მშვიდობით ჰერ ფილიპ! » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » მშვიდობით ჰერ ფილიპ!

მშვიდობით ჰერ ფილიპ!

17-05-2017, 19:04 LEV4NI თავისუფალი სტატია 0

მშვიდობით ჰერ ფილიპ!
შეუცვლელი არავინაა... მართალია ეს სიტყვები საფეხბურთო სამყაროში ძალიან ხშირად გვხვდება თუმცა არსებობენ ისეთი მოთამაშეები რომელთა სრულფასოვნად ჩანაცვლება რბილად რომ ვთქვათ ურთულეს მისიას წარმოადგენს.

ბაიერნი კი სწორედ ასეთი სიტუაციის წინაშეა, კლუბს ტოვებს ლეგენდარული განაპირა მცველი და სამაგალითო კაპიტანი ფილიპ ლამი რომელმაც მიუნხენული კლუბის რიგებში არც მეტი არც ნაკლები 15 წელი გაატარა.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, 2013 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგა, იმავე წელს გამართული ევროპის სუპერ თასი და ასე შემდეგ...ფილიპის ხელში გულშემატკივარს არაერთი თასი აქვს ნანახი თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ ის რომ 20 მაისს ფრაიბურგთან გამართული მატჩის შემდეგ აწეული ვერცხლის სინი მის კარიერაში ბოლო იქნება.

ახლა კი გადავხედოთ ფილიპის კარიერის მნიშვნელოვან თარიღებს.

1989 წელი: ფილიპმა სწორედ ამ წელს დაიწყო ფეხბურთის თამაში, ახალგაზრდა მოთამაშე თავდაპირველად მიუნხენის ერთ-ერთ სამოყვარულო გუნდში ირიცხებოდა თუმცა 11 წლის ასაკში ის იან პიენტამ (ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი) შენიშნა და ის მიუნხენის ბაიერნის ასაკობრივ გუნდში გადაიყვანა.

1995 წელი: ლამი ბაიერნის ერთ-ერთი ასაკობრივი გუნდის მოთამაშე გახდა, მართალია ფილიპმა აქ 6 წელი გაატარა თუმცა როგორც ჩანს ტანმორჩილმა ბიჭუნამ საბოლოოდ მაინც მოახერხა სავარჯიშო მოედანზე შეკრებილი მწვრთნელების მოხიბვლა და ის ბაიერნის დუბლებში აღზევდა.

1999 წელი: მისი კარგი თამაში არც ნაკრებისთვის დარჩენილა შეუმჩნეველი, სწორედ ამ მიზეზით 16 წლის ლამმა გერმანიის ეროვნული ნაკრების 17 წლამდელთა გუნდის მაისური მოირგო.

2002 წელი: ამ წელს რეკორდმაისტერის ამომავალი ვარსკვლავი უკვე 19 წლის იყო, ის დიდებულად ასპარეზობდა ბავარიელთა სარეზერვო გუნდში რაც შეუმჩნეველი არავისთვის დარჩენილა. ოტმარ ჰიცფელდმა კი მას პირველ გუნდში რამდენიმე თამაშის ჩატარების საშუალება მისცა.

2002 წლის 13 ნოემბერი: სწორედ ამ დღეს შედგა ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის დებიუტი ბაიერნის მთავარ გუნდში, მატჩში სადაც გერმანულმა გრანდმა ლენსთან შედეგიანი ფრე 3:3 ითამაშა.

2003 წელი: იმის გამო რომ იმ პერიოდში ბაიერნის მაისურს ისეთი დიდებული მცველები ირგებდნენ როგორებიც ვილი სანიოლი და ბიქსენტ ლიზარაზუ იყვნენ, ლამის იჯარით გაშვება გახდა საჭირო. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა რომ ფილიპ ლამი 2 წლის განმავლობაში შტუტგარტის მასიურით გამოდიოდა სათამაშო მინდორზე.

