» » Sport Bild: ჰუბ სტევენსის რჩევა "ბაიერნს"

Sport Bild: ჰუბ სტევენსის რჩევა "ბაიერნს"

26-04-2017, 12:28 -ss- ტრანსფერები 0 42

გელზენკირხენის "შალკე 04"-ის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჰუბ სტევენსი, მიუნხენის "ბაიერნს" რჩევას აძლევს. გამოცდილი ჰოლანდიელი სპეციალისტის განცხადებით, "ბავარიისათვის", ამსტერდამის "აიაქსიდან" კასპერ დოლბერგის ტრანსფერის განხორციელება, ძალზედ სასარგებლო იქნებოდა. მისი თქმით, ხსენებულ ფეხბურთელს აქვს ყველა ის თვისება, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მიუნხენურ კლუბში, თავის დამკვიდრების საშუალება მიეცეს.

"მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რომ ვმუშაობდე, კლუბში აუცილებლად მოვიყვანდი ფეხბურთელს, რომელსაც ძალიან მაღალი სათამაშო ტექნიკა აქვს. მაგალითად ისეთ მოთამაშეს, როგორიც არის დოლბერგი. მე ვფიქრობ, რომ ის საუცხოო ფეხბურთელია. კასპერს თავისი სათამაშო სტილით, რობერტ ლევანდოვსკის ვამსგავსებ. გარდა იმისა, რომ მას უმაღლესი საფეხბურთო ტექნიკა აქვს, იგი ასევე მაღალი სისწრაფითაც გამოირჩევა და "მეორე სართულზე" თამაშის დროსაც, შესანიშნავად მოქმედებს."-ციტირებს 63 წლის ჰოლანდიელის სიტყვებს Sport Bild-ი.

19 წლის კასპერ დოლბერგი, ამსტერდამის "აიაქსის" რიგებში 2016 წლიდან ირიცხება. მისი მოქმედი კონტრაქტი ჰოლანდიურ კლუბთან, 2021 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული. 187 სანტიმეტრის სიმაღლის ფეხბურთელის აქტივში მოყვანილი ციფრები კი მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება. მიმდინარე სეზონში, ახალგაზრდა შემტევმა, ჰოლანდიური კლუბის მაისურით, 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 19 გოლი და განახორციელა 8 შედეგიანი გადაცემა. transfermarkt-ის ინფორმაციით ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება, 8 მილიონ ევროს შეადგენს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..