» » Kicker: ნაგელსმანის რჩევა სანდრო ვაგნერს

Kicker: ნაგელსმანის რჩევა სანდრო ვაგნერს

21-04-2017, 11:04 -ss- სიახლეები 0

Kicker: ნაგელსმანის რჩევა სანდრო ვაგნერს
საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმის" მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა, ინტერნეტ-გამოცემა Kicker-თან მიცემულ ინტერვიუში, კლუბის 29 წლის გერმანელ შემტევს სანდრო ვაგნერს, რჩევა მისცა. ახალგაზრდა სპეციალისტის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ ვაგნერი მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლის შემთხვევაში, ძირითად თერთმეტეულში ადგილს ვერ დაიმკვიდრებს და სწორედ ამიტომ, ხსენებულ ფეხბურთელს დაფიქრებას ურჩევს.

"მესმის რომ ეს ჩემი საქმე არ არის. რთულია არ იფიქრო კლუბის გამოცვლაზე, როდესაც საქმე მიუნხენის "ბაიერნს" ეხება. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელმა უნდა მიიღოს, თუმცა მის ადგილზე მე თავს შევიკავებდი და არ დავთანხმდებოდი "ბავარიელთა" წინადადებას. არ ვფიქრობ რომ მიუნხენურ კლუბში, ვაგნერი თავს ბედნიერად იგრძნობს, რადგანაც მას სათადარიგო სკამზე, კარლო ანჩელოტის გვერდით მოუწევს ჯდომა"-ციტირებს იულიან ნაგელსმანის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Kicker-ი.

შეგახსენებთ, ზემოაღნიშნულ ინტერვიუს, წინ უსწრებდა გერმანულ პრესაში გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ "რეკორდმაისტერი" დაინტერესებულია, სანდრო ვაგნერის ტრანსფერის განხორციელებით.

მიმდინარე სეზონში, 29 წლის გერმანელმა, საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმის" მაისურით, ყველა ტურნირზე 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 12 გოლი და განახორციელა 3 შედეგიანი გადაცემა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის გაფორმებული კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული. transfermarkt-ის ინფორმაციით, სანდრო ვაგნერის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 5,5 მილიონ ევროს შეადგენს.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.