» » კომენტარები : ბერლინის "ჰერტა" 2 - 3 მიუნხენის "ბაიერნი"

კომენტარები : ბერლინის "ჰერტა" 2 - 3 მიუნხენის "ბაიერნი"

7-02-2019, 13:45 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0

კომენტარები : ბერლინის
"ეს რთული მატჩი იყო"-ასე შეაფასა განვლილი ორთაბრძოლა, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა. გერმანიის თასის 1/8 ფინალში ბერლინის "ჰერტასა" და მიუნხენის "ბაიერნის" პაექრობა 120 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. საბოლოო ჯამში "რეკორდმაისტერმა" ამ შეხვედრაში ანგარიშით 2-3 იმარჯვა და შემდგომ ეტაპზე გასვლა მოახერხა. "ჩვენ დამსახურებულ გამარჯვებას მივაღწიეთ"-აღნიშნავდა მატჩის დასრულების შემდეგ ნიკლას ზიულე.


ნიკო კოვაჩი -"ეს რთული შეხვედრა იყო. არავის უხარია 120 წუთის განმავლობაში თამაში, თუმცა თუ საბოლოოდ იმარჯვებ, ეს რა თქმა უნდა, სასიამოვნო ფაქტია. "ჰერტა" თითქმის მთელი გუნდით იცავდა თავს. გოლის გატანა მარტივი არ ყოფილა. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. "ინგლისური კვირის" მარცხით დაწყება კარგი ნამდვილად არ იქნებოდა. დაველოდოთ კენჭისყრის შედეგებს."

სერჟ გნაბრი -"უზომოდ ბედნიერი ვარ. სათასო ორთაბრძოლები მარტივი არასდროს არ არის. "ჰერტა" უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდა. ვამაყობთ იმით, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შევძელით. ჩვენ ერთბურთიანი სხვაობით ვიგებდით, მატჩის ბედის გადაწყვეტას კი ვერ ვახერხებდით. ამის შემდეგ მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა მსვლელობას კვლავ ჩვენ ვაკონტროლებდით და საკუთარი უკანასკნელი ძალები გავიღეთ. მარტივი გოლი მივიღეთ, მაგრამ ეს ნებისმიერ გუნდს შეიძლება დაემართოს."

ნიკლას ზიულე -"გოლი მალე მივიღეთ, თუმცა ჩვენმა პასუხმაც არ დააყოვნა. დღეს ჩვენ კარგი გუნდური თამაში ვაჩვენეთ და მოწინააღმდეგე გუნდს შესაძლებლობები მოვუსპეთ. ბერლინში თამაში მარტივი არ არის. ისინი ძალზედ კომპაქტურად იყვნენ განლაგებულნი, ახორციელებდნენ გრძელ გადაცემებს. ჩვენ ბევრი სირბილი მოგვიხდა. გუნდის გამძლეობამ თავისი შედეგი გამოიღო. საკუთარი კარებიდან ბურთს მუდამ მშვიდად ვათამაშებდით. რთულ გამარჯვებას მივაღწიეთ, თუმცა იგი სავსებით დამსახურებულია."

პალ დარდაი ("ჰერტას" მთავარი მწვრთნელი) -"ვფიქრობ კარგი თამაში ვაჩვენეთ. იმ მომენტამდე, როდესაც "ბავარიის" წნეხისგან თავის დახწევას ვერ ვახერხებდით. ჩემმა გუნდმა მოახერხა და საკმაო დროის მანძილზე გაანეიტრალა გნაბრი და კინგსლი კომანი. როდესაც მოედანზე რიბერი გამოჩნდა, ჩვენ ეს უკვე ვეღარ შევძელით. მესამე გაშვებულ გოლზე ცუდად ვიცავდით თავს. "ბავარია" დღეს კარგად ასპარეზობდა. ტაქტიკური თვალსაზრისით ჩვენ მაქსიმალური შესაძლებლობები გავიღეთ, დამატებით გუნდის გაძლიერება უბრალოდ აღარ შემეძლო. მოცემულ მომენტში ჩვენ არ ვართ იმ დონეზე, რომ "ბაიერნი" დავამარცხოთ."

დევი ზელკე ("ჰერტას" თავდამსხმელი) -"რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და გავუტანე "ბავარიას" რომელიც ასე დომინირებდა. ვწუხვარ, რომ საბოლოო ჯამში ეს გოლი არასაკმარისი აღმოჩნდა. ჩვენ უნდა გამოგვეყენებინა ის მომენტები, რომელსაც დაცვიდან შეტევაში მყისიერად გადასვლის დროს ვქმნიდით. "ბაიერნის" დამარცხებისთვის იდეალური დღეა საჭირო."
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.