» » AZ: მათეუსმა დუგლას კოშტა გააკრიტიკა

AZ: მათეუსმა დუგლას კოშტა გააკრიტიკა

26-აპრ-2017, 13:05
0406
გერმანული ფეხბურთის ლეგენდარულმა წარმომადგენელმა ლოთარ მათეუსმა, მიუნხენის "ბაიერნის" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი, დუგლას კოშტა გააკრიტიკა. ინტერნეტ-გამოცემა AZ-თან მიცემულ ინტერვიუში, მათეუსმა აღნიშნა, რომ კოშტას მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები, საზიანოა როგორც თავად ფეხბურთელისათვის, ისე მთლიანად მიუნხენური კლუბისათვის.

"უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ კოშტა აღარ არის ის ფეხბურთელი, რომელიც "ბაიერნის" შემადგენლობაში, საკუთარი კარიერის დაწყების მომენტში იყო. გარდა ამისა, მე არ მომწონს ის, თუ როგორ იქცევა იგი მოედნის ფარგლებს გარეთაც. მის მიერ გაკეთებული განცხადებები, კლუბის გამოცვლასთან დაკავშირებით, ვფიქრობ რომ საზიანოა, არა მხოლოდ თავად ფეხბურთელისათვის, არამედ მთლიანად გუნდისათვის. ჩემი აზრით, თუ "ბაიერნი", ზაფხულში შესაბამის ტრანსფერს განახორციელებს, მაშინ ბრაზილიელი ფეხბურთელის კლუბიდან წასვლა, შესამჩნევი არ იქნება."-აღნიშნა ლოთარ მათეუსმა ჟურნალისტთან საუბრისას.

შეგახსენებთ, გერმანულ პრესაში, არაერთხელ გავრცელდა დუგლას კოშტას მიერ გაკეთებული განცხადება, იმის თაობაზე, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი, ბოლომდე ბედნიერი არ არის, მიუნხენურ კლუბში, თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით და კლუბის გამოცვლასთან დაკავშირებითაც ფიქრობს.

transfermarkt-ის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება, 30 მილიონ ევროს შეადგენს. კოშტამ, მიმდინარე სეზონში, ბუნდესლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და გერმანიის თასის ეგიდით გამართულ, 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის აქტივში კი 7 გატანილი გოლი და 9 შედეგიანი გადაცემაა აღნიშნული.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..