» » "ბავარიაში" სადღესასწაულო განწყობა სუფევს

"ბავარიაში" სადღესასწაულო განწყობა სუფევს

15-04-2018, 15:12 -ss- მიმოხილვა 0

ბავარიელთათვის, მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" გამართული მატჩი, პირველი იყო მას შემდეგ, რაც კლუბმა გერმანიის ჩემპიონის ტიტული ვადაზე ადრე გაიფორმა. ხსენებული შეხვედრის დასრულების შემდეგ "ალიანც არენაზე" ნამდვილი დღესასწაული სუფევდა. მიუნხენური კლუბის გულშემატკივარი "Deutscher Fußball Meister"-ს მღეროდა, ხოლო გუნდში იგრძნობოდა, რომ "ბავარია" მიუხედავად ჩემპიონობისა, ტემპის დაგდებას არ აპირებს და თითოეულ მატჩში მხოლოდ გამარჯვებისათვის იბრძოლებს.

მიუხედავად ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგისა, შეხვედრის საწყისი წუთების ამგვარ მსვლელობას, ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა. უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, სევილიასთან გამართული მატჩის შემდეგ იუპ ჰაინკესმა ძირითადი თერთმეტეული შვიდი ცვლილებით წარადგინა. "ჩვენ 20 წუთი დაგვჭირდა იმისათვის, რომ საკუთარი თამაში გვეპოვნა"-აცხადებდა ნამატჩევს "ბაიერნის" დამრიგებელი.


საჩუქარი იუპ ჰაინკესისთვის

მთელი 90 წუთის განმავლობაში, მიუნხენის "ბაიერნის" კარის მიმართულებით სტუმარმა გუნდმა, ზუსტად მხოლოდ ერთხელ გაისროლა. ბავარიელებს კარგად ახსოვდათ ჰაინკესის თხოვნა, რომ არ მოდუნებულიყვნენ და ძალიან მალე თამაშის სადავეები ხელთ იგდეს. "მას სურდა, რომ მისი გლადბახი დაგვემარცხებინა"-იხსენებს სანდრო ვაგნერი, რომელმაც 5 წუთის ინტერვალში დუბლის გაფორმება შეძლო. (37 და 41 წუთები)

გერმანული გრანდის ფეხბურთელები, კლასიკურ საფეხბურთო კომბინაციებს, ერთი მეორეზე მიყოლებით ახორციელებდნენ. ამან კი სტუმარი გუნდი საკუთარ კარებს მიაჯაჭვა. "ინიციატივის ხელში აღება მოვახერხეთ, ჩემი გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა. კმაყოფილი ვარ, იმით თუ როგორ კომბინირებდნენ ფეხბურთელები, ქმნიდნენ საგოლე მომენტებს და ლაშქრავდნენ მეტოქე გუნდის კარს."-აქებდა იუპ ჰაინკესი თავის მოთამაშეებს. "მთელი ამ თვეების განმავლობაში, ჰაინკესმა ჩვენ ბევრი რამ მოგვცა. ბედნიერები ვართ, რომ ვალის დაბრუნება შევძელით"-დასძინა სანდრო ვაგნერმა.


სათამაშო ფორმის შენარჩუნება

როგორც ზემოთ ვწერდით, ბავარიელები ჩემპიონობის მიუხედავად ბოლომდე ბრძოლას აპირებენ. ამის დადასტურებაა თუნდაც შეხვედრის 51-ე წუთზე მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც ნიკლას ზულემ შესანიშნავი აჩქარება განახორციელა და ტორგან აზარის მიერ შექმნილი სახიფათო მომენტი მყისიერად გაანეიტრალა. "ჩვენ სათამაშო რითმში დარჩენა გვსურს. ახალ-ახალი გამარჯვებები გვწყურია. თითოეული მატჩის მოგება გვინდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნეგატიურად აისახება სხვა ტურნირებზეც"-აღნიშნა იუპ ჰაინკესმა.

უახლოესი დღეების განმავლობაში, მიუნხენის "ბაიერნის" წინაშე დიდი გამოწვევები დგას. სამშაბათს ბავარია გერმანიის თასის ეგიდით, მნიშვნელოვან ბრძოლას გამართავს ლევერკუზენის "ბაიერის" წინააღმდეგ. "ეს შესანიშნავი გუნდია, რომელიც ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება"-აფრთხილებს საკუთარ თანაგუნდელებს სებასტიან რუდი.



მომზადებულია fcbayern.de-ზე დაყრდნობით
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.