» » Abendzeitung: ბაიერნი ფელიქს გიოტცეს პროფესიონალურ კონტრაქტს შესთავაზებს

Abendzeitung: ბაიერნი ფელიქს გიოტცეს პროფესიონალურ კონტრაქტს შესთავაზებს

26-07-2016, 01:30 LawLeSS ბაიერნი II 0

Abendzeitung: ბაიერნი ფელიქს გიოტცეს პროფესიონალურ კონტრაქტს შესთავაზებს
ცნობილი გერმანული სპორტული ინტერნეტ-პორტალის Abendzeitung-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნის კლუბის მესვეურები მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ფელიქს გიოტცეს პროფესიონალურ კონტრაქტს შესთავაზებენ.

შეგახსენებთ, რომ ფელიქს გიოტცე აწ უკვე დორტმუნდის ბორუსიაში მოასპარეზე მარიო გიოტცეს უმცროსი ძმაა. 18-წლის მცველი მიუნხენური კლუბის რიგებში 2014 წლიდან ირიცხება. ფელიქს გიოტცე დორტმუნდის ბორუსიის აღზრდილია და 16 წლის ასაკში დორტმუნდელთა ამავე ასაკობრივი გუნდის უცვლელი წევრიც გახლდათ.

ფელიქს გიოტცე ამჟამად მიუნხენის ბაიერნის 19 წლამდელთა გუნდის ღირსებას იცავს. გუნდში კარლო ანჩელოტის მოსვლის შემდეგ 18-წლის გერმანელი ვარჯიშებზე პერმანენტულად გამოჩნდა. ეს შეიძლება იმასაც დავაბრალოთ, რომ შვებულებაში მყოფი ფეხბურთელების რიცხვი საკმაოდ დიდია და ახალგაზრდა ფეხბურთელებით შევსება გადაწყვიტა, თუმცა თუ Abendzeitung-ს დავუჯერებთ, როგორც ჩანს იტალიელი სპეციალისტი ფელიქს გიოტცეს მიმართ მთლად გულგრილი არ დარჩა.

საინტერესო იყო ის ფაქტიც, რომ ფელიქსი რეკორდმაისტერს მარიო გიოტცეს ტრანსფერის შემდეგ შემოუერთდა და ალბათ ბევრი ივარაუდებდა, რომ ისევ უფროს ძმას გაჰყვებოდა, თუმცა როგორც ირკვევა ბავარიელებს ფელიქს გიოტცეზე სამომავლო გეგმები აქვთ.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ გასულ სეზონში ფელიქს გიოტცემ მიუნხენის ბაიერნის მაისურით A და B ახალგაზრდულ ბუნდესლიგაში ჯამში 37 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა, 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და მოედანზე 2273 წუთი დაჰყო.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.