» » "უეფამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ცხოველები არ ვართ" ...

"უეფამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ცხოველები არ ვართ" ...

17-04-2017, 04:44 dachi8 თავისუფალი სტატია 0

ეს საიტი ყოველდღიურად მიუნხენის „ბაიერნის“ სიახლეებით იტვირთება. ამჯერად თავს უფლებას მივცემ და მცირე გადახვევას გავაკეთებ, „მცირეს“ რადგან ეს სტატიაც ფეხბურთს ეხება. ფეხბურთს, თანაგრძნობას და სოლიდარობას სხვა კლუბის მიმართ. ფეხბურთი ხომ ყველას აერთიანებს.

11 აპრილს, დორტმუნდის „ბორუსია“ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ ¼ ფინალურ მატჩში „მონაკოს“ საკუთარ სტადიონზე ხვდებოდა. „დორტმუნდის“ ავტობუსი სტადიონისაკენ დაიძრა, 3 უძლიერესი აფეთქების ხმა გაისმა, ავტობუსის მინები ჩაისმხვრა, ფეხბურთელები 15-20 წუთის განმავლობაში სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებოდნენ, ზოგი ავტობუსის იატაკს იყო მიჯაჭვული, ზოგი ალბათ ფიქრებში ახლობლებს ემშვიდობებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფიზიკურად დაშავებული მხოლოდ „ბორუსიის“ მცველი მარკ ბარტრა იყო. ფსიქოლოგიურად კი მთელი გუნდი. შეხვედრა მომდევნო დღისთვის გადაიდო, რომელიც 3:2 ანგარიშით დასრულდა „მონაკოს“ სასარგებლოდ.

იმ ღამეს ყველაფერი შესაძლებელია მომხდარიყო. ეს უბრალო პეტარდა არ ყოფილა. იქ გამიზნულად გერმანული გუნდის წინააღმდეგ მოაწყეს ტერაქტი, რომელიც გაცილებით უფრო სამწუხაროდ შეიძლებოდა დამთავრებულიყო, ვიდრე ეს ბარტრას ხელის მოტეხვაა და ნამსხვრევები მის იდაყვში. ამის შემდეგ კი გუნდს აიძულებენ მოედანზე მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარონ, როდესაც 1 დღით ადრე შავ-ყვითელი ავტობუსიდან შესაძლებელია რომელიღაცა ვერც კი გამოსულიყო.

"უეფამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ცხოველები არ ვართ" ...


დორტმუნდის „ბორუსიის“ გენერალური დირექტორი ჰანს-იოაჰიმ ვაცკე აცხადებს, რომ აფეთქების შემდეგ ის გუნდის მოხსნის ვარიანტს განიხილავდა ჩემპიონთა ლიგის ტურნირიდან.

„მომხდარის შემდეგ მე რაღაც დროის მონაკვეთში მთლიანად გუნდის მოხსნის ვარიანტს განვიხილავდი ჩემპიონთა ლიგის ტურნირიდან. თუმცა ეს თავდასხმის ინიციატორების გამარჯვება იქნებოდა. თუ რომელიმე ფეხბურთელი მომდევნო დღეს აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ვერ შეძლებდა თამაშს, ის ამის შესახებ მწვრთნელს შეატყობინებდა. ვიძახდი, რომ ასეთ ფეხბურთელებს გავუგებდით და თანადგომას გამოვუცხადებდით. ფეხბურთელებს სპეციალისტები დაეხმარებიან რომ მომხდარი გადაატანინონ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით“.

„რაც შეეხება თავდასხმის მოტივებს, ვფიქრობ თავდამსხმელებს ტკივილის მიყენება არა „ბორუსიისთვის“, არამედ მთლიანად გერმანიისთვის სურდათ“ - აცხადებს ვაცკე.

დღეს სოციალურ ქსელში დორტმუნდის „ბორუსიის“ გოლკიპერის რომან ბიურკის ემოციურ გამოძახილს წავაწყდი, რამაც სურვილი გამიჩინა ჩვენი საყვარელი გუნდის „ბაიერნის“ გულშემატკივართა ვებ-გვერდზე ეს სტატია გამომექვეყნებინა.

დანარჩენი უკვე წაკითხვის შემდეგ თქვენ განსაჯეთ: იმსახურებდნენ თუ არა გამარჯვებას, უნდა გასულიყვნენ თუ არა მომდევნო დღეს სათამაშოდ და ყურადღება მიაქციეთ უეფას თუ ფიფას პასუხს, პასუხი, რომელიც ასამარებს ყველაფერ ადამიანურს და სადაც ბიზნესი ადამიანზე მაღლაა დაყენებული
.

"უეფამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ცხოველები არ ვართ" ...


რომან ბიურკის ემოციური წერილი:

„ჯერ კიდევ პრობლემები მაქვს ძილთან დაკავშირებით. ყველაზე უარესი ისაა, რომ მთელი ღამე ამაოდ ვცდილობ ჩაძინებას. როდესაც თვალს ვახელ, მიხარია რომ სახლში ვიმყოფები, საკუთარ საწოლში. მიხარია, რომ ჩემი ოჯახი ჩემთანაა, ისინი მეხმარებიან ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. ზოგჯერ მავიწყდება რომ ჭამის დრო მოვიდა, ხოლო, როდესაც თვალებს ვხუჭავ, თითქოს ცხადში ვარ, კვლავ ყველაფერი თვალწინ მიდგება.

