» » ანჩელოტის 100 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი ტრანსფერებისთვის

ანჩელოტის 100 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი ტრანსფერებისთვის

15-მაი-2017, 01:05
0363
ზაფხულში მიუნხენური გრანდი შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და რამოდენიმე ვარკვლავის შეძენას აპირებს. როგორც ინტერნეტ-გამოცემა Welt იუწყება, „ბავარია“ მზადაა მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის ტრანსფერებზე 100 მილიონი ევრო გამოუყოს. თუ როგორ გამოიყენებს ამ თანხას იტალიელი ჯერ უცნობია.

ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზანს გერმანული კლუბისათვის „არსენალის“ შემტევი ალექსის სანჩესი წარმოადგენს. მიმდინარე სეზონში ჩილელმა არაერთხელ განაცხადა, რომ ტიტულების მოპოვება სურს და ეჭვობს, რომ „მეთოფეების“ რიგებში ამის მოღწევას შეძლებს. „ბავარია“ ამ სიტუაციის გამოყენებას გეგმავს და მზადაა ალექსისს თავისი პირობები შესთავაზოს.

სანჩესის გარდა „ბავარია“ პსჟ-ს ნახევარმცველით მარკო ვერატითიცაა დაინტერესებული, რომელიც ანალოგიურ სიტუაციაშია, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ. იტალიელმა რწმენა დაკარგა იმისა, რომ საფრანგეთის დედაქალაქში ევროპის მთავარი საკლუბო ტიტულის მოპოვებას შეძლებს, ამიტომ მზადაა თავი სხვა კლუბში გამოსცადოს. მიუნხენელებს კი აღნიშნული ტრანსფერი დაეხმარება საყრდენი ნახევარმცველის პოზიციის გამყარებაში, რადგან ხაბი ალონსო სეზონის დამთავრებისას პროფესიონალურ კარიერას ასრულებს.

სანჩესისა და ვერატის გარდა „ბავარია“ ბუნდესლიგის ამომავალ ვარსკვლავებსაც ადევნებს თვალს, როგორიც „შალკე 04“-დან ლეონ გორეცკაა, „ვერდერიდან“ - სერჟ გნაბრი და ლევერკუზენის „ბაიერიდან“ - იულიან ბრანდტია.

რა თქმა უნდა, საფეხბურთო რეალიებში, ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფეხბურთელების 100 მილიონად შეძენა წარმოუდგენელია, ამიტომ გახსნილი რჩება კითხვა, თუ რომელი პოზიციის გამყარებას მიანიჭებს უპირატესობას კარლო ანჩელოტი, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..