» » ჰაიდელი : არანაირ მოლაპარაკებას ადგილი არ აქვს

ჰაიდელი : არანაირ მოლაპარაკებას ადგილი არ აქვს

19-05-2017, 15:38
0143
გელზენკირხენის "შალკე 04"-ის სპორტული დირექტორი კრისტიან ჰაიდელი, კატეგორიულად უარყოფს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლეონ გორეცკასა და მიუნხენის "ბაიერნს" შორის, ტრანსფერთან დაკავშირებით, მოლაპარაკებათა პროცესი უკვე დაწყებულია. გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, ხსენებული სპეციალისტი აღნიშნავს, რომ მის ხელთარსებული ყველა ინფორმაციით ამგვარ მოლაპარაკებებს ადგილი არ აქვს. საკუთარი ინფორმაციის პირველწყაროდ კი თავად 22 წლის ფეხბურთელს და მის აგენტს ასახელებს.

"მოცემულ მომენტში, არანაირ მოლაპარაკებათა პროცესს, მიუნხენის "ბაიერნსა" და ლეონ გორეცკას შორის, ადგილი არ აქვს. მე ძალიან ღია და გახსნილი ურთიერთობა მაქვს, როგორც თავად ფეხბურთელთან ისე მის აგენტთან. ეს პიროვნებები კი მე მაწვდიან შესაბამის ინფორმაციას." -ციტირებს კრისტიან ჰაიდელის სიტყვებს გამოცემა Bild-ი.

შეგახსენებთ, აღნიშნულ ინტერვიუს წინ უსწრებდა გერმანულ პრესაში გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა დაინტერესებულია 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელებით და გარკვეული მოლაპარაკებები, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, უკვე დაწყებულია.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ თავად გელზენკირხენური კლუბი, ყველა ღონეს ხმარობს ახალგაზრდა ნახევარმცველის შენარჩუნებისათვის და ამისათვის ახალ კონტრაქტსაც კი სთავაზობს, ნიჭიერ ფეხბურთელს. 7-8 მილიონ ევრომდე გაზრდილი წლიური ხელფასი, ეს ის ციფრებია, რაც სულ ახლახანს გასაჯაროვდა პრესის მეშვეობით.

"შალკე 04"-თან გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულების თანახმად, ლეონ გორეცკამ გელზენკირხენურ კლუბში, 2018 წლის 30 ივნისამდე უნდა იასპარეზოს. 2016-2017 წლის საფეხბურთო სეზონში ფეხბურთელის აქტივში, ჩატარებული 40 შეხვედრის მონაცემების გათვალისწინებით, 8 გატანილი გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა აღინიშნება. transfermarkt-ის ინფორმაციით, მოცემულ მომენტში, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..