» » "ზოგჯერ უბრალო რამ ყველაზე ეფექტურია" - ინტერვიუ იუპ ჰაინკესთან

"ზოგჯერ უბრალო რამ ყველაზე ეფექტურია" - ინტერვიუ იუპ ჰაინკესთან

16-02-2018, 22:07 dachi8 ინტერვიუ / სხვადასხვა 0

"ბავარიის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მწვრთნელების საქმიანობასა და თავის პირველ სამწვრთნელო გამოცდილებაზე ისაუბრა, ასევე ჟურნალისტის მიერ სხვა დასმულ კითხვებზე გასცა პასუხი.



ინტერვიუ იუპ ჰაინკესთან



ბ-ნო ჰაინკეს, დღეს ბევრს ლაპარაკობენ ახალგაზრდა მწვრთნელებზე. 1979 წელს თქვენ ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდa მწვრთნელი იყავით, როდესაც 34 წლის ასაკში მიონხენგლადბახის „ბორუსიაში“ დაიწყეთ მუშაობა. როგორ აღწერდით ამას?

ჰაინკესი: - 1978 წლამდე მე ჯერ კიდევ ფეხბურთელი ვიყავი, შემდეგ 1 წელი უდო ლატეკთან ვმუშაობდი. შემდეგ ჩვენმა მენეჯერმა ჰელმუტ გრასჰორფმა მკითხა მზად ვიყავი თუ არა ბორუსიაში მუშაობის დასაწყებად მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მე ყოველთვის უზრუნველი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ამიტომ ვუპასუხე - „რა თქმა უნდა, მზად ვარ“. უკვე შემდეგ გავიგე, თუ რამდენი რამის გაგება მომიწევდა.

კონკრეტულად რა უნდა გესწავლათ?

ჰაინკესი: ჯერ კიდევ ფეხბურთელად ყოფნის დროს, მე უბრალოდ ამბიციური კი არა, არამედ გადამეტებულად ამბიციური ვიყავი. ჩემზე ძლიერად იმოქმედა ჩვენმა მწვრთნელმა ჰანს ვაისვაილერმა - მას სძულდა წაგება. ზუსტად ეს უნდა ისწავლო ფეხბურთში: პატივისცემით უნდა მოეკიდო წაგებებს, მაგრამ მისი მიღება არაფრით არ შეიძლება. ყოველთვის მზად უნდა იყო მათგან დასკვნები გამოიტანო, ანალიზი გაუკეთო და უკეთესი გახდე. მაგრამ არის კიდევ ბევრი სხვა რამ რაც უნდა თავიდან ისწავლო - როგორ გაუძღვე გუნდს და როგორ იურთიერთო ადამიანებთან. მე დამეხმარა ის, რომ უკვე მქონდა მაღალი სტატუსი გუნდში და წამყვანი ფეხბურთელი ვიყავი. აქ მე უბრალო მაგალითის მოყვანა შემიძლია...

მოგვიყევით, თუ შეიძლება

ჰაინკესი: როდესაც მთავარი მწვრთნელი გავხდი, გუნდში ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ ფეხბურთელები, რომელთან ერთადაც ვთამაშობდი. ისინი რა თქმა უნდა მე „შენობით“ მომმართავდნენ. მაგრამ მთავარი მწვრთნელი გავხდი და ამ ფეხბურთელებმა მოისურვეს „თქვენობით“ ფორმაზე გადმოსულიყვნენ. მაშინ მე ვუთხარი: „თქვენ რა გაგიჟდით? თქვენ მე „შენობით“ მომმართავთ და მორჩა აქ ლაპარაკი“. მაგრამ ამ სიტუაციაში ჩანს, თუ როგორი დიდი პატივისცემა იყო ჩემს მიმართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელისთვის. ერთის მხრივ საჭიროა დისტანციის დაცვა, მეორე მხრივ - აუცილებელია ფეხბურთელებთან ახლოს იყო. ვფიქრობ, რომ მე ყოველთვის ვახერხებდი ამ ბალანსის შენარჩუნებას.

"ზოგჯერ უბრალო რამ ყველაზე ეფექტურია" - ინტერვიუ იუპ ჰაინკესთან


როგორ აბამდით თავს მაშინ?

