» » დღე ისტორიიდან: 1996 წლის 15 მაისი

დღე ისტორიიდან: 1996 წლის 15 მაისი

6-10-2016, 19:59
0120
1996 წლის 15 მაისი არის თარიღი როდესაც მიუნხენის ბაიერნმა საფრანგეთში ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში მეორედ დაამარცხა ბორდო და ისტორიაში პირველად დაეუფლა უეფას თასის (ევროპის ლიგის) ტიტულს.

ბავარიულმა გრანდმა აღნიშნულ ტურნირზე სტარტი 1995 წლის 12 სექტემბერს მოსკოვის ლოკომოტივთან საშინაო მატჩით აიღო რომელშიც მოულოდნელად მინიმალური ანგარიშით დამარცხდა თუმცა ორი კვირის შემდეგ ჩატარებულ მოსკოვურ მატჩში ყველა კითხვას დამაჯერებელი პასუხი გაეცა და „ბავარიამ“ მეტოქე ანგარიშით 0:5 გაანადგურა.

შესაბამისად მიუნხენის ბაიერნმა მომდევნო ეტაპის საგზური დამსახურებულად მოიპოვა, მათი შემდგომი მეტოქე კი შოტლანდიური რეით როვერსი აღმოჩნდა რომელმაც წინა ეტაპი დიდი ძალისხმევის შედეგად გაიარა.

1995 წლის 17 ოქტომბერს შოტლანდიაში გამართული დაპირისპირება მიუნხენის ბაიერნმა იურგენ კლინსმანის დუბლით მოიგო. უნდა ითქვას რომ რეკორდმაისტერს არც ორი კვირის შემდეგ გამართულ მატჩში გასჭირვებია მეტოქის დამარცხება და მინიმალური ანგარიშის მიუხედავად „წითლებმა“ შოტლანდიელები აუღელვებლად გამოთიშეს ასპარეზობას.

ბავარიული კლუბი საუკეთესო 16 გუნდში საკმაოდ მარტივად მოხვდა, აღნიშნულ ეტაპზე კი მიუნხენელებს ლისაბონის ბენფიკას წინააღმდეგ მოუხდათ დაპირისპირება. ბევრის აზრით მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო უნდა ყოფილიყო თუმცა ხსენებული ინტრიგა გერმანიაშივე მოკვდა, იურგენ კლინსმანმა პოკერი შეუსრულა ლისაბონელებს საპასუხოდ კი ბაიერნმა მხოლოდ ერთი ბურთი მიიღო საკუთარ კარში და მატჩის ანგარიშით 4:1 დასრულდა.

5 დეკემბერს პორტუგალიის დედაქალაქში გამართული დაპირისპირება ფორმალობას უფრო ჰგავდა ვიდრე ბრძოლას, მართალია ამ მატჩში დაწინაურება 14-ე წუთზე სწორედ მასპინძლებმა შეძლეს თუმცა ვალდოს გოლის შემდეგ მხოლოდ ბავარიელებს გაჰქონდათ, კლინსმანისა (2) და ჰერცოგის გოლებით ბაიერნმა გასვლითი მატჩიც დამაჯერებლად მოიგო.

მეოთხედ ფინალური დაპირისპირება ბაიერნმა ნოთინგემ ფორესტი წინააღმდეგ გამართა და ინგლისური კლუბი ორი მატჩის ჯამში 7:2 დაამარცხა. შესანიშნავ ფორმაში მყოფმა იურგენ კლინსმანმა ორი მატჩის ჯამში 3-ჯერ აიღო ბრიტანელთა კარი და ბომბარდირთა დავაში ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა.

ნახევარფინალური ეტაპი კი ყველაზე რთული აღმოჩნდა ბავარიელთათვის, მათი მეტოქე დიდებულ
ფორმაში მყოფი კატალონიის ბარსელონა აღმოჩნდა რომლის დამარცხება ყველასათვის დიდი თავსატეხი იყო.

პირველი მატჩი 1996 წლის 2 აპრილს ოლიმპიაშტადიონზე 63 000 გულშემატკივრის წინაშე გაიმართა რომელიც ფრედ 2-2 დასრულდა. ამ ანგარიშის გათვალისწინებით სპეციალისტთა უმეტესობამ აღნიშნულ წყვილში უპირატესობა ბარსელონას მიანიჭა თუმცა ორი კვირის შემდეგ გერმანელებმა კატალონიის დედაქალაქში მშვენიერი ფეხბურთი აჩვენეს და მატჩი ანგარიშით 1:2 მოიგეს, უფრო მეტიც მასპინძლები ორბურთიანი უპირატესობით მარცხს 89-ე წუთზე გადაურჩნენ.

მოვიდა ტურნირის მთავარი დაპირისპირების დრო სანუკვარი ტიტულის მოგებისათვის ერთადერთი დავალება რომელიც მიუნხენის „ბავარიას“ წარმატებით უნდა შეესრულებინა ფრანგული ბორდოს დამარცხება იყო ორმატჩიან დუელში...

ფინალური დაპირისპირების პირველი რაუნდი მიუნხენში ოლიმპიაშტადიონზე შედგა სადაც ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ჰელმერისა და მეჰმედ შოლის მიერ გატანილი გოლების ხარჯზე 2-0 ანგარიშით დაამარცხა მეტოქე და საპასუხო მატჩის წინ კომფორტული უპირატესობაც მოიპოვა.

1996 წლის 15 მაისს გადამწყვეტი მატჩი საფრანგეთში გაიმართა თუმცა უნდა ითქვას რომ ბორდოს ფეხბურთელებმა ვერც საშინაო კედლებში მოახერხეს სასურველი შედეგის დაფიქსირება, მატჩი ანგარიშით 1:3 დასრულდა და ბავარიელებმა ფინალური დაპირისპირება ორი მატჩის ჯამში 5:1 მოიგეს.

მიუნხენის ბაიერნს გარდა ტიტულის მოგებისა კიდევ ჰქონდა სიხარულის მიზეზი, საქმე იმაში გახლდათ რომ გათამაშების ბომბარდირი ლეგენდარული იურგენ კლინსმანი გახდა რომელმაც 15 გოლი გაიტანა და უშუალო მდევარ რონალდოს რომელიც იმ დროისთვის პსვ-ს რიგებში ასპარეზობდა 9 გოლით აჯობა!!!
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..