» » ინტერვიუ სერჟ გნაბრისთან

ინტერვიუ სერჟ გნაბრისთან

24-07-2018, 13:05 -ss- ინტერვიუ 0

ინტერვიუ სერჟ გნაბრისთან
აპრილის თვეში მიღებული მძიმე ტრავმის გამო, მიუნხენის "ბაიერნის" 23 წლის ახალწვეულმა, წინასასეზონო მოსამზადებელი ვარჯიშები, ინდივიდუალური პროგრამით დაიწყო, თუმცა მას შემდეგ რაც იგი ძირითად ჯგუფს დაუბრუნდა, მყისიერად მოახერხა ისეთი საფეხბურთო მახასიათებლების დემონსტრირება, როგორებიცაა სისწრაფე, ტექნიკა, საგოლე ალღო და ა.შ. ამჟამად სერჟ გნაბრი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც Audi Summer Tour 2018 (23 – 30 ივლისი) -ის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს. გამგზავრებამდე ახალგაზრდა ნახევარმცველმა ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა fcbayern.com-თან, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ჰოფენჰაიმში გატარებული 1 წლის შემდეგ, უკვე "ბავარიაში" იმყოფებით. ახალ საფეხბურთო სეზონში, რას უნდა ელოდოს თქვენგან გულშემატკივარი?

ბევრ რამეს. იმაზე გაცილებით მეტს რისი წარმოდგენაც შემიძლია. ყოველდღიურად ვმუშაობ , რომ უკეთესი გავხდე და საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვაჩვენო. იმედს ვიტოვებ, შევძლებ და მიუნხენის "ბაიერნს" სათანადო დახმარებას აღმოვუჩენ.

10 ივლისს თქვენ პირველად შეუერთდით ძირითად ჯგუფს და სრულფასოვანი ვარჯიში დაიწყეთ, რა გრძნობას განიცდიდით მაშინ?

ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო. მიხაროდა, რომ ბოლოს და ბოლოს მომეცა შესაძლებლობა ბიჭებთან ერთად მევარჯიშა და არა განცალკევებით, ინდივიდუალური პროგრამით დავკავებულიყავი. მიუნხენში მაისის თვიდან ვიმყოფები, მთელი ივნისი კი მარტო ვმუშაობდი. ამჟამად ვარჯიშებს გაცილებით მეტი სიამოვნება მოაქვს, ვიდრე უწინ. ახლა მაქვს განცდა, რომ გუნდის ნამდვილი წევრი ვარ, რაც ასე არ მყოფნიდა...

მიუნხენური გუნდი ერთ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარებს, ეს ქვეყანა თქვენ განსაკუთრებით მოგწონთ, ხომ ასეა?

დიახ, ზაფხულის შვებულება ლოს-ანჯელესში გავატარე. იქ საოცარი ატმოსფერო სუფევს, ცხოვრების მსგავსი სტილი უბრალოდ მხიბლავს. იქ ყველაფერი სულ სხვანაირადაა, ვიდრე ეს გერმანიაშია. ამიტომაც ამ ტურნეთი ძალიან გახარებული ვარ.

ინტერვიუ სერჟ გნაბრისთან


მაიამიში სწორედ რომ საჭირო ამინდია ...

დიახ, ეს უდაოდ ის ადგილია სადაც დასახლებაზეც შეიძლება ფიქრი (იცინის)

როგორც ცნობილია თქვენ კალათბურთის დიდი ქომაგი ხართ, მოგვიყევით ამის შესახებ.

ნამდვილად, ძალიან მიყვარს კალათბურთი. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თამაშებს, მრავალი წელია რაც თვალს ვადევნებ. თავდაპირველად მხოლოდ ჩემი ბიძაშვილი უყურებდა ამ თამაშებს, მოგვიანებით მან მეც ჩამითრია.

მიუნხენშიც არის შესაძლებლობა, რომ კარგ კალათბურთს უყურო, "აუდის სახლში" არ დადიხართ?

შემიძლია გითხრათ, რომ ხსენებული ადგილის ხშირი სტუმარი ვიქნები. ამას უკვე სულმოუთმენლად ველი. "ბავარია" შესანიშნავად თამაშობს, ეს კლუბი მოქმედი ჩემპიონია და ნაციონალური თასის გამარჯვებულიც გახლავთ. რამდენიმე მატჩს უთუოდ დავესწრები.

თქვენ გატანილ გოლებს აღნიშნავთ ზუსტად ისე, როგორც ამას ერთი ცნობილი კალათბურთელი აკეთებდა. როგორ მოგივიდათ ეს იდეა თავში?

ეს აღნიშვნა თავდაპირველად ჯეიმს ჰარდენის შესრულებით ვნახე. ერთ-ერთი გასვლითი მატჩის წინა საღამო იყო, ჯეიმსმა ის თამაში ბრწყინვალედ ჩაატარა, რასაც მეორე დღეს აქტიურად ვიხილავდით სამეგობრო წრეში. მაშინ მეგობარმა მითხრა, რომ თუ გოლს გავიტანდი ზუსტად ასე უნდა გამომეხატა ემოცია. ასეც მოხდა. ამ მომენტის შემდეგ კი ეს ჩემი ნიშა გახდა.

Audi Summer Tour 2018 -ის ფარგლებში, მიუნხენის "ბაიერნი" ტურინის "იუვენტუსს" და მანჩესტერ "სიტის" დაუპირისპირდება, როგორია თქვენი მოლოდინი ამ მატჩებთან დაკავშირებით?

ეს შესანიშნავი დრო იქნება, მანამდე კი ჩვენ ძალიან ინტენსიური ვარჯიშები გველის. ამ ტურის განმავლობაში, მოგვეცემა შესაძლებლობა კიდევ უფრო შეკრული გუნდი გავხდეთ. ასევე ველი გულშემატკივრებთან შეხვედრას, რომლებიც ჩვენგან ასე შორს იმყოფებიან. რაც შეეხება თამაშებს, ორ შესანიშნავ მეტოქესთან გველის დაპირისპირება.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.