ჰაინკესი: პირველ სეზონში ჩვენ მე-7 ადგილი დავიკავეთ და ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე გავედით, ამიტომ ბევრი შექება დავიმსახურეთ. მაგრამ კრიტიკაც იყო, როგორც დღეს. მაგრამ ჩემს თავს არასდროს არ ვაძლევდი გზიდან გადახვევის უფლებას. ჩემი საფეხბურთო ნიჭის გარდა, ყოველთვის ძლიერი ფსიქიკით გამოვირჩეოდი. ეს ასევე ძლიერად მეხმარებოდა სამწვრთნელო კარიერაში. ყოველთვის მქონდა ზუსტი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ მსურდა ჩემი სამუშაოს შესრულება, მაგრამ მაინც ყოველთვის მზად ვიყავი სხვებისგან რაღაც მესწავლა. ახლაც ასე ხდება - შენ ამჩნევ პატარა დეტალებს, რომლებიც მუშაობაში გეხმარება.

ახალგაზრდა მწვრთნელებს დღევანდელობაში უჭირთ?

ჰაინკესი: დღეს, ახალგაზრდა მწვრთნელები უკეთესად არიან მომზადებულნი. მაშინ მე მხოლოდ 1 წელი ვიმუშავე დიდებულ უდო ლატეკთან, რომლისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ახალგაზრდა მწვრთნელები თავიდან ახალგაზრდულ გუნდებთან მუშაობენ და გამოცდილებას აგროვებენ. მათ უნდა ისწავლონ თავი სწორად წარმოაჩინონ, გუნდთან იურთიერთონ და ვარჯიშებზე იმუშაონ.

გეხმარებათ მუშაობაში, ის, რომ თქვენ თავად იყავით პროფესიონალი ფეხბურთელი?

ჰაინკესი: ეჭვგარეშე ასეა. თუ შენ მაღალი კლასის პროფესიონალი იყავი, მაშინ კვლავ და კვლავ ის სიტუაციები წარმოიქმნება, რომლებიც ათასჯერ მაინც გაქვს განცდილი. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი უპირატესობაა. მაგრამ მაინც, ახალგაზრდა მწვრთნელებისათვის დღეს ადვილი არ არის და მე ამას გულწრფელად ვიძახი. თუნდაც ავიღოთ ჩვენი მასმედიის საშუალებები ან კლუბის მაღალი მოთხოვნები. ახალგაზრდა მწვრთნელებსაც უნდა ჰქონდეს შეცდომის დაშვების უფლება და სიტყვის უფლება, რომლებზეც იტყვიან „უკეთესი იყო ეს არ ეთქვა“. ჩვენ ხომ ეს ყველაფერი უკვე გამოვლილი გვაქვს.
.
ვინ იმოქმედა თქვენზე, ჰანს ვაისვაილერის გარდა?

ჰაინკესი: მაგალითად ერნსტ ჰაპელმა. ის ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელი გახლდათ და უკვე მაშინ „ჰამბურგში“ მეტად თანამედროვე ფეხბურთს აჩვენებდა, 4 მცველი ხაზზე, ოფსაიდები, პრესინგი, აწეული დაცვის ხაზი და თანამედროვე თავდასხმითი სქემები. მე თვალყურს ვადევნებდი მას, ვაანალიზებდი და ვსწავლობდი. შემდეგ იყო არიგო საკი და იოჰან კროიფი. შენ ყოველთვის რაღაც ახალს სწავლობ, ახალ დეტალებს ეცნობი შენს მუშაობაში თუ სულელი არ ხარ.

2013 წლის შემდეგ როდესაც სამწვრთნელო კარიერა დაასრულეთ, თვალყურს ადევნებდით თქვენს კოლეგა-მწვრთნელებს?

ჰაინკესი: სიმართლე რომ გითხრათ, სამწვრთნელო კარიერა 2013 წელს დავასრულე. შემდეგ ფეხბურთს უკვე მხოლოდ როგორც გულშემატივარი ისე ვუყურებდი. რა თქმა უნდა, ზოგჯერ მე ვფიქრობდი: ეს გუნდი მშვენივრად თამაშობს, ან: ასეთ ცვლილებას მე არ განვახორციელებდი. თუ შენ დიდი დროის განმავლობაში მწვრთნელად მუშაობდი, ასეთ რამეებს უკვე ადვილად ამჩნევ. შენ ხედავ თუ როგორ მოძრაობენ ფეხბურთელები, ვინ დაიღალა მათ შორის და ვინ ჯერ არა. ზოგჯერ ფიქრობ, რომ მწვრთნელმა კაგი სამუშაო გასწია, კარგი შემადგენლობა დააყენა და ზუსტი გეგმა გააჩნია. განსაკუთრებით მწვრთნელის ხელი იმ გუნდებს ემჩნევა, რომლებიც მაღალი დონის ფეხბურთელებს არ ფლობენ. ასეთი ბევრჯერ მაქვს შემჩნეული. თუმცა, მე ვისწავლე ფეხბურთით თავი არ გამენებევრებინა. არა - ჯობია 1 საათი დასვენება და ცოტახნით წაძინება (იცინის).

