» » Bild: ანჩელოტიმ რიბერი გააკრიტიკა

Bild: ანჩელოტიმ რიბერი გააკრიტიკა

11-მაი-2017, 11:40
0462
მიუნხენის "ბაიერნის" იტალიელი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, კლუბის შემტევი ნახევარმცველის, ფრანკ რიბერის საქციელით უკმაყოფილოა. ამის შესახებ იტყობინება გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Bild-ი. საქმე ეხება მიუნხენური კლუბის ერთ-ერთ ვარჯიშზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც 34 წლის ვინგერის "წყალობით", რამდენიმე "ბავარიელის" ჯანმრთელობის მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ზემოაღნიშნული ინფორმაციის თანახმად, კლუბის მიერ გამართული ე.წ "ორმხრივი ვარჯიშის" დროს ფრანკ რიბერი რამდენიმე ეპიზოდში ძალზედ ხისტად მოქმედებდა. თავდაპირველად ფრანგმა შემტევმა, დუგლას კოშტას მისამართით იუხეშა, ხოლო შემდგომ ტომას მიულერისა და არტურო ვიდალის მიმართაც ანალოგიურად იმოქმედა. ყოველივე ამის შემდეგ საქმეში, კარლო ანჩელოტი ჩაერთო. მან თავისთან იხმო რიბერი და მშვიდად თამაშისაკენ მოუწოდა, თუმცა არც ამ ინციდენტს ჩაუვლია წყნარად და მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. სიტუაციის დამშვიდება კი ისევ მიულერმა ითავა.

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გერმანულ პრესაში რამდენჯერმე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ "ბავარიელთა" თავკაცსა და ფრანკ რიბერის შორის, ბოლო დროს არც თუ ისე კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, თუმცა ამ დრომდე, ორივე მხარე ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..