დღე ისტორიიდან: 2013 წლის 30 აგვისტო » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » დღე ისტორიიდან: 2013 წლის 30 აგვისტო

დღე ისტორიიდან: 2013 წლის 30 აგვისტო

21-01-2017, 18:43 LEV4NI თავისუფალი სტატია 0

დღე ისტორიიდან: 2013 წლის 30 აგვისტო
2013 წლის 30 აგვისტო არის თარიღი როდესაც მიუნხენის ბაიერნმა უეფას სუპერ თასის ტიტული პირველად მოიგო, თუმცა აღსანიშნავი და ყველასათვის კარგად ნაცნობი ფაქტია რომ ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას სხვა დატვირთვაც ჰქონდა...

დიახ, სწორედ ლონდონის ჩელსი გახლდათ ის კლუბი რომელმაც ბავარიულ კლუბს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მარცხვი აგემა, 2012 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში (ალიანს არენაზე) უდიდესი უპირატესობის და არაერთი რეალური შესაძლებლობის მიუხედავად ბაიერნმა ლონდონელთა დამარცხება ვერ შეძლო, ჩელსიმ კი ერთადერთი შანსი დიდებულად გამოიყენა და დიდიერ დროგბამ ლონდონური კლუბის მიერ მოპოვებული პირველი კუთხური 88-ე წუთზე გოლად გარდასახა.

კოტ დ’იუარელმა ფორვარდმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა სადაც არიენ რობენმა ბრწყინვალე შანსი გაატანა ქარს, ჰოლანდიელმა ვინგერმა 11-მეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა, პენალტების სერიაში კი ლონდონურმა კლუბმა იმარჯვა და ისტორიაში პირველად მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი.

ასეთი გამანადგურებელი დარტყმის მიუხედავად ბავარიამ შეძლო და უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა ღირსეულად გადაიტანა, იუპ ჰაინკესმა შექმნა მონსტრი რომელმაც ყველასა და ყველაფერს გადაუარა და მომდევნო წელს ისტორიაში პირველი ტრებლიც მოიგო.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ ბაიერნმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირიდან ერთმანეთის მიყოლებით გამოთიშა ისეთი გუნდები როგორებიც ლონდონის არსენალი (1/8 ფინალი), ტურინის იუვენტუსი (1/4 ფინალი), და კატალონიის ბარსელონა (1/2 ფინალი) არიან.

ხსენებული მატჩებიდან გულშემატკივრებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ნახევარფინალური ეტაპის მატჩები გამოდგა რომელშიც მიუნხენის ბაიერნმა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბარსელონა მიწასთან გაასწორა და ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 7:0 მოუგო მათ.

ფინალურ ეტაპზე კი ბაიერნს დორტმუნდის ბორუსია ხვდა წილად რომელმაც თავის მხრივ ნახევარფინალიდან მეორე ესპანური გუნდი მადრიდის რეალი გამოაგდო, ამ დაპირისპირებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი კი რობერტ ლევანდოვსკის მიერ გატანილი 4 გოლი გახლდათ რომელიც მან „სამეფო კლუბს“ სიგნალ იდუნა პარკზე პირველი მატჩის დროს გაუტანა.

ფინალი კი ისეთი გამოვიდა როგორსაც ბევრი ელოდა, საბოლოოდ ძალიან დაძაბულ დაპირისპირებაში ყველაფერი არიენ რობენის მიერ 89-ე წუთზე გატანილი გოლით გადაწყდა (2:1) რომელიც ბავარიელთათვის სანუკვარი მეხუთე ჩემპიონთა თასის მომტანი აღმოჩნდა.

ბაიერნის მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე 10 დღით ადრე კი ლონდონის ჩელსიმ ევროპის ლიგის ფინალში ლისაბონის ბენფიკას ასევე მინიმალური სხვაობით აჯობა და რამდენიმე დღით ერთდროულად ორივე ევროპული ტიტულის მოქმედი გამარჯვებული გახლდათ.

შესაბამისად უეფას სუპერთასისთვის ბრძოლაში ლონდონის ჩელსი ბაიერნს დაუპირისპირდა, მიუხედავად იმისა რომ ორივე კლუბს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი თავკაცი ჰყავდა დანიშნული 2012 წლის ფინალი ყველას ძალიან კარგად ახსოვდა და უპირველესად ეს ყოველივე ბავარიული კლუბის ფანების მისამართით უნდა ვთქვათ.

მატჩი ჟოზე მოურინიოს ბიჭებისთვის მშვენივრად დაიწყო და უკვე მერვე წუთზე ფერნანდო ტორესმა „არისტოკრატები“ წინ გაიყვანა, პირველი ტაიმი ასეც დამთავრდა თუმცა მეორე ნახევრის დაწყებიდან ზუსტად 2 წუთში გერმანული გრანდის ფრანგმა ვინგერმა წონასწორობა აღადგინა.

ამის შემდეგ ბაიერნი კვლავ ძალიან მწვავედ უტევდა თუმცა ძირითადი დრო მაინც საყაიმო ანგარიშით დასრულდა, პირველ დამატებით ტაიმში კი ედენ აზარმა კონტექსტიდან „ამოგლეჯილი“ გოლი გაიტანა და 93-ე წუთზე ლონდონელები უკვე მეორედ გაიყვანა წინ, 1:2.

ბავარია არც ამის შემდეგ გაჩერებულა და პიტერ ჩეხის კარისკენ გაუთავებელ იერიშებს კვლავ განაგრძობდა რამაც შედეგი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 121-ე წუთზე გამოიღო, საჯარიმოში შექმნილი არეულობის შემდეგ ბურთი ხავი მარტინესს მიუვიდა რომელმაც ახლო მანძილიდან აიღო ჩეხი მეკარის კარი.

პრაღაში, ედენ არენაზე გამართულ დაპირისპირებაში გამარჯვებულის გამოსავლენად კი იონას ერიქსონს პენალტების სერიის დანიშვნა მოუწია.

ბავარიელებმა ხუთივე პენალტი გოლად გარდასახეს, მოვიდა დრო როდესაც თავისი საქმე მანუელ ნოიერს უნდა გაეკეთებინა და ასეც მოხდა, მაშინ როდესაც ბაიერნი 5:4-ს იგებდა ბურთთან რომელუ ლუკაკუ მივიდა რომელმაც ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა. ბურთი მანუელ ნოიერმა მოიგერია.

შესაბამისად ბავარიელებს ამ მატჩის შემდეგ რამდენიმე სიხარულის მიზეზი ჰქონდათ, გარდა იმისა რომ რეკორდმაისტერი პირველად დაეუფლა ევროპის სუპერ თასს, ამასგარდა მათ შეძლეს და 2012 წლის ფინალში მტკივნეული მარცხისთვის რევანში აუღეს ლონდონელებს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ბავარიელთა ფრანგი გარემარბი ფრანკ რიბერი გახდა რომელმაც კლუბის გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა. გატანილი გოლის გარდა რიბერიმ მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და თავი თერთმეტ მეტრინების სერიაშიც გამოიჩინა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.