ბავარიამ პარი სენ-ჟერმენი დაამარცხა » FCBAYERN.GE - მიუნხენის ბაიერნის ფან-კლუბი

» » ბავარიამ პარი სენ-ჟერმენი დაამარცხა

ბავარიამ პარი სენ-ჟერმენი დაამარცხა

23-07-2018, 08:59 lewana სიახლეები / მიმოხილვა 0

ბავარიამ  პარი სენ-ჟერმენი დაამარცხა
შაბათს 21 ივლისს, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის პირველი მატჩის ეგიდით მიუნხენის "ბაიერნმა" ავსტრიაში ქალაქ კლაგენფურტში საფეხბურთო კლუბ "პარი სენ-ჟერმენთან" გამართა ორთაბრძოლა და მეტოქე გუნდი ანგარიშით 3-1 დაამარცხა. მიუნხენელთა 46 წლის დამრიგებლისათვის სადებიუტო შეხვედრა წარმატებული აღმოჩნდა.


გერმანიის ჩემპიონები, ისევე როგორც პარიზული კლუბი, მოედანზე, გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობდნენ. ნიკო კოვაჩმა გუნდი 4-3-3 ტაქტიკით ათამაშა, აღსანიშნავია ისიც რომ, ბავარიელთა ხელმძღვანელმა შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებს მატჩის პირველივე წუთებიდანვე მისცა. სტანისიჩი, უილი და ბატისტა-მაიერი სასტარტო თერთმეტეულში იყვნენ წარმოდგენილნი. კლაგენფურტში გამართულ შეხვედრას 22 000 გულშემატკივარი ადევნებდა თვალს.
შეხვედრის პირველ ნახევარში, პარიზული გუნდი დიდი ძალებით იწყებდა თითოეულ შეტევას, რამაც თავისი შედეგი გამოიღო და მატჩის 31 წუთზე ანგარიში 1-0 გახდა.

კოვაჩმა მეორე ტაიმში ცვლილებებს მიმართა და გუნდი საგრძნობლად გააძლიერა. შეხვედრის მე-60 წუთზე არიენ რობენის კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ხავი მარტინესმა თავური დარტყმით "პარი სენ-ჟერმენის" კარისკენ გაგზავნა და ანგარიშიც გაათანაბრა. მიუნხენელები ამ გოლზე არ შეჩერებულან და შეტევებს უმატეს. 68-ე წუთზე პარიზელთა საჯარიმო ზონასთან ახლოს დანიშნული ჯარიმა კი ბრწყინვალედ შეასრულა რენატუ სანჩეშმა და ბაიერნი დააწინაურა. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში იოშუა ზირკზემ დააფიქსირა (78-წ). გნაბრის საგოლე გადაცემა ახალგაზრდა ფეხბურთელმა უბადლოდ გამოიყენა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ფრანგული გრანდის ხელმძღვანელი ტომას ტუხელი შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებდა -"მიუნხენის "ბაიერნთან" თამაშის დროს საკუთარი ფეხბურთელების მოქმედებით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, ჩვენ ვთამაშობდით ისე, როგორც ეს ნამდვილ გუნდს შეეფერება. ახლა ყველაზე მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ და წინსვლა განვაგრძოთ"-ციტირებს პარი სენ-ჟერმენის ოფიციალური ვებ-გვერდი ტუხელის სიტყვებს.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.