ჰიონესი: "რენატუ სანჩესს შანსი უნდა მივცეთ"
მიუნხენის „ბავარიაში“ კვლავ სჯერათ, რომ ახალგაზრდა პორტუგალიელ ნახევარმცველს რენატო სანჩესს შეუძლია გუნდისათვის სარგებლის მოტანა. ამის შესახებ გერმანული გრანდის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა განაცხადა.
„სანჩესს ჯერ არ მისცემია შესაძლებლობა 3-4 მატჩი ეთამაშა ზეწოლის გარეშე. მე იმის მომხრე ვარ, რომ „ბავარიამ“ სანჩესს კიდევ 1 სეზონში მისცეს შანსი. ვთვლი, რომ მოთმინება და სიმშვიდე უნდა გამოვიჩინოთ. ახალგაზრდა ფეხბურთელებს საჭიროა ნდობა გამოვუცხადოთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ზედიზედ 2 წელს მხოლოდ გერმანიის ჩემპიონები გავხდებით და საერთაშორისო დონეზე წარმატებებს ვერ მივაღწევთ“, - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს ცნობილი გერმანული ინტერნეტ-გამოცემა Kicker.
ბოლო პერიოდში ყვითელ პრესაში სულ უფრო და უფრო მეტი იწერებოდა სანჩესის სხვა კლუბში გადასვლის შესახებ, თუმცა თვითონ ფეხბურთელი მზადაა მმიუნხენელებს თავისი საჭიროება დაუმტკიცოს.
2016/17 სეზონში პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა ბუნდესლიგის 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავის გამოჩენა ვერ შეძლო.