» » ოლაფ ტონი: შესაძლოა იბრაჰიმოვიჩი "ბაიერნში" აღმოჩნდეს

ოლაფ ტონი: შესაძლოა იბრაჰიმოვიჩი "ბაიერნში" აღმოჩნდეს

5-მაი-2017, 10:44
0410
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი ოლაფ ტონი, Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ საუბრობს. ექს-ბავარიელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შვედმა თავდამსხმელმა, სულ რამდენიმე ხნის წინ, მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო, მას ეჭვი არ ეპარება, რომ იგი საფეხბურთო მოედანზე დაბრუნებას მოახერხებს. ტონი, თავის მიერ გამოთქმულ პროგნოზში კიდევ უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ შესაძლოა იბრაჰიმოვიჩი, მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაშიც კი ვიხილოთ.

"მიუხედავად სერიოზული ტრავმისა, იბრაჰიმოვიჩს შეუძლია ითამაშოს იქ, სადაც კი მოისურვებს. დარწმუნებული ვარ ზლატანი დაბრუნდება, მას განსაკუთრებული გენეტიკა აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ იბრაჰიმოვიჩი, მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესის სფეროში მოექცეს. მთავარია მოხდეს, მიღებული ტრავმის ზუსტი შეფასება."-განაცხადა ოლაფ ტონმა, ჟურნალისტთან საუბრისას.

ოლაფ ტონისაგან განსხვავებით, საფეხბურთო მიმომხილველების მნიშვნელოვანი ნაწილი, 35 წლის შვედი შემტევის, დაბრუნებას პესიმისტურად უყურებს. ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც მოცემულ მომენტში, მანჩესტერ "იუნაიტედის" ღირსებას იცავს, მიღებულ ტრავმამდე მართლაც შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა, ამაზე მისი სტატისტიკური მაჩვენებელიც კი მეტყველებს. მიმდინარე სეზონში, "წითელი ეშმაკების" რიგებში ჩატარებული 46 შეხვედრის მონაცემების მიხედვით, მის ანგარიშზე 28 გატანილი გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა აღინიშნება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და მანჩესტერ "იუნაიტედს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, მოქმედების ვადა 2017 წლის 30 ივნისს ეწურება.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..