» » ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო

ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო

13-09-2017, 01:11 LEV4NI მიმოხილვა 0

ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო
დღეს სტარტი აიღო უეფას ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების გათამაშებამ სადაც ბავარიული კლუბის პირველი გამოსვლა წარმატებული გამოდგა, რეკორდმაისტერმა ანდერლეხტის წინააღმდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა თუმცა თამაშის მიმდინარეობისას იყო ისეთი მომენტებიც რის გამოც გერმანული კლუბის გულშემატკივრებს უკმაყოფილების საფუძველი ნამდვილად ექნებათ.

ბავარიამ მატჩის სადავეების მოპოვება ძალიან მოკლე დროში მოახერხა, უკვე 11-ე წუთზე საჯარიმოში წესების დარღვევის გამო ბელგიური კლუბის ერთ-ერთი მოთამაშე მოედნიდან გააძევეს, ლევანდოვსკიმ მისი წაქცევის გამო დანიშნული პენალტი გოლად გარდასახა და მიუნხენულ გრანდს საქმე მეტად გაუმარტივა.

ყველაფერი იქეთ წავიდა რომ ბაიერნს მეტოქისთვის რამდენიმე გოლი პირველივე ტაიმში უნდა გაეტანა და მატჩი რაც შეიძლება მალე დაესრულებინა თუმცა ანდერლეხტის სასახელოდ უნდა ვთქვათ რომ გუნდმა საკუთარი ძალების დემონსტრირება მოახერხა და მანუელ ნოიერის კართან რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნა.

პირველი ტაიმის ბოლოს კი სტუმრები ძალიან ახლოს იყვნენ ანგარიშის გათანაბრებასთან, გერმანული კლუბის კართან შექმნილი არეულობის შემდეგ ბურთი ბელგიელთა ერთ-ერთ შემტევს მიუვიდა რომლის დარტყმულიც მეკარისაგან მარცხენა ძელს მოხვდა.

ბაიერნმა მეორე გოლის გატანა მეორე ტაიმის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ მოახერხა, მრავალსვლიანი კომბინაცია კიმიხის დიდებული გადაცემით გამწვავდა და საკმაოდ მარტივ სიტუაციაში დარჩენილმა ტიაგო ალკანტარამ მეტოქე გუნდის კარი მეორედ აიღო.

ამ მომენტიდან ძალიან მალე ბაიერნმა კიდევ ერთხელ გაიტანა თუმცა კლუბის ახალწვეულის მიერ გატანილი გოლი მსაჯმა გააუქმა, არადა ნამდვილად შეიძლებოდა იმის თქმა რომ ნიკლას ზულე იმ ეპიზოდში თამაშის წესებს ნამდვილად არ არღვევდა და გოლიც წესების სრული დაცვით გავიდა.

მომდევნო წუთებში კარლო ანჩელოტიმ სამი ცვლილება განახორციელა, ხავი მარტინესის ნაცვლად მოედანზე ჟერომ ბოატენგი შევიდა, ფრანკ რიბერი ტომას მიულერმა ჩაანაცვლა მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი იტალიელმა სპეციალისტმა ხამეს როდგრიგესიც გაიყვანა რომელიც კინგსლი კომანმა შეცვალა.

მესამე გოლი კი მატჩის 90-ე წუთზე გავიდა, ჟერომ ბოატენგის დიდებულ გადაცემას იოზუა კიმიხი გამოეხმაურა რომელმაც მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადაგზავნა ბურთი - 3:0.

ასე რომ ბავარიულმა კლუბმა წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო თუმცა მთელ რიგ ეპიზოდებში გერმანელთა შეუთანხმებელი თამაში რეკორდმაისტერის გულშემატკივრებს ნამდვილად აძლევს შეშფოთების საფუძველს, ჩვენ კი იმედი ვიქონიოთ რომ კლუბში შექმნილი სიტუაცია რაც შეიძლება მოკლე დროში შეიცვლება უკეთესობისაკენ.

აქვე გეტყვით იმასაც რომ ჩემპიონთა ლიგაზე ბავარიელები მომდევნო დაპირისპირებას 27 სექტემბერს პარიზში ადგილობრივი პსჟ-ს წინააღმდეგ გამართავენ.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.