» » ჰუმელსი: თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ

ჰუმელსი: თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ

24-იან-2018, 12:45
0280
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი, საკუთარი გუნდის მიერ ნაჩვენები ფეხბურთის ხარისხით უკმაყოფილოა. ინტერნეტ-გამოცემა Sport1-თან მიცემულ ინტერვიუში, 29 წლის უკანახაზელი აღნიშნავს, რომ თუ მიუნხენურმა კლუბმა, სათამაშო ასპექტები არ გააუმჯობესა, მაშინ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობა, გერმანული გრანდისათვის შეუძლებელი იქნება.

"ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ საკუთარი თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ, თუ გვსურს რომ საერთაშორისო არენაზე რაიმე სახის წარმატებას მივაღწიოთ. უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენი გუნდი არ იმყოფება იქ სადაც უნდა იყოს. თუ გავითვალისწინებთ მიუნხენის "ბაიერნის" მიერ დემონსტრირებულ ფეხბურთს, სამწუხაროდ შეუძლებლად მიმაჩნია უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება. რა თქმა უნდა, შესაძლოა გაგვიმართლოს კიდეც, მაგრამ ჩემი აზრით, აუცილებელია რომ საკუთარ სათამაშო ასპექტებში, ერთგვარი გარღვევა მოვახდინოთ"-აღნიშნა მატს ჰუმელსმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, ბავარიელთა ცენტრალურმა მცველმა ასევე ისაუბრა, ბუნდესლიგის დონის შესახებ და სხვადასხვა წამყვან ევროპულ ჩემპიონატებთან მიმართებით, მისი ერთგვარი შედარება მოახდინა.

"პირადად ჩემთვის ნათელია, რომ არსებობს სხვა ნაციონალური ჩემპიონატები, რომლებიც თავიანთი კლასით აღმატებულნი არიან ბუნდესლიგაზე. ვფიქრობ, რომ ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონატები, ამ ეტაპისათვის ყველაზე ძლიერია. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ფაქტის შესახებ, რომ ბუნდესლიგის დონემ, შემდგომი კლება არ განაგრძოს. გერმანიაში მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს მეორე და მესამე გუნდი, რომელიც ქულებს სტაბილურად დააგროვებს და კონკურენტულ გარემოს შექმნის"-დაასრულა ჰუმელსმა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..