» » GOAL: არტურო ვიდალი ბაიერნის დატოვებას არ აპირებს

GOAL: არტურო ვიდალი ბაიერნის დატოვებას არ აპირებს

7-აპრ-2016, 20:04
0397
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთმა ბრიტანულმა სპორტულმა გამოცემამ არტურო ვიდალის სახელს ლონდონის ჩელსი დაუკავშირა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჩილელი ნახევარმცველით თავად არისტოკრატების მომავალი მწვრთნელი ანტონიო კონტეა დაინტერესებული, თუმცა ვიდალი ბაიერნის დატოვებას არ აპირებს.

ანტონიო კონტესა და არტურო ვიდალის გზები ტურინის იუვენტუსში გადაიკვეთა. მას შემდეგ რაც ოფიციალურად დაანონსდა იტალიელი სპეციალისტი, როგორც ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელი უმალვე გავრცელდა ინფორმაციაც არტურო ვიდალის არისტოკრატების რიგებში გადასვლის შესახებ.

"მიუნხენის ბაიერნში თავს ბედნიერად ვგრძნობ. მოქმედი კონტრაქტის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ახლა საკუთარ თავსა და ჩემს ოჯახზე უნდა ვიფიქრო", - არტურო ვიდალის სიტყვებს ციტირებს GOAL-ი.

transfermarkt-ის ინფორმაციით 28 წლის ჩილელი საყრდენი ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი €37 მილიონ ევროს შეადგენს. არტურო ვიდალს მოქმედი კონტრაქტი მიუნხენის ბაიერნთან 2019 წლამდე აქვს გაფორმებული. მიუნხენური კლუბის მესვეურებმა ჩილელი ნახევარმცველის სანაცვლოდ ბებერ სენიორას ჯამში €42 მილიონი ევრო გადაუხადეს.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში არტურო ვიდალმა ბაიერნის მაისურით სულ 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა, 8 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და ჯამში 2.506 წუთი დაჰყო მოედანზე.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..