კომენტარები : "ბაიერნი" 6 - 0 "ჰამბურგი" » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » კომენტარები : "ბაიერნი" 6 - 0 "ჰამბურგი"

კომენტარები : "ბაიერნი" 6 - 0 "ჰამბურგი"

11-03-2018, 11:41 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0

კომენტარები :
10 მარტს, გერმანიის ჩემპიონატის 26-ე ტურის ეგიდით მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში, საფეხბურთო კლუბ "ჰამბურგს" უმასპინძლა და მეტოქე გუნდი გამანადგურებელი ანგარიშით, 6-0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით "ბავარიელებმა" სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო განიმტკიცეს. მოპოვებული 66 ქულით, იუპ ჰაინკესის შეგირდები, ერთპიროვნულად ლიდერობენ ბუნდესლიგას. გთავაზობთ მატჩის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.

იუპ ჰაინკესი -"ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ შეხვედრა, თამაშში სწრაფად შევედით და სამი გოლის გატანა, დროის მოკლე მონაკვეთში მოვახერხეთ. როდესაც "ალიანც არენაზე", სამბურთიანი უპირატესობით მიგყავს თამაში, ამ დროს ნებისმიერ მეტოქეს განსაკუთრებით უჭირს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა არსებული სათამაშო ფორმა შეინარჩუნოს. რაც მოახლოებულ მატჩებში აუცილებლად დაგვეხმარება. მაგალითად "ბეშიქთაშის" წინააღმდეგ გასამართ დაპირისპირებაში"

არიენ რობენი -"შეხვედრა ძალიან კარგად დავიწყეთ, რაც ყოველთვის ერთგვარ გასაღებს წარმოადგენს შემდგომი წარმატებისა. არ აქვს მნიშვნელობა, რამხელა უპირატესობა გაგვაჩნია. ბუნდესლიგაში მოგებების სერია უნდა განვაგრძოთ. ჩვენ არ შეგვიძლია, კონცენტრაცია მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ვიქონიოთ, აუცილებელია გერმანიის ჩემპიონატშიც ვაჩვენოთ საკუთარი თამაში, ის თუ როგორ ფორმაში ვიმყოფებით."

ბერნდ ჰოლერბახი (ჰამბურგის მთავარი მწვრთნელი) -"გვსურდა მატჩი მშვიდად დაგვეწყო და მეტოქე გუნდისათვის აქტიური პრესინგი შეგვეთავაზებინა. როდესაც "ბავარიას" თავისუფალ ზონებს უტოვებ, მაშინ ხდება ის რაც დღეს მოხდა. შეხვედრის დამთავრება უკვე მე-18 წუთზევე შეიძლებოდა. თუ გსურს "ალიანც არენაზე" რაიმე შედეგს მიაღწიო, მოწინააღმდეგე უნდა შეაწუხო. არ მომეწონა ის ფაქტი, თუ როგორ წავაგეთ შეხვედრა. უწინ გამართულ მატჩებში ჩვენ სხვანაირად ვთამაშობდით, ასეთი მიდგომით კი არაფრის მოლოდინი არ უნდა გქონდეს."

გოტოკუ საკაი (ჰამბურგის კაპიტანი) -"შეხვედრის საწყისი წუთებიდანვე, ჩვენ არადამაჯერებლად ვმოქმედებდით. ყველაფერი ჩემი შეცდომით დაიწყო. ჩვენ ძალიან მარტივ გოლებს ვუშვებდით. ბუნდესლიგაში ასე თამაში დაუშვებელია. ჩვენ სულ სხვანაირი ფეხბურთის დემონსტრირება გვსურდა. ვწუხვართ, რომ ეს ყველაფერი გულშემატკივარმა ნახა"
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.