» » იანკერი "ჰორნის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაინიშნა

იანკერი "ჰორნის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაინიშნა

2-06-2017, 11:31 -ss- სიახლეები 0

იანკერი
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი კარსტენ იანკერი, ავსტრიულ საფეხბურთო კლუბ "ჰორნის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაინიშნა. 42 წლის ექს-ბავარიელსა და ზემოხსენებულ კლუბს შორის გაფორმებულ ხელშეკრულების დეტალებზე, დაწვრილებითი ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. უცნობია როგორც კონტრაქტის მოქმედების ვადა, ასევე მისი ფინანსური მხარე.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ კარსტენ იანკერისათვის ეს პირველი სამსახურია მთავარი მწვრთნელის ამპლუაში, თუმცა ავსტრიაში მუშაობის გარკვეული გამოცდილება, ვეტერან შემტევს ნამდვილად აქვს. 2013 წლიდან იანკერი, საფეხბურთო კლუბ "რაპიდის" მთავარი მწვრთნელის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა.

2016-2017 წლის განვლილ სეზონში, საფეხბურთო კლუბი "ჰორნი", ავსტრიის მე-2 დივიზიონში ასპარეზობდა. მოპოვებული 33 ქულით, ხსენებულმა კლუბმა სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილი დაიკავა, რითიც აღნიშნულ ტურნირზე ასპარეზობის უფლება დაკარგა და ქვედა დივიზიონში გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, კარსტენ იანკერი მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში, 1996-2002 წლებში ირიცხებოდა. არის ბუნდესლიგის 4 გზის და გერმანიის თასის 2 გზის გამარჯვებული, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1998-1999 წლის ვიცე-ჩემპიონი და 2000-2001 წლის ჩემპიონი. ასევე 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.