» » მიმოხილვა: ბაიერნი 6 - 0 აუგსბურგი

მიმოხილვა: ბაიერნი 6 - 0 აუგსბურგი

1-აპრ-2017, 20:00
0404
დღეს ბუნდესლიგის რიგით 26-ე ტურის ეგიდით მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ სტადიონზე აუგსბურგს უმასპინძლა და ექვს ბურთიანი უპირატესობით დაამარცხა მეტოქე.

კარლო ანჩელოტის ბიჭებმა მატჩში სადავეები საწყისი წუთებიდანვე იგდეს ხელთ და აქტიურად გაიწიეს მოწინააღმდეგე გუნდის კარისკენ. რამდენიმე რეალური შესაძლებლობის შემდეგ კი მიუნხენელებმა ანგარიშის გახსნა 17-ე წუთზე შეძლეს როდესაც ტიაგო ალკანტარას დიდებულ გადაცემას რობერტ ლევანდოვსკი შედეგიანად გამოეხმაურა, 1:0.

გატანილი გოლის შემდეგ ბაიერნი რათქმაქუნდა არ გაჩერებულა და ძველებურ ტემპში განაგრძო თამაში თუმცა უნდა აღინიშნოს ეპიზოდები როდესაც მთავარ არბიტრს თავისუფლად შეეძლო მარვინ ჰიტცის მიმართულებით რამდენიმე 11 მეტრიანი დარტყმის დანიშვნა. მიუხედავად ამისა ალიანს არენის ბინადრებმა გოლის გატანა მაინც შეძლეს, პირველი ნახევრის დასრულებამდე 9 წუთით ადრე რობერტ ლევანდოვსკის გამჭოლ გადაცემას ფეხი ტომას მიულერმა დაუხვედრა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

სწორედ 2:0 გახლდათ ის ანგარიში რომლითაც გუნდები შესვენებაზე გავიდნენ თუმცა პირველ ტაიმში შექმნილი სურათის გათვალისწინებით რთული მისახვედრი არ იყო ის რომ ადრე თუ გვიან ანგარიში შეიცვლებოდა.

აღნიშნული მოლოდინი კი გამართლდა, მეორე ტაიმის დაწყებიდან სულ 10 წუთი იყო გასული როდესაც ბაიერნის პოლონელმა ვარსკვლავმა ლეგენდარული ფრანგი ვინგერის მშვენიერი გადაცემა გამოიყენა და აუგსბურგელთა კარი მესამედ აიღო.

გოლიდან ზუსტად 7 წუთში პოლონელი უკვე საგოლე პასის ავტორად მოგვევლინა, ლევანდოვსკის მიერ ქუსლით გაკეთებულ გადაცემას ტიაგო ალკანტარა დაუხვდა და სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდა.

ესპანელი ნახევარმცველის გოლის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ რამდენიმე ცვლილებაც განახორციელა, 62-ე წუთზე მოედანი კინგსლი კომანმა დატოვა რომელიც დღეს ძალიან აქტიური გახლდათ, მისი ადგილი კი ჰოლანდიელმა არიენ რობენმა დაიკავა.

არიენთან ერთად მოედანზე ძალიან მალე გამოვიდა რენატო სანჩესიც რომელმაც ტიაგო ალკანტარა შეცვალა, აღნიშნული ცვლილებიდან ზუსტად 7 წუთში კი კარლომ მოედნიდან ბავარიელთა უკანახაზელი მატს ჰუმელსიც გაიყვანა, მის ნაცვლად კი თამაშში რაფინია ჩაერთო.

დავუბრუნდეთ თამაშის მიმდინარეობას რომელშიც მიუნხენელები არაფერს თმობდნენ მიუხედავად უდიდესი უპირატესობისა, გოლის გატანის მცდელობებს კი ბოლო არ უჩანდა...

ანგარიშის შემდგომი ცვლილება 79-ე წუთზე დაფიქსირდა როდესაც ჟერომ ბოატენგის ჩაწოდებულ ბურთს მიმართულება ტომა მიულერმა შეუცვალა თუმცა დარტყმული მეკარემ ნახტომში მოიგერია, ასხლეტილი ბურთი კი პირდაპირ ლევანდოვსკის მიუვიდა რომელმაც ახლო მანძილიდან კიდევ ერთხელ დალაშქრა მეტოქე გუნდის კარი, 5:0.

საბოლოო ანგარიში კი ერთი წუთის შემდეგ დაფიქსირა, როდესაც საკუთარ აქტივში მორიგი გოლი ტომას მიულერმა ჩაიწერა... გერმანელმა შემტევმა ბურთის დამუშავება საკმაოდ რთულ ვითარებაში შეძლო და მეკარეს მარცხენა კუთხეში გაუტანა რიგით მეექვსე გოლი.

საბოლოოდ დღეს ბაიერნმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა თუმცა საკუთარი მატჩი მოიგო მეორე ადგილოსანმა ლაიპციგმაც რომელმაც ერთ-ერთ აუტსაიდერ დარმშდადტს ანგარიშით 4:0 მოუგო. ტურის ერთ-ერთი გამორჩეული დერბი კი შალკესა და დორტმუნდს შორის ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..