» » "ბავარიელები" მიღწეულ შედეგს აფასებენ

"ბავარიელები" მიღწეულ შედეგს აფასებენ

23-დეკ-2017, 10:57
0345
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, 77 დღიანი მუშაობის შედეგი შეაფასა "რეკორდმაისტერის" ლეგენდარულმა სპეციალისტმა, იუპ ჰაინკესმა. ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, კლუბის გამოცდილმა დამრიგებელმა, გუნდის თითოეული ფეხბურთელის მიმართ, კომპლიმენტები არ დაიშურა და საკუთარ მოთამაშეებს, გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა.

"მსურს ჩემს გუნდს დიდი კომპლიმენტები მივუძღვნა. გერმანიის ჩემპიონატში გამართული ათი შეხვედრიდან ცხრაში გამარჯვება ვიზეიმეთ. უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით კი ოთხ მატჩში ვიმარჯვეთ. რაც შეეხება, გერმანიის თასის გათამაშებას, ჩვენ დავამარცხეთ "ლაიპციგი", ასევე დორტმუნდის "ბორუსია", ეს უბრალოდ შესანიშნავი რეზულტატია"-აღნიშნა ჰაინკესმა.

"ბიჭებმა ძალიან დიდი სამუშაო შეასრულეს"-ეს კი მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის სიტყვებია.

საკუთარი გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი იყო, მიუნხენის "ბაიერნის" ავსტრიელი ლეგიონერი დავიდ ალაბაც. "ეს ძალიან დადებითი მონაცემებია. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ ეს გზა წარმატებით გავიარეთ და დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ვფიქრობ შესამჩნევია, თუ რაოდენ დიდ სამუშაოს ასრულებს გუნდის მთავარი მწვრთნელი"-განცხადა ალაბამ.

"სეზონის დასაწყისში, ჩვენი გუნდის საქმეები არც თუ ისე კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდგომ კვლავ მოვახერხეთ წარმატებული ასპარეზობის დემონსტრირება"-დასძინა "რეკორდმაისტერის" კარის დარაჯმა, სვენ ულრაიხმა.

"ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, კლუბში არსებული ატმოსფერო კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ის რომ ჩვენ შევძელით და ჩატარებული 16 შეხვედრიდან 15 მათგანში გავიმარჯვეთ, შესანიშნავი შედეგია. როდესაც "ბავარიის" ღირსებას იცავ, ეს რაღაც განსაკუთრებული გრძნობაა. აქ არასდროს არ მოიწყენ. მეორეს მხრივ, დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც განიცდი, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ამ წნეხის გადალახვა მოვახერხეთ"-ციტირებს მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი, თომას მიულერის სიტყვებს.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც მიუნხენის "ბაიერნმა" გერმანიის თასის ეგიდით, "ალიანც არენაზე" დორტმუნდის "ბორუსია" დაამარცხა, კლუბი ზამთრის შესვენებაზე გავიდა. შემდეგ მატჩს გერმანული გრანდი 2018 წლის 12 იანვარს, სტუმრად ლევერკუზენის "ბაიერთან" გამართავს. ბუნდესლიგის მე-18 ტურის ხსენებული შეხვედრა, თბილისის დროით 23:30 საათზე აიღებს სტარტს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..