» » ბოატენგი: "ბაიერნი" ბრწყინვალე ფორმაშია

ბოატენგი: "ბაიერნი" ბრწყინვალე ფორმაშია

2-04-2017, 11:39
093
მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი, გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და "რეკორდმაისტერის" ცენტრალური მცველის, ჟერომ ბოატენგის ინტერვიუს აქვეყნებს. ჟურნალისტთან საუბრისას, 28 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მიუნხენური კლუბი შესანიშნავ ფორმაშია და გუნდში არაჩვეულებრივი საფეხბურთო ატმოსფერო იგრძნობა.

"რაც შეეხება აუგსბურგთან დაპირისპირებას, ჩვენ მართლაც შესანიშნავად ვითამაშეთ. გადაცემებს იდეალურად ვასრულებდით და პირველი გოლის გატანაც მალევე შევძელით. მოხარული ვარ, რომ 90 წუთი მომიწია მინდორზე ყოფნა. გუნდში არაჩვეულებრივი განწყობაა. ფეხბურთელები სათანადო ფორმაში არიან. მოდუნება არ შეიძლება, წარმატების მისაღწევად თითოეული მოთამაშე ვალდებულია, საკუთარი მაქსიმუმი გაიღოს", - ციტირებს ჟერომ ბოატენგის სიტყვებს, "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, მიუნხენური კლუბის ანგარიშზე ბუნდესლიგაში გამართული 26 შეხვედრიდან, 20 მოგება 5 ფრე და 1 წაგებაა. მოპოვებული 65 ქულით, გერმანული გრანდი, ქვეყნის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია და თავის უახლოეს მდევარს "ლაიპციგს" 13 ქულიანი სხვაობით უსწრებს. 1 აპრილს, ბუნდესლიგის ეგიდით გამართულ 26-ე ტურში, "ბავარია" საკუთარ კედლებში "აუგსბურგს" დაუპირისპირდა და 6 უპასუხო გოლი გაუტანა.

შემდეგ მატჩს "რეკორდმაისტერი" 4 აპრილს, სტუმრად საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმთან" გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..