"ზოგჯერ უბრალო რამ ყველაზე ეფექტურია" - ინტერვიუ იუპ ჰაინკესთან


ული ჰიონესმა ამას წინათ თქვა, რომ თქვენ თანამედროვე მწვრთნელიც ხართ და კარგი ადამიანიც. გასადელშიც კი ყველაფერი წესრიგში გაქვთ. როგორია წარმატების რეცეპტი?

ჰაინკესი: თუ ული ჰიონესს რამეს შეეკითხებით, ის ყოველთვის მოიგონებს სათქმელს. ხშირად ეს მეტად პოზიტიური და კარგი სიტყვებია. მან ის იგულისხმა, თუ როგორ ვხელმძღვანელობ გუნდს, როგორი გეგმა მაქვს, როგორ ვმუშაობ გუნდთან ვარჯიშებზე და ყველაფერ დანარჩენზე, რომლებიც საჭიროა ხარისხიანი ფეხბურთისათვის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ის პირველ რიგში გუნდის ხელმძღვანელობაზე საუბრობდა.

როგორია თქვენი ძირითადი პრინციპები?

ჰაინკესი: სხვადასხვა ტიპის მწვრთნელები არსებობენ. ყველაფერი ხასიათზეა დამოკიდებული, თუ როგორ ურთიერთობს მწვრთნელი ადამიანებთან. მეტად მნიშვნელოვანია თითოეულ ფეხბურთელს პატივს სცემდე და მთლიანად პერსონალს. ჩემთვის ყველა თანაბარია კანის ფერის, რელიგიის და სტატუსის მიუხედავად. ამის გარდა, გახსნილი უნდა იყო და გულწრფელი ფეხბურთელებთან, რათა ერთმანეთში ნდობა დასადგურდეს. ვფიქრობ, რომ ჩემი ყველაზე ძლიერი მხარე იმაშია, რომ ფეხბურთელები მენდობიან, მე კი მათ ვენდობი. ამაშია ძირითადად წარმატება. და კიდევ, უნდა იყოს ნამდვილი ავტორიტეტი, რომელიც მხოლოდ დაკავებული თანამდებობით არ განისაზღვრება.

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ თქვენი სამწვრთნელო კარიერის დასაწყისზე 1979 წელს. მომდევნო 39 წელი ფეხბურთი და მწვრთნელის მუშაობა მუდმივად ვითარდებოდა. დღეს, მაგალითად, დიდ როლს დეტალური სტატისტიკა თამაშობს. როგორ შეაფასებდით ასეთ პროგრესს?

ჰაინკესი: არ შეიძლება ფეხბურთელები მონაცემებით გადატვირთო, ოქროს შუალედი უნდა იპოვო. ვთვლი, რომ ასეთი დამხმარე საშუალებები კარგია და თანამედროვეა, რადგან ასე ვიღებთ ბევრ ინფორმაციას. უბრალოდ ეს ჩვენი მუშაობის ნაწილია, მე კი ამისათვის მეტად ხანდაზმულად არ ვგრძნობ თავს. მეორეს მხრივ, მე ჩემი გამოცდილება მაქვს, რომელიც მაძლევს უფლებას შევაფასო, თუ ვინ როგორ მუშაობდა მოედანზე. ძირითადად ჩემი დაკვირვებები მიღებულ მონაცემებს ემთხვევა ხოლმე.

და როგორი დამოკიდებულება გაქვთ ვიდეო-ანალიტიკაზე?

ჰაინკესი: ვთვლი, რომ თამაშის ანალიზისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენს ანალიტიკოსებთან ერთად ვიდეოებს ვაგროვებთ, რომ განვსაზღვროთ მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები. ასევე მნიშვნელოვანია გასული თამაშების გარჩევა, ჩემი კრიტიკით ან დადებითი შეფასებით. ასეთი დამხმარე საშუალებები - განუყოფელი ნაწილია ჩვენი მუშაობის. ეს შესანიშნავია და სამუშაოს გვიმსუბუქებს. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ასეთი რამ აქტიურად გამოიყენება ვარჯიშებზე.

