» » მომავალი მეტოქე: დარმშდადტი

მომავალი მეტოქე: დარმშდადტი

5-მაი-2017, 16:29
0387
დღეს გერმანიის ჩემპიონატის რიგით 32-ე ტური კიოლნისა და ვერდერის დაპირისპირებით იხსნება, ხვალ კი ალიანს არენაზე მიუნხენის ბაიერნი ითამაშებს რომელიც მიმდინარე სეზონის აშკარა აუტსაიდერ დარმშდადტს დაუპირისპირდება.

ხვალინდელ დაპირისპირებას კი დამატებით ინტერესს არაერთი ფაქტორი სძენს, დავიწყოთ იქედან რომ დარმშდადტმა სეზონის ბოლოს უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და გადარჩენისთვის საჭირო ქულების მოპოვებას ყველა შესაძლო ხერხით ცდილობს, ამის ნათელი დასტურია ისიც რომ უკანასკნელ ტურებში გუნდმა ზედიზედ 3 გამარჯვება იზეიმა.

ჯერ იყო და დარმშდადტმა შალკე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა (2:1), რასაც მოჰყვა ჰამბურგში ანალოგიური ანგარიშით მოპოვებული გამარჯვება, წინა ტურში გამართული დაპირისპირება კი სრულიად მოულოდნელი შედეგით დასრულდა, რადგან საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფ ფრაიბურგს ტორსტენ ფრინგსის ბიჭებმა 3 ბურთიანი უპირატესობით მოუგეს!

თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა დარმშდადტი მაინც ძალიან რთულ მდგომარებობაშია, 24 ქულით გუნდი ბოლო პოზიციას იკავებს და ადგილის შენარჩუნების შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ მიეცემა თუ გუნდი დარჩენილ სამ დაპირისპირებას მოიგებს, ამასთანავე აუცილებელ პირობას წარმოადგენს ისიც რომ დარჩენილ ტურებში ჰამბურგმა, ვოლფსბურგმა და ინგოლშდადტმა ქულების მოპოვება ვეღარ უნდა მოახერხონ.

ბაიერნისთვის კი მიმდინარე სეზონის შედეგები უკვე ცნობილია, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან სკანდალურად გამოვარდნის შემდეგ კლუბმა ასევე დათმო პოკალის თასის 1/2 ფინალური შეხვედრა დორტმუნდის ბორუსიას წინააღმდეგ ანგარიშით 2:3, ასეთი წარუმატებელი სვლის შემდეგ კი წინა ტურში მიღწეული შედეგი ნამდვილად შვების მომგვრელი გახლდათ, ბაიერნმა ვოლკსვაგენ არენაზე“ ექვს ბურთიანი უპირატესობით მოუგო ადგილობრივ ვოლფსბურგს და მორიგი ვერცხლის სინი გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე მოიპოვა.

გადავხედოთ ურთიერთდაპირისპირების ისტორიას რომელიც არცთუ ისე დიდ პერიოდს მოიცავს, როგორც ვიცით დარმშდადტი ბუნდესლიგაში 2015 წელს გადმოვიდა და მხოლოდ მას შემდეგ გამართა პირველი დაპირისპირებები მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ.

2015 წლის შემდეგ კი კლუბები ერთმანეთს სულ 4-ჯერ დაუპირისპირდნენ (აქედან ერთი პოკალის თასზე) და გამარჯვება თითოეულ მათგანში მიუნხენულ კლუბს დარჩა. ბურთების შეფარდება კი ასეთია: 8:1.

მომავალი დაპირისპირებისთვის მზადება ორივე გუნდს გარკვეული დანაკლისით უწევს, დიდი ალბათობით ბაიერნს მანუელ ნოიერი, მატს ჰუმელსი და ჟერომ ბოატენგი ვერ დაეხმარებიან, სტუმრებს კი ფელიქს პლატე და პიტერ ნიმეიერი დააკლდებათ.

შეგახსენებთ რომ ხვალინდელი დაპირისპირება სტარტს თბილისის დროით 17:30 საათზე აიღებს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..