2004 წელი: ამ წელს ლამი ფეხბურთის გულშემატკივრებს ეროვნული ნაკრების მთავარი გუნდის მაისურით მოევლინა, ამ დღიდან მოყოლებული „მისტერ საიმედოობამ“ ბუნდესთიმში 113 შეხვედრა ჩაატარა რომელშიც თავის გამოჩენა 5-ჯერ მოახერხა.

2005 წელი: მერსედეს-ბენც არენაზე გატარებული საკმაოდ ნაყოფიერი 2 წლის შემდეგ ლამი მშობლიურ ბაიერნს დაუბრუნდა, უნდა ვთქვათ ისიც რომ ფილიპმა შტუტგარტის რიგებში 53 მატჩი ჩაატარა რომელთა შორის ევროტურნირებიც იყო.

2006 წელი: ამ წელს ლამი უკვე ბაიერნის სრულფასოვანი წევრი იყო, 20 აგვისტოს კი როდესაც ბავარია გასვლაზე ბოხუმს ეთამაშებოდა ლამმა მისი გუნდის მაისურით პირველი გოლი გაიტანა და რეკორდმაისტერის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვრილიც შეიტანა.

2008 წელი: ბევრისთვის არ არის ცნობილი ის ფაქტი რომ 9 წლის წინ კატალონიის ბარსელონა სერიოზულად ცდილობდა ლამის გადაბირებას თუმცა გერმანელმა ფეხბურთელმა საბოლოოდ მშობლიურ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა.

2008 წლის 29 ივნისი: შვეიცარიაში გამართული ევროპის ჩემპიონატი ლამისთვის რიგით მეორე ევროპული პირველობა გახლდათ, მართალია გერმანიის ნაკრებმა ფინალურ ეტაპზეც კი გააღწია თუმცა ვენაში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და მინიმალური ანგარიშით 1:0 დათმო შეხვედრა.

2010 წელი: ყველასათვის კარგადაა ცნობილი რომ 2010 წელს ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტი ჰოლანდიელ ლუის ვან გაალს ეჭირა, მისი თაოსნობით ლამმა და კომპანიამ ჩემპიონტა ლიგის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა თუმცა სამწუხაროდ ბავარიამ ინტერთან ფინალური დაპირისპირება ორბურთიანი სხვაობით დათმო.

2011 წელი: ეს წელი გამორჩეული გახლდათ იმით რომ მარკ ვან ბომელის შემდეგ კაპიტნის სამკლავური ფილიპ ლამმა მოირგო. მას შემდეგ კი ლამი გუნდის კაპიტანია და საკმაოდ წარმატებით უძღვება გუნდს.

2012 წელი: ამ დროს ბაიერნის მწვრთნელი იუპ ჰაინკესი გახლავთ, მისი პირველი წელი ბაიერნში კი ძალიან დრამატული გამოდგა. ალბათ სწორედ 2012 წლის ლიგის ფინალი იყო ის თამაში სადაც ლამმა და მისმა თანაგუნდელებმა ყველაზე მტკივნეული მარცხი იწვნიეს საკუთარ სტადიონზე ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ.

2013 წელი: მიუნხენული ფინალის შემდეგ მომავალ სეზონში ბავარია კიდევ უფრო მოწადინებული ჩანდა, 2013 წელს მიუნხენის ბაიერნმა უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო და ასე დაამტკიცა რომ წინა წელს განცდილი მარცხი უბრალო შემთხვევითობა იყო. ლამმა კი კარიერაში პირველად აღმართა ლიგის „ყურებიანი“ თასი.

2014 წელი: ჰაინკესის შემდეგ ბაიერნს სათავეში კატალონიელი პეპ გვარდიოლა ჩაუდგა, საინტერესო გახლდათ ის რომ ესპანელის ხელში ლამმა მარჯვენა მცველის პოზიციიდან საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გადაინაცვლა და აღნიშნულ მისიას თავი მშვენივრადაც გაართვა. მოგვიანებით ამ ხერხს მიმართა გერმანიის ეროვნული ნაკრების თავკაცმა იოაჰიმ ლიოვმაც.