"ზოგჯერ უბრალო რამ ყველაზე ეფექტურია" - ინტერვიუ იუპ ჰაინკესთან


ბავარიაში თქვენმა დაბრუნებამ ბევრ ფეხბურთელს დაეხმარა უკეთესად გახდომაში. მაგალითად, კინგსლი კომანმა თქვა, რომ თქვენ ურჩიეთ საჯარიმოში ჩაწოდების დროს თავი მაღლა დაეჭირა.

ჰაინკესი: ყველაფერი ჩემს პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული, იმაზე, თუ რა გადავიტანე ჩემს დამრიგებელთან ჰანს ვაისვაილერთან ერთად. ჰანსი შესანიშნავი მწვრთნელი გახლდათ, ის მეტად ყურადღებიანი გახლდათ დეტალების მიმართ. ჩვენთან ერთად ის დარტყმებზე, თავით თამაშზე, გადაცემებზე და ბევრ სხვა რამეზე მუშაობდა. იგივეს ვაკეთებ „ბავარიის“ ძალიან კარგ ფეხბურთელებთან ერთად. უნდა შეგეძლოს ბურთის ფლობა. ამიტომ აუცილებელია მუდმივად გარკვეულ ილეთებზე მუშაობა. ზუსტად ამას აკეთებენ ტენისისტები, რომლებიც დიდი ტურნირის წინ 1 კვირით ადრე 500 ჩაწოდებას და დარტყმას ახორციელებენ. ფეხბურთში ბევრი რამ უნდა ისწავლო: პოზიციური თამაში, გადაცემები, შეტევაში კომბინაცია, საჯარიმოში ჩაწოდებები, თუ როგორ აღმოჩნდე დროულად კართან. ამასთან დაკავშირებითაც შემიძლია მოგიყვეთ პატარა ისტორია.

მოგვიყევით თუ შეიძლება....

ჰაინკესი: სიმონ როლფესმა „ბაიერიდან“ ერთხელ მითხრა: „თქვენ ჩემი საუკეთესო მწვრთნელი იყავით, რადგან გვისწორებდით, ზუსტად გვეუბნებოდით სწორად ვიღებდი ბურთს თუ არა, საჭირო დროს ვაკეთებდი გადაცემას თუ არა და კიდევ ბევრი სხვა რამ“. ეს მწვრთნელის ნამდვილი ხელოვნებაა - ბევრის შემჩნევა და შეცდომების გამოსწორება.

განსაკუთრებით ეს გადაცემებს და პოზიციურ თამაშს ეხება. პეპ გვარდიოლა ამას დიდ ყურადღებას აქცევდა, ხოლო კარლო ანჩელოტი პირიქით - ფეხბურთელებს თავისუფლებას აძლევდა შეტევაში. თქვენი მეთოდი ეს რაღაც საშუალოა?

ჰაინკესი: ვთვლი, რომ პოზიციური თამაშის დროს თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა იცოდეს თუ რა უნდა გააკეთოს და რისი გაკეთება შეუძლია. დღეს თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ თქვენს წინაშე მაღალი კლასის ფეხბურთელი დგას თუ არა, მოედანზე მისი გადაადგილებით. საუბარი იმაზეა, მოძრაობს ის ისე, როგორც საჭიროა შეტევისათვის, სწორ პოზიციას იკავებს თუ კარგავს მას. პოზიციურ თამაშს თავისი შედეგები მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც შენ არა მარტო განივ გადაცემებს აკეთებ, არამედ როდესაც ტემპსაც ცვლი ან ვერტიკალურ გადაცემებს აკეთებ სიღრმეში. რა თქმა უნდა, ამისათვის ისეთი ფეხბურთელებია საჭირო, რომლებსაც ასე თამაში შეუძლიათ და ეს გადაცემები გოლებად აქციონ. 2013 წელს ჩვენ ტრებლი მოვიგეთ, რადგან შევძელით სწორი კომბინაცია მოგვეძებნა პოზიციური თამაშის, შესაძლებლობით უსწრაფესი შეტევა განგვეხორციელებინა და ბურთი სიღრმეში გაგვეგზავნა. ზოგჯერ უბრალო რამ ყველაზე ეფექტურია.