ის რისი გადატანაც ჩვენ მოგვიწია მომხდარის შემდეგ - საშინელებაა. კონცენტრაციის აღდგენა არ შემეძლო. მატჩის შემდეგ ემოციებმა გარეთ იფეთქა: მთელი გუნდი ვტიროდით. მატჩის წინაც ცრემლებით გავედით სათამაშოდ. საჭირო იყო მოედანზე გავსულიყავით, მილიონობით ადამიანი თვალყურს გვადევნებდა. არჩევის საშუალება რომ გვქონოდა - არავინ არ გავიდოდა მოედანზე სათამაშოდ.
ვგრძნობ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც უეფამ მიიღო, დიდწილად ფულს ეფუძნებოდა და არა ადამიანურობას. როდესაც მესმის უეფასა თუ ფიფასაგან, რომ თამაში იმ შემთხვევაში გადაიდებოდა თუ რომელიღაცა ჩვენთაგანი გარდაიცვლებოდა ..... ეს უბრალოდ ნაგლობაა.

უბრალოდ სასწაულია, რომ სერიოზული არაფერი არ მოგვსვლია. როდესაც საავადმყოფოში მარკ ბარტრა მოვინახულე, მან მითხრა, რომ ეს ტრავმა ვერ შეედრება იმას, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო ჩვენს თავს. ეს წარმოუდგენელია. ეს საშინელებაა, კიდევ იმიტომ, რომ ჩვენ უცბად ვიღაცის მიზანი გავხდით. ვფიქრობ, ახლა ყველანი საკლუბო ავტობუსში გულის რევის შეგრძნებით ჯდებიან. ყველანი ყურადღებით აკვირდებიან ნებისმიერ ნივთს, რომელიც გარედან მოჩანს, როდესაც მათ გვერდზე ავტობუსით ჩავუვლით. ეს გვაღიზიანებს“.

უეფას საწინააღმდეგო პლაკატები დორტმუნდი-მონაკოს მატჩზე

"უეფამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ცხოველები არ ვართ" ...


"უეფამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ცხოველები არ ვართ" ...


იურგენ კლოპი მომხდარზე:
„ცხადია, რომ დროა საჭირო ამ ყველაფრის გასამკლავებლად, რადგან ვთვლი, რომ ვინც მომდევნო დღეს მატჩი ჩანიშნა და ეს გადაწყვეტილება მიიღო, მათგან ერთ-ერთიც კი ავტობუსში რომ მჯდარიყო, მაშინ ეს მატჩი არ შედგებოდა. ავტობუსის გარეთ, დარწმუნებული ვარ, თქვენ ვერ შეძლებთ იმის წარმოდგენას თუ რა მოხდა იქ. მაგრამ თამაში დასრულებულია, მატჩი შედგა და ეს უკვე წარსულია“.

თომას ტუხელი:
„ჩვენ აზრი არავინ გვკითხა. უეფასაგან მათი გადაწყვეტილების შესახებ ცნობა მივიღეთ. ეს ამაზრზენი იყო. ჩვენ ისე მოგვექცნენ, თითქოს ავტობუსისთვის მხოლოდ და მხოლოდ ლუდის ქილა ესროლათ. ჩვენ თავს დაუცველად ვგრძნობდით. ვიღაცამ იფიქრა, რომ იმის შემდეგ რაც კინაღამ მოგვკლეს, თამაში ეს ნორმალური იყო. მე მათ არ ვეთანხმები“.

"უეფამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ცხოველები არ ვართ" ...


სოკრატისი:
„სამშაბათი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იყო. მიხარია რომ ცოცხალი ვარ. უეფამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ცხოველები არ ვართ - ჩვენ ოჯახები და პატარა ბავშვები გვყავს“.

"უეფამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ცხოველები არ ვართ" ...


ნური შახინი:
„ჩემს ცხოვრებაში არასოდეს არ დამავიწყდება ავტობუსში ის სახეები“.

იულიან ვაიგლი:
„მე-2 ტაიმში გონება ჩავრთეთ და ასე თუ ისე ღირსეული შედეგი გამოგვივიდა. ჩვენთვის ძალიან რთული იყო. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ჩვენთაგანს ეძინა წინა ღამით. ჩვენ ყველანი ვცდილობდით ჩვენს ოჯახებთან ერთად გაგვეტარებინა ის ღამე“.

აქვე ინფორმაციისათვის დავამატებ, რომ აღნიშნული ფაქტის გამოძიება ქვეყნის ფედერალური ბიუროს სპეციალურმა ქვედანაყოფმა დაიწყო, სადაც 100-მდე თანამშრომელი შევა. გამომძიებლების მღელვარებას ასაფეთქებელი ხელსაწყოსა და დეტონატორების წარმომავლობა იწვევს. როგორც პრესაში იწერება დეტონატორები საბრძოლო დანიშნულებისაა და მათი გამოყენება თავდასხმის ორგანიზატორების პროფესიონალიზმზე მიუთითებს.
გამომძიებლებს ამ დრომდე ეჭვი ეპარებათ იმაში, რომ თავდასხმას რაიმე კავშირი ჰქონდეს ისლამისტურ ტერორისტულ ორგანიზაციებთან.


"უეფამ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ცხოველები არ ვართ" ...
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.