» » AS : რუმენიგე ლევანდოვსკის ტრანსფერს გამორიცხავს

AS : რუმენიგე ლევანდოვსკის ტრანსფერს გამორიცხავს

11-აპრ-2017, 13:06
0339
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, ესპანურ ინტერნეტ-გამოცემა AS-თან მიცემულ ინტერვიუში, "რეკორდმაისტერის" პოლონელი გოლიადორის, რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს. "ბავარიელთა" ხელმძღვანელის განცხადებით, იგი გამორიცხავს, რომ "სამეფო" კლუბსა და "ბაიერნს" შორის, ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, გარიგება შედგეს.

"რობერტ ლევანდოვსკის და მადრიდის "რეალს", ერთ კონტექსტში არასდროს მოვიხსენიებ. თავად, პერესმაც შესანიშნავად იცის, რომ არსებობს საკითხები, რომელთა განხორციელებაც, უბრალოდ არარეალურია. "ბაიერნი" არასდროს გაუშვებს გუნდიდან ისეთ ფეხბურთელს, რომლის გაშვებაც არ სურს და ამ მხრივ, არც "სამეფო" კლუბთან თანამშრომლობაა გამორჩეული. ელიტური კლუბები ერთმანეთს პატივს სცემენ და ეს გამოიხატება იმაშიც, რომ მათ კარგად იციან, რა არის შესაძლებელი და რა არა"-ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს გამოცემა AS-ი.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ პოლონელი თავდამსხმელი, მართლაც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ, მიუნხენის "ბაიერნის" მაისურით, ყველა ტურნირზე 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 38 გოლის გატანა მოახერხა. გარდა ამისა, განახორციელა 8 შედეგიანი გადაცემა. transfermarkt-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი, 80 მილიონ ევროს შეადგენს. მიუნხენურ კლუბთან გაფორმებული ხელშეკრულება კი, 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..