"ზოგჯერ უბრალო რამ ყველაზე ეფექტურია" - ინტერვიუ იუპ ჰაინკესთან


ამ სეზონში თქვენ „ბავარიასთან“ ერთად 20-დან 19 თამაში მოიგეთ და თქვენ სასწაული-მწვრთნელი შეგარქვეს. როგორ აღიქვამთ ამას?

ჰაინკესი: ჩვენს გამარჯვებებს უბრალო მიზეზები აქვს. ჯერ ერთი, ჩვენ ერთ-ერთი უდიდესი კლუბი ვართ. მეორეც - ჩვენ ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, სამწვრთნელო გუნდი უმაღლესი დონისაა, მთლიანად პერსონალი კი იდეალურდ მუშაობს. ის რაც ახლა ხდება, ეს ყველას წარმატებაა, ვინც კი ამ საქმეშია ჩართული. მე ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და ყოველთვის რეალურად ვუყურებ ყველაფერს. არის როგორც აღმასვლები ასევე დაღმასვლები, გამარჯვებები და მარცხი. როდესაც ამ თანამდებობაზე ოქტომბერში დავინიშნე, დარწმუნებული ვიყავი, რომ წარმატებას მივაღწევდით, რადგან მე ვიცნობ ფეხბურთელებს, გუნდს, მწვრთნელებს ასევე, ისევე როგორც ჩემი მუშაობის სტილს. მაგრამ ჩვენ ჯერ არ მიგვიღწევია ჩვენი მიზნისთვის.

"ზოგჯერ უბრალო რამ ყველაზე ეფექტურია" - ინტერვიუ იუპ ჰაინკესთან


როგორი მიზნები გაქვთ?

ჰაინკესი: ჩვენ გერმანიის ჩემპიონები გვსურს რომ გავხდეთ, მაგრამ ეს ტიტული ჯერ არ მოგვიპოვებია. ასევე წარმატების მიღწება გერმანიის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზეც გვსურს. ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან რთული იქნება, რადგან იქ ტოპ-დონის გუნდები თამაშობენ, რომლებმაც სატრანსფერო ბაზარზე ბევრი იმუშავეს. მათ შემადგენლობა გააძლიერეს ნაწილობრივ დიდი ფინანსური შესაძლებლობების გამო. ამიტომ ბუნდესლიგას, ასევე „ბავარიას“ უფრო და უფრო გაუჭირდება ევროთასებზე წარმატების მიღწევა, იმ წარმატების რომელიც ადრე ჰქონდა “ბავარიას“.

თქვენმა ყოფილმა კლუბმა „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ ზედიზედ მოიგო, ახლა კი ის ვარდნას განიცდის. როგორ შეაფასებდით სიტუაციას?

ჰაინკესი: ფეხბურთს თავისი ციკლები გააჩნია. სულ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენლად წარმატებული იყო „რეალი“, მათ წინ კი „ბარსელონა“, „ბავარია“ 2013-ში და წინა წლებში. დღეს იძახიან, რომ ინგლისური ლიგა მსოფლიოში საუკეთესოა და ამ მომენტისათვის, ალბათ ასეც არის. ახლა ინგლისურმა კლუბებმა ეს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფებში უნდა დაამტკიცონ.

მოდით „რეალის“ ვარდნას დავუბრუნდეთ

ჰაინკესი: ვთვლი, რომ ახლნდელი „რეალის“ ვარდნა - ეს ნორმალური მოვლენაა, რადგან მათ 2-ჯერ ზედიზედ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, ესპანეთის ჩემპიონები გახდნენ. ამის გარდა ზაფხულში „რეალმა“ 3 კარგი ფეხბურთელი გაყიდა და გაასხვისა, მორატა, პეპე და ხამესი, რადგან ალბათ ხელფასებზე ეკონომია გაეწიათ. მაგრამ მათ არ განუხორციელებიათ დიდი შესყიდვები და იფიქრეს, რომ ამას ახალგაზრდა ფეხბურთელებით დააკომპენსირებდნენ. არა - მათ უნდათ გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი ნაზავი. მე მაინც ვთვლი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „რეალის“ ჩამოწერა არანაირად არ შეიძლება. მათ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ ევროთასებზე. როდესაც ჩვენ 1998 წელს 32 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ მე-4 ადგილი დავიკავეთ. ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ არ შეიძლება მადრიდის არ დაფასება.

"ზოგჯერ უბრალო რამ ყველაზე ეფექტურია" - ინტერვიუ იუპ ჰაინკესთან
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.