე: ფრანკფურტის აინტრახტი
ლონდონური ტრიუმფის შემდეგ რეკორდმაისტერი მომდევნო მატჩს უკვე გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით ფრანკფურტის აინტრახტის წინააღმდეგ გამართავს, ალიანს არენზე 11 მარტს გასამართი დაპირისპირება კი სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც უკვე ავღნიშნეთ ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ლონდონელთა დამარცხება საპასუხო მატჩშიც მოახერხა და სრულიად დამსახურებულად მოიპოვა 1/4 ფინალური ეტაპის საგზური, მანამდე კი ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ მატჩში საკმაოდ ძლიერ კიოლნს მისსავე მოედანზე სამ ბურთიანი უპირატესობით აჯობა.

ამ ყველაფრის შემდეგ სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვისაუბროთ ბავარიული კლუბის არჩვეულებრივ ფორმაზე რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ფრანკფურტელთა შესახებ.

ნიკო კოვაჩის გუნდმა გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან ზედიზედ 4 წააგო, გამარჯვება კი მხოლოდ 1 მათგანში მოიპოვა და ისიც მიმდინარე წლის 5 თებერვალს ბოლო ადგილოსანი დარმშდადტის წინააღმდეგ.

ამ ყველაფრის შემდეგ კი ფრანკფურტელთა მდგომარეობა სატურნირო ცხრილში საგრძნობლად გაუარესდა, თუ რამდენიმე კვირის წინ ყველას ეგონა რომ კოვაჩის გუნდი ევროსაგზურს აუცილებლად მოიპოვებდა ახლა სიტუაცია შეიცვალა და მეექვსე ადგილისთვის ბრძოლაში ერთბაშად სამი გუნდი კიოლნი, ფრაიბურგი და მენხენგლადბახის ბორუსია ჩაება.

კარგი კი ის გახლავთ რომ აინტრახტმა მოახერხა პოკალის თასის 1/4 ფინალურ ეტაპზე ბილეფელდის არმენიას მინიმალური სხვაობით დამარცხება და ნახევარფინალური საგზურის მოპოვება. მალევე ცნობილი გახდა რომ ზემოთ აღნიშნულ სტადიაზე კოვაჩის გუნდის მეტოქე დიტერ ჰეკინგის გლადბახი იქნება.

ახლა რაც შეეხება ბაიერნს, რეკორდმაისტერი კვლავ განაგრძობს წარმატებულ სვლას რაზეც ბოლო 4 მატჩში გატანილი გოლების რაოდენობაც მეტყველებს, კარლო ანჩელოტის გუნდმა უკანასკნელი 360 წუთის განმავლობაში არც მეტი არც ნაკლები 19 გოლი გაიტანა, საპასუხოდ კი მხოლოდ 1 მიიღო.

ასევე საინტერესო გახლავთ ის ფაქტიც რომ მიმდინარე სეზონში ალიანს არენზე ბაიერნი დაუმარცხებელია, დიახ ბავარიულ გრანდს საკუთარ სტადიონზე 2016/17 წლების სეზონში არც ერთი დაპირისპირება არ წაუგია.

ბაიერნსა და ფრანკფურტს შორის გამართულ უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან სამი მიუნხენელებმა მოიგეს ორი კი ფრედ დასრულდა. გამარჯვება კი რომელიც კომერცბანკ-არენის ბინადრებმა ბავარიელთა წინააღმდეგ იზეიმეს უკვე 7 წელიწადს ითვლის. 2010 წლის 20 მარტს გამართული დაპირისპირება აინტრახტმა მატჩის უკანასკნელ წუთებზე გატანილი გოლების დახმარებით მოიგეს ანგარიშით 2:1.

წინასწარი მონაცემებით შაბათს გასამართ მატჩში ნიკო კოვაჩს დანაკლისის სახით ერთბაშად 5 მოთამაშე ფაბიანი, მედოიევიჩი, ოცზიპკა, სეფეროვიჩი და ვალეხო ეყოლება. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კლუბის ეკვადორელი ლეგიონერის ანდერსონ ორდონეზის თამაშიც.

მიუნხენელთა ბანაკში კი ამ მხრივაც განსხვავებული სიტუაციაა, მას შემდეგ რაც ლაზარეთი ჟერომ ბოატენგმა დატოვა მივიღეთ სურათი რომლის მიხედვითაც კლუბის დახმარება უკლებლივ ყველა მოთამაშეს შეუძლია.

შეგახსენებთ რომ დაპირისპირება ალიანს არენაზე 11 მარტს თბილისის დროით 18:30 საათზე აიღებს სტარტს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.