» » მომავალი მეტოქე: დორტმუნდის ბორუსია

მომავალი მეტოქე: დორტმუნდის ბორუსია

26-აპრ-2017, 19:54
0364
დღეს ფეხბურთის გულშემატკივრები მორიგ და 2016/17 წლების საფეხბურთო სეზონის უკანაკნელ “Der Klassiker”-ს იხილავენ, პოკალის თასის ეგიდით ხსენებული გუნდების დაპირისპირება სტარტს თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს.

თავიდანვე უნდა ვთქვათ რომ მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რადგან სასწორზე გერმანიის თასის ფინალი დევს! დიახ, გუნდი რომელიც დღეს გაიმარჯვებს ბერლინში ნიკო კოვაჩის მიერ დამოძღვრილ ფრანკფურტის აინტრახტს დაუპირიპირდება და საპატიო ტიტულისთვის გადამწყვეტ ბრძოლას გამართავს.

პირველი ფინალისტის ვინაობას რაც შეეხება, ის გუშინ მას შემდეგ გამოვლინდა რაც ბორუსია-პარკზე აინტრახტმა გლადბახი პენალტების სერიაში დაამარცხა ანგარიშით 6-7.

თუმცა ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ რომ გუშინდელ მატჩზე გაცილებით საინტერესო 1/2 ფინალურ დაპირისპირებას დღეს ვიხილავთ, ბაიერნისა და დორტმუნდის მატჩებს ყოველთვის თან ახლავს განსაკუთრებული მოლოდინი რაც ხშირ შემთხვევაში გუნდებზე დადებითი კუთხით აისახება.

მიმდინარე სეზონში ხსენებული კლუბები ერთმანეთს 3-ჯერ შეხვდნენ რომელშიც უკეთესი სტატისტიკა ბაიერნს აქვს, 2 მოგება და 1 მარცხი-ასეთია ბავარიეთა მონაგარი თუმცა აუცილებლად უნდა ვახსენოთ ისიც რომ ხსენებული 2 გამარჯვებიდან ერთი ტიტულის მომტანი აღმოჩნდა (გერმანიის სუპერთასი).

მომდევნო მატჩი კლუბებმა 19 ნოემბერს უკვე სიგნალ-იდუნა პარკზე გამართეს სადაც გამარჯვება ამჯერად მასპინძლებმა იზეიმეს, ერთადერთი გოლი კი მატჩის 17-ე წუთზე ექს-ბაიერნელი მარიო გიოტცეს გადაცემით პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა და საკუთარ გუნდს საკმაოდ მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

დაახლოებით 5 თვის შემდეგ გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ ისევ წარსდგნენ, ამჯერად მიუნხენში სადაც თამაშის სანახავად 75 000 გულშემატკივარი შეიკრიბა, მატჩი კი საკმაოდ მხიარული და უხვგოლიანი გამოდგა რომელშიც გამარჯვება ბავარიელებს დარჩათ.

ხსენებულ დაპირისპირებაში ანგარიში მეოთხე წუთზე ფრანკ რიბერიმ გახსნა, ზუსტად ექვს წუთში უპირატესობა ორ ბურთამდე რობერტ ლევანდოვსკიმ გაზარდა რასაც მოჰყვა რაფაელ გერეროს ულამაზესი საპასუხო გოლი რომელმაც მატჩს გარკვეული ინტრიგა დაუბრუნა, თუმცა მეორე ტაიმი ბაიერნმა ძალიან აქტიურად დაიწყო და არიენ რობენისა და რობერტ ლევანდოვსკის გოლებით სხვაობა 3 ბურთიანი გახადა. ასე რომ ბაიერნმა ის მატჩი ძალიან დამაჯერებლად ანგარიშით 4:1 მოიგო.

მას შემდეგ გუნდებმა ძირითადი აქცენტი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე გადაიტანეს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათი ასპარეზობა წარმატებული გახლდათ თუმცა 1/4 ფინალური ბარიერი კლუბებმა სხვადასხვა გვარი მიზეზების გამო ვერ გადალახეს. ბაიერნის შემთხვევაში ექსპერტთა დიდი ნაწილი მთავარ დამნაშავედ საპასუხო მატჩის არბიტრს უნგრელ ვიქტორ კაშაის მიიჩნევს ხოლო დორტმუნდელები დაცვაში დაშვებული უპატიებელი შეცდომების ხარჯზე გამოეთიშნენ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ასპარეზობას.

ასე რომ წელს გუნდებს ისღა დარჩენიათ რომ შიდა ასპარეზზე მოპოვებულ ტიტულებზე იფიქრონ, ბუნდესლიგის შემთხვევაში ბაიერნს თითქმის ყველაფერი მოგვარებული აქვს ხოლო პოკალის თასზე როგორც მინიმუმ კიდევ 2 თამაში კიდევ წინაა.

შესაბამისად დორტმუნდელთა ერთადერთი შანსი მიმდინარე სეზონში ტიტულის მოპოვებისა სწორედ გერმანიის თასზეა, ამის გამო შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ დღეს ალიანს არენაზე ტომას ტუხელის გუნდი სრული კონცენტრაციიტა და მონდომებით გამოვა, სასიხარულო ამბავია ისიც რომ თამაშს დაუბრუნდა მარკო როისი რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ტრავმა ჰქონდა, ბუნდესლიგაში გამართულ ბოლო 2 მატჩში კი გერმანელმა შემტევმა 2 გოლის გატანა მოახერხა.

თუმცა შავ-ყვითლებს მოედანზე გამოსვლა მაინც დიდი დანაკლისით მოწევთ, დღეს სხვადასხვა მიზეზების გამო გუნდს ვერ დაეხმარებიან: მარკ ბარტრა, მარიო გიოტცე, ლარსენი, ნური შაჰინი, და ანდრე შურლე. სებასტიან როდეს თამაში კი კითხვს ნიშნის ქვეშ დგას.

ბორუსიელებისგან განსხვავებით ბავარიელთა დანაკლისი შედარებით მცირეა, დიდი ალბათობით რეკორდმაისტერის დახმარებას დღეს შემდეგი მოთამაშეები ვერ შეძლებენ: მანუელ ნოიერი, დავიდ ალაბა და ხავი მარტინესი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ მატჩი დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..