» » ინტერვიუ კორენტინ ტოლისოსთან

ინტერვიუ კორენტინ ტოლისოსთან

3-09-2018, 15:02 -ss- ინტერვიუ 0

ინტერვიუ კორენტინ ტოლისოსთან
მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი ნახევარმცველი კორენტინ ტოლისო, გერმანული სპორტული გამოცემის kicker-ის სტუმარია. მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ჟურნალისტის მიერ დასმულ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა, რასაც უცვლელად გთავაზობთ.


ხუთშაბათს, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება, როგორია თქვენი მოლოდინები აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით?

ეს იქნება ჩვენი გუნდის პირველი მატჩი, მას შემდეგ რაც საფრანგეთის ნაკრების მაისურზე მეორე ვარსკვლავი გაჩნდა. ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია. გარდა ამისა, ეს შეხვედრა პირადად ჩემთვისაც გამორჩეულია, რადგანაც მოწინააღმდეგე გუნდში ბევრი ჩემი თანაგუნდელი იქნება "ბავარიის" რიგებიდან წარმოდგენილი. ასევე მატჩი ჩატარდება "ალიანც არენაზე". იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის, ძალ-ღონეს არ დავიშურებთ გამარჯვების მოსაპოვებლად.

რას ელით გერმანიის ეროვნული ნაკრებისგან, რომელმაც ასეთი კატასტროფული შედეგი აჩვენა განვლილ მსოფლიო ჩემპიონატზე?

რა თქმა უნდა, აღნიშნულ ტურნირზე ბუნდესნაკრებმა ცუდათ იასპარეზა, თუმცა ამ გუნდს აქვს შესანიშნავი მახასიათებლები და სრული რესურსი იმისა, რომ რეაბილიტაცია მოახდინოს. რა არის იმაზე უკეთესი, ეს ყველაფერი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ გააკეთო? თუმცა ჩვენც გვაქვს ჩვენი ამბიციები, გვსურს ღირსეულად წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი და მოვიგოთ ხსენებული ორთაბრძოლა.

როგორი გრძნობაა იყო მსოფლიო ჩემპიონი?

ეს წარმოუდგენელი ბედნიერებაა, არსებობს დღეები როდესაც ვიღვიძებ და უბრალოდ ვიძახი -ეი მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ. ეს თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა იყო ხსენებული ტიტულის მატარებელი. ჩვენ ეს შევძელით! თუმცა ამაზე არ უნდა დავჯერდეთ. მუშაობის გაგრძელება გვმართებს იმისათვის, რომ დამატებითი ჯილდოები მოვიპოვოთ.

თქვენ მსოფლიო ჩემპიონი ხართ, თუმცა ეს შესაძლოა დამატებით ტვირთადაც კი იქცეს...

ეს დამოკიდებულების საკითხია, ჩვენ ყველანი ჩვენივე მუშაობით წარმოვჩინდებით, ყველაფერი უნდა გაიღო იმისათვის, რომ კარგად ითამაშო და მოიგო კონკრეტული შეხვედრები. ჩვენ გავხდით მსოფლიო ჩემპიონები, ეს შესანიშნავია, მითუმეტეს ამხელა "შესვენების" შემდეგ. პირადად მე, ახლა ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად მორიგ გამარჯვებებს მივაღწიო, მე ძალიან ამბიციური ვარ და ყველაფრის მოგება მწადია.

შეაფასეთ სეზონის სტარტი

ჩვენ გვქონდა ოთხი ოფიციალური მატჩი და ოთხივე მათგანში წარმატებას მივაღწიეთ. არსებული განწყობა კი მართლაც შესანიშნავია. გვქონდა კარგი ორთაბრძოლა შტუტგარტში. თუმცა შემდგომი განვითარება გვმართებს, პირადად მე ნაბიჯ-ნაბიჯ განვიცდი პროგრესირებას. როგორც მოგეხსენებათ ვარჯიში 12 აგვისტოს განვაახლე და გარკვეული დრო ისევ მესაჭიროება. "შტუტგარტთან" შეხვედრაში 10 წუთით თამაშის საშუალებაც მომეცა, რამაც ძალიან გამახარა. კიდევ რამდენიმე ვარჯიში მჭირდება იმისათვის, რომ სრული 100 პროცენტით ვიყო მზად. ვფიქრობ, რომ დროის მოკლე მონაკვეთში შემიძლია საჭირო კონდიციების აღდგენა. ახლა ეროვნული ნაკრების რიგებს ვუერთდები და გვექნება დრო სავარჯიშოდ. ბედნიერი ვარ, რომ მიღწეული ტრიუმფის შემდეგ კვლავ მეძლევა ბიჭების ხილვის შესაძლებლობა. ამით ყველანი გახარებულები ვიქნებით, რადგანაც ეს ფანტასტიური გუნდია და ერთმანეთთან საუკეთესო ურთიერთობები გაგვაჩნია.
2
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.