» » მიულერი: მძიმე კალენდარი გვაქვს

მიულერი: მძიმე კალენდარი გვაქვს

31-03-2017, 12:18
0115
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი ტომას მიულერი, აპრილის თვეში გასამართ უმნიშვნელოვანეს მატჩებზე საუბრობს. 27 წლის ფეხბურთელის განცხადებით, 30 დღეში "ბაიერნს" 9 შეხვედრის გამართვა მოუწევს და წარმატების მისაღწევად, უშეღავათო ბრძოლის გადატანა იქნება საჭირო.

"აპრილი დიდებული თვეა! ბუნება ძალას იკრებს, ისევე როგორც ფეხბურთი. წინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გველის და ეს განსაკუთრებული გრძნობაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ტურნირზე, აქტიურ ბრძოლას ვაგრძელებთ. მეორეს მხრივ, აუცილებლად იქნება დღეები, როდესაც დასვენების და განტვირთვის სურვილი შეგვიპყრობს".

"ბუნდესლიგაში ჩვენი წარმატებული ასპარეზობა გრძელდება, მაგრამ მოდუნება არ შეიძლება. ჩვენ არ გვსურს, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი დავკარგოთ, ეს გრძნობა სეზონის ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ, რაც თავის მხრივ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართ შეხვედრებშიც დაგვეხმარება".

"რა თქმა უნდა, შეხვედრები "აუგსბურგისა" და მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან. მაგრამ როდესაც მსაჯი სასტვენს ჩაბერავს და მატჩიც იწყება, იქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინაა შენი მოწინააღმდეგე. ამ დროს შენს მიზანს მხოლოდ გამარჯვება წარმოადგენს, გინდა დაუმტკიცო ყველას, თუ რა შეგიძლია. ამ მომენტში, ყველაფერს ინტუიცია და გული წყვეტს და არა გონება" - ციტირებს მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი, ტომას მიულერის სიტყვებს.

შეგახსენებთ, უახლოესი შეხვედრა "რეკორდმაისტერს" 1 აპრილს, "ალიანც არენაზე" "აუგსბურგის" წინააღმდეგ ელის. ბუნდესლიგის ეგიდით გასამართი მატჩი, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..