» » ბავარიამ ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა

ბავარიამ ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა

29-10-2017, 03:08 dachi8 სიახლეები 0

ბავარიამ ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა
ბუნდესლიგის X ტურში „ბავარია“ სატურნირო ცხრილის ლიდერი გახდა. ტურის ცენტრალურ მატჩში გერმანიის რეკორდმაისტერმა, პირდაპირი კონკურენტი „ლაიფციგი“ 2:0 ანგარიშით დაამარცხა. გამარჯვებამ გუნდს 3 ქულა მოუტანა, ახლა 23 ქულით მიუნხენელები დორტმუნდელებს 3 ქულით, ხოლო ლაიფციგს 4 ქულით უსწრებენ.

გადაჭედილი „ალიანც არენა“ იუპ ჰაინკესის „ბავარიის“ მორიგი გამარჯვების მომსწრე გახდა. „ხარების“ კაპიტნის ვილი ორბანის გაძევების შემდეგ (ბოლო იმედზე წესების დარღვევის გამო) სტუმრები იძულებულნი იყვნენ მატჩი უმცირესობაში ჩაეტარებინათ. ხამესმა (მე-19 წუთზე) და რობერტ ლევანდოვსკიმ (38-ე წუთზე) გუნდი ჯერ კიდევ 1-ელ ტაიმში დააწინურეს. მატჩის მე-2 ნახევარში თამაში დაწყნარდა, „ბავარიელები“ ბურთს აკონტროლებდნენ, „ლაიფციგს“ კი ძალები აღარ ეყო რაიმეს შესაცვლელად.

შემადგენლობა

სათასო თამაშთან შედარებით „ბავარიელთა“ შემადგენლობაში 3 ცვლილება განხორციელდა. ძირითადში რუდი, მარტინესი და ხამესი გამოჩნდნენ. ტოლისო და ვიდალი სათადარიგო სკამზე განთავსდნენ. კომანი, რომელმაც მუხლის მცირე დაზიანება მიიღო ჯერ კიდევ ჰამბურგში, მაგრამ სათასო თამაშში მიიღო მონაწილეობა, განაცხადში არ მოხვედრილა.

„ლაიფციგმაც“ 3 ცვლილება განახორციელა შემადგენლობაში. ვერნერი, კლოსტერმანი და დემმე პირველივე წუთებიდან გამოჩნდნენ, რომლებმაც ოგიუსტენი, კამპლი და ბერნარდო შეცვალეს.

თამაშის მიმდინარეობა

სათასო თამაშის დამთავრებისთანავე, ყველას ერთი კითხვა რჩებოდა, თუ როგორ მოასწრებდნენ გუნდები ძალების აღდგენას მომდევნო თამაშისათვის. მითუმეტეს, რომ „ხარებს“ იმ მატჩის ნახევარი, 10 კაცით მოუწიათ ჩატარება. მაგრამ თამაში სხვანაირად აეწყო. „ბავარიამ“ პირველივე წუთებიდან სახიფათო მომენტები შექმნა: მარტინესს (2’, 9’) ორჯერ შეეძლო თავით გოლის გატანა. „ლაიფციგს“ კი კონტრშეტევების იმედი ჰქონდა. საკვანძო მომენტი მე-12 წუთზე შეიქმნა, როდესაც სტუმრების კაპიტანმა ორბანმა, საჯარიმოსკენ შეჭრილი რობენი წესების დარღვევით შეაჩერა. კაპიტანმა კაპიტანი წააქცია. ვიდეოგამეორების შემდეგ „ლაიფციგის“ მცველი მოედნიდან გაძევებული იქნა.

უმრავლესობაში დარჩენილმა „ბავარიამ“ მეტოქე უფრო მჭიდროდ ჩაკეტა თავისივე საჯარიმოში. სულ რამოდენიმე წუთის შემდეგ, ხამესმა (19’) რუდისა და რობენის ბრწყინვალე კომბინაცია დაასრულა და გუნდი წინ გაიყვანა. ამის შემდეგ „ბავარია“ მოედანზე დომინირებას განაგრძობდა. ხამესმა (21’) და ლევანდოვსკიმ (24’) თავისი შანსები გაუშვეს ანგარიშის გასაზრდელად. საბოლოოდ პოლონელმა თავისი გოლი მაინც გაიტანა. ლევანდოვსკიმ (38’) მარტინესის ცენტრიდან ჩაწოდებული უმშვენიერესი პასი სისრულეში მოიყვანა. შესვენების სასტვენამდე კი მოედანზე პოლონელი ვიდალმა შეცვალა.

მე-2 ტაიმში „ბავარიას“ არ შეუწყვეტია ბურთის კონტროლი. სტუმრების ყველა მცდელობა ანგარიში გაეთანაბრებინათ, იმედგაცრუებით სრულდებოდა, უმცირესობაში დარჩენილებს შეტევაში ძალები აღარ ყოფნიდათ. მთლიანობაში მომენტები მე-2 ნახევარში ძალიან ცოტა იყო. „ბავარიამ“ დამსახურებულად მოიგო და წარმატებით ჩააბარა გამოცდა მოახლოებული, მნიშვნელოვანი მატჩის წინ „სელტიკთან“, რომელიც ოთხშაბათს საღამოს გაიმართება.

ბავარია - ლაიფციგი 2:0 (2:0)
„ბავარია“
შემადგენლობა:
ულრაიხი - კიმიხი (რაფინია, 84), ჰუმელსი, ბოატენგი, ალაბა - მარტინესი, რუდი - რობენი (ტოლისო, 86), ტიაგო, ხამესი - ლევანდოვსკი (ვიდალი, 45).
სათადარიგო: შტარკე, ზიულე, გიოცე, ვრიდტი

„ლაიფციგი“
შემადგენლობა: გულაჩი - ორბანი, ჰალსტენბერგი, კლოსტერმანი, უპამეკანო - ზაბიცერი (ბრუმა, 46), კეიტა, დემმე, ფორსბერგი )ლაიმერი, 62) - პოულსენი, ვერნერი (კონატე, 23)
სათადარიგო: მვოგო, ოგიუსტენი, კამპლი, ბერნარდო

მსაჯი: დანიელ ზიბერტი (ბერლინი)

დასწრებადობა: 75000 (ანშლაგი)

გოლები:
1:0 ხამესი (მე-19 წუთზე), 2:0 ლევანდოვსკი (38-ე წუთზე)

ყვითელი ბარათები: ტიაგო
წითელი ბარათები: ორბანი (13’ ბოლო იმედზე წესების დარღვევა)
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.