» » ბავარიელები ბრემენში "რთულ თამაშს" ელოდებიან

ბავარიელები ბრემენში "რთულ თამაშს" ელოდებიან

25-08-2017, 21:42 dachi8 ანონსი 1

ბავარიელები ბრემენში
ბუნდესლიგის 2017/18 წლის სეზონის მე-2 ტურის ფარგლებში „ბავარია“ სტუმრად „ვერდერს“ ეწვევა. მაგრამ მოიცადეთ! ეს რაღაც ნაცნობია. 2007/08 წლის სეზონის მე-2 ტურში რეკორდმაისტერი ასევე თამაშობდა ბრემენში და მაშინ ანგარიშით 4:0 გამარჯვება მოიპოვა. „ბავარიის“ ახალწვეულმა ფრანკ რიბერიმ პენალტიდან გოლი გაიტანა და ბუნდესლიგაში თავისი გოლების დასაწყისს ჩაუყარა საფუძველი, შემდეგ კი თავისი სისწრაფითა და დრიბლინგით მოედანზე ნამდვილი ფურორი მოახდინა.

10 წლის შემდეგ რიბერი კვლავინდებურად ახარებს თავისი თამაშით „ბავარიის“ გულშემატკივრებს და ისევე, როგორც სხვა „ბავარიელებს“ შაბათს მასაც გამარჯვება სწყურია.

„ძალიან კარგად მახსოვს ის თამაში“, - ყვება რიბერი fcbayern.com-თან. „ჩვენ მაშინ კარგად ვითამაშეთ, გავიმარჯვეთ და დიდი სიამოვნება მივიღეთ“. ამ მომენტისათვის 34 წლის რიბერი ფილიპ ლამის კარიერის დასრულების შემდეგ კლუბის მთავარ ვეტერანად ითვლება. „ეს ჩემი მე-11 სეზონია, უბრალოდ წარმოუდგენელია. როგორც იმ დროს, ახლაც ძველებურად მოტივირებული ვარ და ფეხბურთისაგან ბევრ სიამოვნებას ვიღებ“.

კარლო ანჩელოტისთვის ფრანგი - „გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ის გუნდის ახალწვეულებსა და ახალგაზრდა ფეხბურთელებს მხარს უჭერს, მიუხედავად იმისა, რომ რიბერი კაპიტნად არ გვევლინება. ის მეტად მნიშვნელოვანია გუნდის შიდა ატმოსფეროსთვის“ - თქვა იტალიელმა პარასკევს პრეს-კონფერენციაზე. „ვერდერი“ სხვათაშორის რიბერის ერთ-ერთ საყვარელ კლუბად გვევლინება. მას არც ერთი სხვა კლუბის კარში არ გაუტანია ამდენი გოლი, რამდენიც „ვერდერის“ კარში. მოახლოებულ თამაშს ის მაქსიმალური მოტივაციით ხვდება. „ბრემენში მატჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უნდა მოვიგოთ“.

ნოიერი დაბრუნების პირასაა

ასეთივე აზრისაა კარლო ანჩელოტიც, რომელსაც კარგად ახსოვს იანვარში არც ისე ადვილი სტარტი, როდესაც „ბავარიამ“ გამარჯვება 2:1 ანგარიშით მოახერხა. „იმ მატჩში ჩვენ საუკეთესოდ არ გვითამაშია, მაშინ როდესაც „ვერდერს“ ყველაფერი კარგად გამოსდიოდა“. წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, ანჩელოტი შაბათსაც ადვილ თამაშს არ ელოდება. „ვერდერი“ კი დამატებით იქნება მოტივირებული, რადგან წინა ტურში სახლში „ჰოფენჰაიმთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.

მოსალოდნელია, რომ ხვალ დიდ ფეხბურთში დაბრუნებას მანუელ ნოიერი იზეიმებს. „მანუ მზადაა, ხვალ ის შეძლებს მოედანზე გამოსვლას“, - განაცხადა ანჩელოტიმ. ამასთან, იტალიელმა მე-2 გოლკიპერის სვენ ულრაიხის თამაშსაც ხაზი გაუსვა: „მე ძალიან კმაყოფილი ვარ ულრაიხით, ის ძალიან კარგად თამაშობდა“. ტიაგო და ხავი მარტინესიც ასევე გამოჯანმრთელდნენ და ბრემენში გაემგზავრებიან გუნდთან ერთად. ამგვარად, გუნდს ჯერ-ჯერობით ვერ ეხმარებიან მხოლოდ - ჟერომ ბოატენგი, ხუან ბერნატი და ხამეს როდრიგესი.

უკანასკნელი საშინაო მოგება 11 წლის უკან

ბრემენელებს იმედი აქვთ, რომ მოახლოებულ მატჩში „ბავარიასთან“ თავის ნეგატიურ სერიას შეწყვეტენ. „რა თქმა უნდა, გარკვეული იმედები გაგვაჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოედანზე საერთოდ არ ღირს გამოსვლა“, - განაცხადა „ვერდერის“ მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდერ ნურიმ. წინა 10 მატჩში „ბავარიის“ წინააღმდეგ ბრემენელებმა მხოლოდ 1 ქულა აიღეს, 9 წაგება და საერთო ანგარიში 5:28 მიიღეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: რიბერის იმ პირველი გოლის შემდეგ „ვერდერმა“ ვერც ერთხელ ვერ მოუგო ბავარიას სახლში.

„ჩვენ თამამად უნდა ვითამაშოთ და ვეცადოთ ჩვენს შესაძლებლობების თავს მაღლა გადავახტეთ. ნებისმიერ მეტოქეზე გამარჯვება შეგვიძლია“, - თვლის ნური, რომელსაც მოახლოებულ შეხვედრაში ზლატკო იუნუზოვიჩისა და ნიკლას მოისანდერის იმედი ვერ ექნება. „ბრემენის“ სპორტული დირექტორი ფრანკ ბაუმანი, რომელიც თავის დროზე „ვერდერის“ ფერებს იცავდა, შემდეგს იძახის: „ჩვენ არასასიამოვნო მეტოქე უნდა გავხდეთ. თავისუფალი ზონები უნდა ჩავკეტოთ „ბავარიისთვის“ და შეტევაში ვეცადოთ გზები გამოვნახოთ“.
1
1

-ss- (25 აგვისტო 2017 21:46)

ჩემთვის ამ სეზონის პირველი თამაში, რომელსაც ჩავუჯდები და ვუყურებ ab rekordera ლიგის მერე როგორ ველოდებოდით ახალ სეზონს :)) trafaret fansbay
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.