» » მომავალი მეტოქე: ლაიპციგი

მომავალი მეტოქე: ლაიპციგი

12-მაი-2017, 18:08
0444
ბუნდესლიგის 2016/17 წლების გათამაშება დასასრულს უახლოვდება, გასათამაშებელი მხოლოდ 6 ქულა დარჩა და ბევრი რამ უკვე წინასწარაა ცნობილი თუმცა ბუნებრივია რომ გარკვეული კითხვის ნიშნები მაინც არსებობს.

33-ე ტურის ეგიდით ბაიერნი სეზონის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მატჩს გამართავს რომელშიც რეკორდმაისტერი რალფ ჰაზენჰუტლის მიერ დამოძღვრილ ლაიპციგს დაუპირისპირდება და მორიგი 3 ქულის მოპოვებას შეეცდება.

აქედანვე უნდა ვთქვათ რომ „ხარებისთვის“ მიმდინარე სეზონი ისტორიული გამოდგა, კლუბმა გერმანიის ჩემპიონატში რიგით II ადგილი დაიკავა და არსებობის მანძილზე პირველად მოიპოვა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საგზური.

დიახ, მომავალ სეზონში სწორედ ლაიპციგი იქნება ერთ-ერთი იმ გუნდთაგანი რომელიც გერმანიის სახელს ევროასპარეზზე წარადგენს!

ბაიერნის ირგვლივ კი განსხვავებული სიტუაციაა, კლუბმა სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მოიპოვა ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტული და ამით კიდევ ერთი დიდებული რეკორდი დაამყარა.მიღწეული შედეგით რეკორდმაისტერი გახდა პირველი კლუბი რომელმაც შეძლო და ვერცხლის სინი ზედიზედ მეხუთედ (!!!!) მოიპოვა.

შესაბამისად კარლო ანჩელოტიმ გერმანიის ჩემპიონისა და სუპერთასის ტიტულები პირველივე წელს მოიგო თუმცა პოკალსა და ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა არცთუ ისე კარგი შედეგები აჩვენა.

ყველას კარგად ახსოვს რეალისა და ბაიერნის უკანასკნელი დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, საბოლოოდ ჯამში კი მსაჯის მიერ დაშვებული უპატიებელი შეცდომების შედეგად მიუნხენული გრანდი ჩემპიონთა ლიგიდან ასპარეზობას 1/4 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.

რაც შეეხება გერმანიის თასს, პოკალზე მიუნხენული გრანდის გამოვარდნა ნამდვილად დიდ სენსაციად მოინათლა რადგან ანჩელოტის გუნდმა საკუთარ სტადიონზე დათმო შეხვედრა ტომას ტუხელის დორტმუნდტან ანგარიშით 2:3. უნდა აღინიშნოს რომ აღნიშნული მარცხი ბაიერნმა უპირველესყოვლისა დაცვაში დაშვებული უპატიებელი შეცდომების გამო იწვნია.

დამატებით ინტერესის საფუძველს წარმოადგენს რობერტ ლევანდოვსკისა და ტიმო ვერნერის დაპირისპირება რადგან მიმდინარე სეზონში აღნიშნული მოთამაშეები იმ გუნდების საუკეთესო მეგოლეები არიან რომლებსაც ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში წამყვანი პოზიციები უჭირავთ.

საინტერესოა ფაქტია ისიც რომ თუ ბაიერნის პოლონელი ფორვარდი დარჩენილ 2 მატჩში მინიმუმ 2 გოლის გატანას მოახერხებს მორიგ რეკორდს მოხსნის რომელიც ჯერ კიდევ ლეგენდარულ გერდ მიულერს ეკუთვნის.

ხვალ გასამართი მატჩისთვის დანაკლისი ორივე გუნდს ექნება, აქედანვე ცნობილია რომ ლაიპციგს ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ვილი ორბანი დააკლდება, ბავარიელთა მხრიდან კი მატჩს სვენ ულრაიხი, მანუელ ნოიერი და ხავი მარტინესი გამოტოვებენ.

შეგახსენებთ რომ დაპირისპირება ხვალ თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..