» » Sport1: ეფენბერგი მზად არის "ბაიერნის" სპორტული დირექტორი გახდეს

Sport1: ეფენბერგი მზად არის "ბაიერნის" სპორტული დირექტორი გახდეს

8-მაი-2017, 13:59
0405
მიუნხენის "ბაიერნის" ექს-ნახევარმცველი შტეფან ეფენბერგი, გერმანულ ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან საუბრისას, აღნიშნავს რომ ყოფილ კლუბში, სპორტული დირექტორის თანამდებობის დაკავების წინააღმდეგი არ არის. ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებით, იგი ამ დრომდე ინარჩუნებს კონტაქტს "ბავარიის" ხელმძღვანელობასთან და ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკების გასამართად მზად არის.

"ჩემი ინტერესის სფეროში, ყოველთვის შედიოდა მსგავსი სამსახური, ეს იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ მე დღემდე არ ვკარგავ კავშირს მიუნხენურ კლუბთან. რა თქმა უნდა, ამ პოსტის მითვისებას არ ვაპირებ. რუმენიგემ იცის თუ სად ვცხოვრობ და მას ნებისმიერ დროს შეუძლია დამიკავშირდეს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მთლიანობაში მატიას ზამერი, კლუბის სპორტული დირექტორის საქმიანობას კარგად ასრულებდა"-ციტირებს ექს-ბავარიელის სიტყვებს, გამოცემა Sport1.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მატიას ზამერმა, მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა, კლუბში ხსენებული პოზიციის პორტფელი ამ დრომდე ვაკანტურია. თავდაპირველი ინფორმაციით, ზემოაღნიშნული თანამდებობა, "ბავარიის" ამჟამინდელ კაპიტანს, ფილიპ ლამს უნდა დაეკავებინა, თუმცა მასსა და გერმანული გრანდის ხელმძღვანელობას შორის, არსებულ აზრთა სხვადასხვაობის გამო, ფეხბურთელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხსენებულ შემოთავაზებაზე თანხმობა არ განეცხადებინა.

შედგება თუ არა ამ კუთხით, შტეფან ეფენბერგსა და მიუნხენის "ბაიერნს" შორის თანამშრომლობა, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..