2014 წლის 16 ივნისი: ამ დღეს ბუნდესნაკრებმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა პორტუგალიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ, გერმანელებმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხეს.

2014 წლის 13 ივლისი: გერმანიის ნაკრებმა ბრაზილიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საგზური საკმაოდ დამაჯერებლად მოიპოვა, ფინალში კი არგენტინის ნაკრებს მარიო გიოტცეს მიერ გატანილი ერთადერთი გოლის დახმარებით მინიმალური ანგარიშით მოუგო და ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

-შესაბამისად გერმანია გახდა პირველი ევროპული გუნდი რომელმაც სამხრეთ ამერიკიდან მსოლფიოს თასი წამოიღო. ლამი კი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.

2014 წლის 18 ივლისი: მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებიდან ძალიან მალე კი ფილიპ ლამმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა ოფიციალური განცხადება. 30 წლის ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრები მაჟორულ ნოტაზე დატოვა. სულ კი 113 მატჩი ჩაატარა რომელშიც 5 გოლი გაიტანა.

2016 წლის 24 თებერვალი: ამ დროს ბაიერნი ტურინს ესტუმრა და ადგილობრივ გუნდთან ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი დაპირისპირება გამართა. ბაიერნმა იუვენტუსთან შედეგიანი ფრე დააფიქსირა 2:2. ფილიპისთვის კი აღნიშნული მატჩი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით რიგით მე-100 გამოდგა.

2017 წლის 4 თებერვალი: ამ დღეს ლამმა ბაიერნის მაისური მეხუთასედ მოირგო, მართალია გუნდმა შალკეს დამარცხება ვერ შეძლო (1:1) თუმცა აღნიშნული მატჩი გულშემატკივრებს სულ სხვა მიზეზის გამო დაამახსოვრდა. სწორედ 4 თებერვალს გამართული მატჩის შემდეგ განაცხადა ჰერ ლამმა რომ 2016/17 წლების საფეხბურთო სეზონის შემდეგ ის საფეხბურთო კარიერას დაასრულებდა.

აღნიშნული ჩამონათვალი მცირე მონახაზია ფილიპ ლამის იმ დიდებული კარიერისა რომელიც მას წლების განმავლობაში ჰქონდა, ორი აზრი არ არსებობს რომ ფილიპი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ამიტომ ძალიან საწყენი გახლავთ რომ საფეხბურთო სამყაროს მისი სახით კიდევ ერთი დიდებული მოთამაშე დააკლდება, თუმცა დიდი ალბათობით კაპიტანი საფეხბურთო სფეროს არ ჩამოშორდება და საკუთარ თავს სხვა ამპლუაში წარმოაჩენს. წინასწარი ინფორმაციით ლამი უახლოეს მომავალში ბაიერნის სპორტული დირექტორი უნდა გახდეს.

ალბათ სიმბოლურია ისიც რომ ფილიპ ლამის კარიერის დასრულების შემდეგ შტუტგარტი გერმანული ფეხბურთის ელიტას კვლავ დაუბრუნდება, კაპიტანი ყოველთვის აღნიშნავს რომ შტუტგარტელთა რიგებში გატარებული პერიოდი მის კარიერაში დადებითი შედეგის მომტანი აღმოჩნდა.

ახლა კი ისღა დაგვრჩენია რომ დაველოდოთ ფრაიბურგის წინააღმდეგ გასამართ მატჩს რომლის შემდეგაც ფილიპის ხელში ჯერ ვერცხლის სინს ვიხილავთ მოგვიანებით კი ლუდის კათხებს. ამის შემდეგ ჰერ ფილიპი საფეხბურთო სამყაროს დროებით დაემშვიდობება, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი დიდი ალბათობით ბაიერნის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მოგვევლინება.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.