» » კომენტარები: "უნიონი" 0 - 2 "ბაიერნი"

კომენტარები: "უნიონი" 0 - 2 "ბაიერნი"

18-მაი-2020, 08:43
0161
კვირას 17 მაისს გერმანიის ჩემპიონატის 26-ე ტურის ეგიდით მიუნხენის "ბაიერნმა" მორიგი ორთაბრძოლა გამართა. "რეკორდმაისტერი" ამჟამად "უნიონს" ეწვია და დამაჯერებელი ანგარიშით 0-2 გაიმარჯვა. წარმოგიდგენთ შეხვედრის დასრულების შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.




ჰანსი ფლიკი - "ეს იყო დამსახურებული, ძნელად მისაღწევი გამარჯვება. გვქონდა გარკვეული სირთულეებიც, თუმცა მსურს კომპლიმენტები ვუთხრა გუნდს იმ თამაშისთვის რასაც სრული 90 წუთის მანძილზე დემონსტრირებდნენ. ვფიქრობ ყველამ კარგად გაითავისა ჩემი ნათქვამი: "ბიჭებო, აუცილებელია კარი მშრალად შევინახოთ!" - სწორედ ამიტომ კმაყოფილი ვარ."

მანუელ ნოიერი -"მოხარული ვარ, რომ მთელი მატჩის მანძილზე დომინირება შევძელით და ახლა სახლში სამი ქულით ვბრუნდებით. წმინდა სათამაშო თვალსაზრისით, ჩვენ უკეთაც შეგვეძლო ასპარეზობა. დამსახურებული გამარჯვებაა. როგორც წესი ამ არენაზე სულ სხვა განწყობა სუფევს, თუმცა ჩვენზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ეს ეხება მოტივაციას და შესაბამის განწყობას. ბოლო დროს ჩვენ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, გვსურს წარმოვაჩინოთ ჩვენი კლასი. ამჟამად ახალი მოცემულობის წინაშე ვდგავართ, რომლის დაძლევაც გვმართებს. ერთი ორთაბრძოლა ცხრიდან დასრულებულია. წინ კი მრავალი რამ შეიძლება მოხდეს, ასე რომ ჯერ ნაადრევია რამეზე საუბარი."

თომას მიულერი -"აქ ჩამოვედით ერთადერთი მიზნით, მოგვეპოვებინა სამი ქულა და ეს მოვახერხეთ. პირველი 25 წუთის მანძილზე კარგად გამოჩნდა, რომ სამუშაო ჯერ კიდევ გვაქვს. ზედმეტად ხშირად ვეძებდით გამოსავალს გრძელ გადაცემებში. ამის შემდეგ უკეთ თამაში დავიწყეთ. პირველი გატანილი გოლის მერე კი უსაფრთხოებაზე გავამახვილეთ ყურადღება. ტაიმის მიწურულს წნეხი გავზარდეთ. ნორმალურად ვითამაშეთ, თუმცა ცალსახაა უკეთაც შეგვიძლია ასპარეზობა. ზუსტად ისეთივე განწყობა იყო, როგორც პირველი ტურის წინ აგვისტოს თვეში. მეტოქემ, ისევე როგორც ჩვენ კარგად გავართვით თავი არსებულ მოცემულობას. როდესაც ბურთი თამაშში შედის, ყველანი მხოლოდ მასზე ვკონცენტრირდებით. რა თქმა უნდა, ქომაგს შეუძლია დამატებითი მუხტის მოცემა, მაგრამ ახლა უნდა დავივიწყოთ, რომ მათ გარეშე გვიწევს ასპარეზობა. მდევართახ სხვაობა 4 ქულით გავზარდეთ და კიდევ უფრო ახლოს ვართ დიად მიზანთან."
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..