» » შვაინშტაიგერი: ნეიმარი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში

შვაინშტაიგერი: ნეიმარი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში

4-მაი-2017, 21:08
0427
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი, ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, ბრაზილიელი შემტევის, ნეიმარ ჟუნიორის შესახებ საუბრობს. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რომელი ფეხბურთელის ხილვას ისურვებდა "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში, ბასტიანმა სწორედ ნეიმარი დაასახელა. გარდა ამისა, მან ასევე გაიხსენა რამდენიმე, საინტერესო ეპიზოდი, რომელიც მას ბრაზილიელ ფეხბურთელთან აკავშირებდა.

"რთულია ვუპასუხო შეკითხვას, თუ რომელი ფეხბურთელის ხილვას ვისურვებდი მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში. ალბათ მაინც ნეიმარის, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მასაც ენდომებოდა. სიმართლე გითხრათ, მე არამხოლოდ მისი სათამაშო სტილი, არამედ პიროვნული მონაცემებიც მომწონს."

"ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მას ჩემი მაისურის მიღება სურდა. იმ პერიოდში, მიუნხენის "ბაიერნში" თამაშობდა ბრაზილიელი დანტე, რომელიც თავისმხრივ, ნეიმართან ერთად, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებშიც ასპარეზობდა. სწორედ დანტეს დახმარებით გადავეცი მას ჩემი მაისური. ყოველთვის, როდესაც კი ჩვენ საფეხბურთო მოედანზე ერთმანეთს შევხვედრივართ, სათანადო პატივისცემა გამოგვიჩენია"

"გარდა ამისა, მახსოვს 2014 წელი, როდესაც ნეიმარს, შემთხვევით, შვებულების პერიოდში შევხვდი. მაშინ რამდენიმე დღე ერთად გავატარეთ, ეს ძალიან მხიარული დღეები იყო. ის ნამდვილად კარგი ადამიანია, ტიპიური ბრაზილიელი. დღესდღეობით ნეიმარი, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მსოფლიოს მაშტაბით"-ციტირებს ბასტიან შვაინშტაიგერის სიტყვებს, გამოცემა Goal-ი.

ნეიმარ ჟუნიორი, კატალონიის "ბარსელონას" რიგებში 2013 წლიდან ასპარეზობს. transfermarkt-ის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს. ესპანურ გრანდთან გაფორმებული კონტრაქტი კი ძალაში 2021 წლის 30 ივნისამდეა. მიმდინარე სეზონში, ხსენებული ფეხბურთელის ანგარიშზე, ჩატარებული 41 შეხვედრის მონაცემების მიხედვით, 15 გოლი და 24 შედეგიანი გადაცემაა აღნიშნული.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..