» » "ბაიერნი" გერმანიის თასის ფინალში იასპარეზებს

"ბაიერნი" გერმანიის თასის ფინალში იასპარეზებს

18-04-2018, 10:38 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0

მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის თასის ფინალში იასპარეზებს! სამშაბათს, 17 აპრილს "ბავარია" ზემოხსენებული ტურნირის ნახევარფინალური მატჩის ეგიდით, ლევერკუზენს ეწვია და მასპინძელი გუნდი გამანადგურებელი ანგარიშით 2-6 დაამარცხა. გთავაზობთ შეხვედრის შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.



იუპ ჰაინკესი -"შეხვედრის უდიდესი დროის განმავლობაში, ეს იყო საფეხბურთო ხელოვნების ნამდვილი დემონსტრაცია. ჩვენ ტოპ-თამაში ვაჩვენეთ, ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით, მაგრამ იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სვენ ულრაიხმა რამდენჯერმე გადაგვარჩინა. პირადად მე, მას ბრწყინვალე გოლკიპერად მივიჩნევ. ამ შეხვედრაში ჩემი ფეხბურთელები დაუჯერებლად მოტივირებულები იყვნენ. ჩვენს მიზანს ბერლინის საგზურის მოპოვება წარმოადგენდა, რაც ნამდვილად დავიმსახურეთ. ასპარეზობას ჯერ ლაიპციგი გამოვთიშეთ, შემდეგ დორტმუნდის "ბორუსია" ახლა კი ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ლევერკუზენის "ბაიერი". ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვიმყოფებით."

თომას მიულერი -"ეს გერმანული ფეხბურთის რეკლამა იყო. ანგარიშის ორამდე გაზრდა მალევე მოვახერხეთ, შემდეგ მეტოქემ ერთი ბურთი გაქვითა, ულრაიხმა კი ორჯერ გადაგვარჩინა და თამაშში დაგვტოვა. რამდენიმე შეტევა ბრწყინვალედ გავითამაშეთ, ძალიან ეფექტურად ვმოქმედებდით. ჩვენი გუნდის თამაში უბრალოდ შესანიშნავი იყო. ეს დამსახურებული გამარჯვებაა. რა თქმა უნდა, ამით არაფერი არ დასრულებულა, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვსურს, ვგრძნობთ, რომ გაცილებით მეტი შეგვიძლია."

სვენ ულრაიხი -"ჩვენს მიზანს ფინალში გასვლა წარმოადგენდა. ამ დრომდე სათასო დაპირისპირებებში ძალიან რთული მეტოქეები გვყავდა, დღევანდელი დღეც არ ყოფილა მარტივი. ლევერკუზენის "ბაიერმა" ძალიან კარგი თამაში შემოგვთავაზა, თუმცა ჩვენ საკუთარი მომენტების რეალიზება მოვახდინეთ და ფინალში გასვლა შევძელით. ახლა უკვე თასის დაუფლება გვწადია"

კარლ-ჰაინც რუმენიგე -"შემიძლია გულწრფელად განვაცხადო -ეს იყო დემონსტრირება იმ მაღალი საფეხბურთო ხარისხის, რაც მოცემულ მომენტში ჩვენ კლუბში სუფევს. ეს უბრალოდ შესანიშნავი გუნდია. ჩვენ დამსახურებულად მივემგზავრებით ბერლინში."

ჰაიკო ჰერლიხი ("ბაიერის" მთავარი მწვრთნელი) -"ძალიან ცუდია როდესაც მატჩის დაწყებიდან, სულ რაღაც 8 წუთის შემდეგ 2-0 აგებ. მიუხედავად ამისა, ჩვენმა გუნდმა ხასიათი გამოავლინა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა. ჩვენ ბრძოლა გავაგრძელეთ და ანგარიშის გათანაბრებას შევეცადეთ. გარკვეული გადაჯგუფება განვახორციელეთ და უფრო გახსნილი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ. ჩვენ, რომ საკუთარი პირველი მომენტები ლოგიკურ დასასრულამდე მიგვეყვანა, შეხვედრის მსვლელობა სულ სხვა სახეს მიიღებდა. ამის მაგივრად კი ბავარიამ კონტრშეტევაზე ანგარიშის 3-1-მდე გაზრდა მოახერხა. ამის შემდეგ ჩვენ კიდევ სამი გოლი მივიღეთ, ერთი-მეორეს მიყოლებით. დღეს პირწმინდათ დავმარცხდით, ეს ფაქტი მიუღებელია და ძალიან მაბრაზებს. რაც შეეხება "ბაიერნს" ეს გუნდი ძალზედ ეფექტურად გამოიყურებოდა. ისინი არასდროს ჩერდებიან, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია. მათში გამარჯვების სურვილი, ჟინი და თავდადება იგრძნობა"

კევინ ფოლანდი ("ბაიერი") -"ტაბლოზე დაფიქსირებული საბოლოო შედეგი ძალიან დიდია. "ბაიერნი" შეხვედრის უდიდესი დროის განმავლობაში შესანიშნავად ასპარეზობდა და ცივსისხლიანად იყენებდა თითოეულ მომენტს. სწორედ ამაშია უდიდესი სხვაობა ჩვენს გუნდებს შორის. მიუხედავად ამისა, ჩვენც კარგი თამაში ვაჩვენეთ. მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ყველაზე ძლიერი და მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, რაც დღესაც შესამჩნევი იყო. მათ თითქმის ყოველი შანსი გამოიყენეს."

შეგახსენებთ, მიუნხენური კლუბის მეტოქე, მომავალ ფინალურ დაპირისპირებაში დღეს გაირკვევა. გელზენკირხენის "შალკე 04" ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება. სწორედ ამ შეხვედრაში გადაწყდება ის თუ ვინ გაემგზავრება 19 მაისს გერმანიის დედაქალაქში.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.