» » E ჯგუფის ბინადრები

E ჯგუფის ბინადრები

31-08-2018, 14:25 -ss- სიახლეები 0

E  ჯგუფის ბინადრები
ლისაბონის "ბენფიკა", ამსტერდამის "აიაქსი" და ათენის "აეკი" - ეს მიუნხენის "ბაიერნის" მეტოქეების ჩამონათვალია. 30 აგვისტოს გამართულმა კენჭისყრამ, ზემოხსენებული კლუბები ერთ ჯგუფში დააწყვილა. შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ ოფიციალურ მატჩს გერმანიის "რეკორდმაისტერი" მიმდინარე წლის 19 სექტემბერს გამართავს. ამ დღეს "ბაიერნი" სტუმრად საფეხბურთო კლუბ "ბენფიკას" შეერკინება.



ლისაბონის "ბენფიკა"

პორტუგალიური ტოპ-კლუბი, რომელსაც მდიდარი ისტორია და საფეხბურთო ტრადიციები გააჩნია. გასული საუკუნის სამოციან წლებში ბენფიკა ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი. ამ კლუბის თანამედროვე ისტორიასაც ახსოვს წარმატებები. 2012 და 2013 წელს, ეს გუნდი ორჯერ გავიდა ევროპის ლიგის ფინალში. რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, "ბენფიკამ" გასულ საფეხბურთო სეზონში წარმატებულად იასპარეზა და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიცია დაიკავა. მაშინ პირველობა "პორტუს" ხვდა წილად.

ბოლო შეხვედრა, მიუნხენის "ბაიერნსა" და ლისაბონის "ბენფიკას" შორის ახლო წარსულში გაიმართა. 2015/2016 წლის სეზონში, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბავარიამ" "ბენფიკა" დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გასვლაც მოახერხა. (2:2 ლისაბონში და 1:0 "ალიანც არენაზე"). აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში პორტუგალიური კლუბის შემადგენლობაში რენატუ სანჩეში ასპარეზობდა, ფეხბურთელი რომელიც ახლა მიუნხენური გრანდის ღირსებას იცავს. ხსენებული გუნდების ურთიერთშეხვედრების რაოდენობა 8 მატჩს ითვლის. აქედან 5 შეხვედრა "ბაიერნმა" მოიგო, 3 მატჩი კი ფრედ დასრულდა.


ამსტერდამის "აიაქსი"


მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობის მიხედვით "აიაქსიც" საკუთარი ჩემპიონატის რეკორდსმენია. ამ კლუბსაც შეუძლია მდიდარი ისტორიით იამაყოს. ეს გუნდი ოთხჯერ გახდა ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი. (მოგვიანებით უეფას ჩემპიონთა ლიგა). "აიაქსის" შემადგენლობაში ასპარეზობდნენ ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები, როგორებიც არიან იოჰან კრუიფი, დენის ბერკამპი, ედვინ ვან დერ საარი და სხვა.

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას. მიუნხენის "ბაიერნი" და "აიაქსი" ერთმანეთს რვაჯერ დაუპირისპირდნენ. ბოლო მატჩი შორეულ 2004/2005 წლებში შედგა. ჯგუფური ეტაპის ხსენებულ მატჩში "ბავარიამ" ანგარიშით 4:0 იმარჯვა, ჰეთრიკის გაფორმება კი როი მაკაიმ შეძლო. ამსტერდამში ჩატარებული საპასუხო შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა. მთლიანი სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: "ბაიერნს" 3 მოგება, ამდენივე მარცხი და ორი ყაიმი დაუგროვდა.


ათენის "აეკი"


საბერძნეთის წარმომადგენელთან მოახლოებული დაპირისპირება, მიუნხენის "ბაიერნისათვის" სადებიუტო იქნება. გასულ საფეხბურთო სეზონში "აეკი" პირველად 24 წლის განმავლობაში, ნაციონალური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. მაშინ ამ გუნდმა მოქმედი ჩემპიონი "ოლიმპიაკოსი" ჩამოაგდო ტახტიდან. პლეი-ოფში უნგრული "ვიდის" დამარცხების შედეგად კი, "აეკმა" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. 2006/2007 წლის საფეხბურთო სეზონის შემდეგ, ხსენებულმა გუნდმა პირველად დააფიქსირა მსგავსი მაღალი შედეგი.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.