» » რაფინიამ შახტარის ფეხბურთელებს გულისამრევი ბანდა უწოდა

რაფინიამ შახტარის ფეხბურთელებს გულისამრევი ბანდა უწოდა

17-03-2015, 14:35
073
მიუნხენის ბაიერნის განაპირა მცველმა, რაფინიამ, დონეცკის შახტარის ბრაზილიელი ფეხბურთელები გააკრიტიკა, მათი დამოკიდებულებისა და პროვოკაციების გამო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში მოაწყვეს, რის გამოც გულისამრევი ბანდა უწოდა.

რეკორდმაისტერის განაპირა მცველის სიტყვები გუშინ გავრცელდა ინტერნეტში. აუდიოფაილში კარგად ისმის ის, თუ როგორ უწოდებს უკრაინული კლუბის ოთხეულს: ფრედს, ტაისონს, დუგლას კოშტასა და ლუის ადრიანოს გულისამრევ ბანდას.

"ისინი ამბობენ, რომ ბაიერნი საშუალო დონის გუნდია. თითქოს მათ გამარჯვების შანსი ქონოდათ. კარგი, შანსი შესაძლოა იყო, თუმცა ბაიერნის საშუალო დონის გუნდად მოხსენიება? რა გულისამრევი ბანდაა! რას ფიქრობენ, როდესაც ასეთ სიტყვებს იძახიან?". - რაფინიას სიტყვებს ციტირებს GloboEsporte-ი.

აღნიშნული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ მალევე რაფინიამ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. "ჩვენ გვაქვს ჯგუფი Whats App-ში და მეგობრებთან ერთად უბრალოდ ვხუმრობდით. ადამიანმა, რომელიც ვერ ერკვევა ჩვენს ხუმრობებში, აიღო ჩანაწერი და გაავრცელა. დიდი ხანია დუგლას ვიცნობ და მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს", - ამბობს რაფინია.

შექმნილ სიტუაციაზე, თავის მხრივ, დუგლას კოშტამაც გააკეთა კომენტარი: "რაფინიამ პირადად ამიხსნა ყველაფერი და მითხრა, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო, თუმცა მე ისევე, როგორც ჩემი თანაგუნდელები ცოტა გავბრაზდით. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მალე გაირკვევა".

ტაისონმა ბრაზილიურ პრესასთან ინტერვიუში რაფინიას სიტყვებზე კომენტარი გააკეთა: "რაფინია მე არ დამკავშირებია. ის რაც მან გააკეთა, ამის აუცილებლობა არ იყო. ბაიერნი საშუალო დონის გუნდად არ მოგვიხსენებია. რაფინია ცრუობს და მისი მხრიდან ძალიან ცუდი საქციელია. თუ რაფინია ბოდიშს მომიხდის, ამგვარ ბოდიშს ვერ მივიღებ".
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..