» » ბავარიელები DFB თასის ფინალში არიან

ბავარიელები DFB თასის ფინალში არიან

11-ივნ-2020, 11:31
0255
მიუნხენის „ბაიერნმა“ სამაოდ დაძაბულ დაპირისპირებაში ფრანკფურტის „აინტრახტს“ სძლია და გერმანიის თასის ფინალში გავიდა.

მატჩის პირველი ნახევარი ბავარიელთა სრული დომინირებით წარიმართა, ჰანსი ფლიკის გუნდს ჰქონდა უამრავი მომენტი, რომელთაგან მხოლოდ ერთის გამოყენება შეძლო და რეკორდმაისტერი შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდა, ერთადერთი გოლი მიუნხენელთა ხორვატმა ლეგიონერმა, ივან პერიშიჩმა შეაგდო.

მეორე ტაიმში სურათი შეიცვალა, მართალია ტერიტორიული უპირატესობა კვლავაც ალიანს არენას ბინადრების მხარეს იყო, თუმცა ფრანკფურელებმა ბრჭყალები გამოაჩინეს, რაც საბოლოოდ წონასწორობის აღდგენით დასრულდა - მატჩის 69-ე წუთზე კამადას აქტიურობის შედეგად საჯარიმოში შექმნილი არეულობით და კოშტამ ისარგებლა, რომელმაც მანუელ ნოიერის კარი ჭკვიანური დარტყმით აიღო - 1:1.

მიუხედავად ამისა, ბავარიელები საქმეში მალევე დაბრუნდნენ, სტუმართა მიერ გატანილი გოლიდან ზუსტად ხუთ წუთში კიმიხის საგოლე გადაცემით, გუნდის პოლონელმა სუპერფორვარდმა ისარგებლა და ბაიერნი კვლავ წინ გაიყვანა.

საინტერესო გახლავთ, რომ რობერტის გოლის მომენტში ლაინსმენმა აბსურდული თამაშგარე დააფიქსირა, ბურთი კი მხოლოდ ვიდეორეფერის საქმეში ჩართვის შემდეგ ჩაითვალა.

დარჩენილ დროში ყურადღება შეგვიძლია გავამახვილოთ „აინტრახტის“ ფეხურთელების უხეშობაზე, ჯერ იყო და სტუმრებმა ბავარიელთა ნახევარმცველს, იოშუა კიმიხს გაუტეხეს თავი, შემდეგ აბრაჰამმა უხეშად ჩაარტყა ლევანდოვსკის, ბოლოს კი ჰინტერეგერის აბსოლუტურად უადგილო ქმედების შემდეგ ტიაგო ალკანტარა გადაურჩა სერიოზულ დაზიანებას.

მაშ ასე, მიუნხენის ბაიერნი გერმანიის თასის ფინალშია, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე კი ჰანსი ფლიკის გუნდი ურთიერთობას ლევერკუზენის „ბაიერთან“ გაარკვევს.

ბაიერნი აინტრახტი პოკალი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..