» » Sport1: თომას შტრუნცის რჩევა ლეონ გორეცკას

Sport1: თომას შტრუნცის რჩევა ლეონ გორეცკას

21-06-2017, 12:03 -ss- სიახლეები 0

Sport1: თომას შტრუნცის რჩევა ლეონ გორეცკას
მიუნხენური კლუბის ყოფილი ფეხბურთელი თომას შტრუნცი, "ბაიერნის" ხელმძღვანელობას მოუწოდებს, გელზენკირხენის "შალკე 04-ის" ნახევარმცველის, ლეონ გორეცკას ტრანსფერისათვის აქტიური ბრძოლა განაგრძოს. ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში, 49 წლის ექს-ბავარიელი აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული ტრანსფერის განხორციელება, არა მხოლოდ გერმანული გრანდის, არამედ საკუთრივ ფეხბურთელის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს და ახალგაზრდა ნახევარმცველს, ერთგვარ რჩევასაც კი აძლევს.

"ფიზიკური და სათამაშო მონაცემების გათვალისწინებით ლეონ გორეცკა, მიუნხენის "ბაიერნისათვის", ძალზედ სასარგებლო შენაძენი იქნებოდა. ეს ფეხბურთელი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და მომავალში მისი თამაში გაცილებით სტაბილური გახდება. "შალკე" საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას ვერ მიიღებს, ამიტომ გორეცკა უნდა დაფიქრდეს, თუ რა იქნება უკეთესი მისი მომავლისათვის და სურს თუ არა მას დიადი მიზნების მისაღწევად, ძლიერ კლუბში თამაში"-ციტირებს თომას შტრუნცის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Sport1.

22 წლის გერმანელი ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება, transfermarkt-ის ინფორმაციით, 23 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა აღსანიშნავი ფაქტია, რომ გელზენკირხენური კლუბის ხელმძღვანელობა ყველა ღონეს ხმარობს, ხსენებული ფეხბურთელის შენარჩუნებისათვის და მას ახალ კონტრაქტს, გაუმჯობესებული ფინანსური პირობებით სთავაზობს.

ლეონ გორეცკა, "შალკე 04"-ის რიგებში 2013 წლის 2 ივლისს ჩაირიცხა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის არსებულ მიმდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობას ვადა, 2018 წლის 30 ივნისს ეწურება. 2016-2017 წლის საფეხბურთო სეზონში, 22 წლის ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე, 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 8 გოლი და განახორციელა 6 შედეგიანი გადაცემა.
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.