» » "ბავარიელებს" შესაბამისი რეაქციის დემონსტრირება სურთ

"ბავარიელებს" შესაბამისი რეაქციის დემონსტრირება სურთ

2-10-2018, 12:33 -ss- სიახლეები / ანონსი 0

ჩემპიონთა ლიგა "ალიანც არენაზე" ბრუნდება! მადრიდის "რეალთან" გამართული შეხვედრიდან (1-2) 5 თვის შემდეგ, "ბავარიელები" სამშაბათს თბილისის დროით 23:00 საათზე ამსტერდამის "აიაქს" დაუპირისპირდებიან. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მიუნხენელებმა სტუმრად ლისაბონის "ბენფიკა" დაამარცხეს, ახლა მათი ამოცანაა მომდევნო გამარჯვება მოიპოვონ და საკუთარ აქტივს მორიგი სამი ქულა შესძინონ.


"ეს შესანიშნავი მატჩი იქნება, რომელსაც სულმოუთმენლად ველი. "ბავარია" და "აიაქსი" ორი უდიდესი კლუბია, რომლებიც 70-იან წლებში ევროპულ ფეხბურთში დომინირებდნენ"-განაცხადა ნიკო კოვაჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ბუნდესლიგის ეგიდით გამართული ბოლო ორი წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, კოვაჩი საკუთარი გუნდისგან გამარჯვებას ელის. "მსურს გუნდმა აჩვენოს საჭირო რეაქცია. ეს არ ეხება მხოლოდ "აიაქსთან" გასამართ შეხვედრას, ეს ეხება ბუნდესლიგის ეგიდით მოახლოებულ მატჩებსაც."-დასძინა ნიკომ.

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, ამსტერდამის "აიაქსმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ათენის "აეკის" წინააღმდეგ (3-0). გატანილი და გაშვებული ბურთების თანაფარდობის შესაბამისად "ჰოლანდიელები" ხსენებულ ჯგუფში პირველადგილოსნებად გვევლინებიან. ნიკო კოვაჩმა "აიაქსი" დაახასიათა, როგორც "დიდი ტალანტის მქონე გუნდი, რომელთა შემადგენლობაშიც ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ასპარეზობენ."

"მათი უმაღლესი დონე ადვილად შესამჩნევია. სათამაშო თვალსაზრისით ეს ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ბურთის ფლობა და სათამაშო რითმის შექმნა. იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გაღება მოგვიწევს"-აღნიშნავდა პრესს-კონფერენციაზე გერმანული გრანდის დამრიგებელი.


"აიაქსი" დაგვიანებით ჩამოფრინდა


არიენ რობენმა, რომელმაც შორეულ 2001 წელს, საკუთარი პროფესიონალური კარიერის, პირველი გოლი სწორედ ამსტერდამის "აიაქსის" კარში გაიტანა, თანაგუნდელებს მეტოქის ძლიერ მხარეებზე ესაუბრება. "ამ გუნდის შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელია, რომლებიც შესანიშნავად პროგრესირებენ. მათ ძლიერი გუნდი ჰყავთ, კარგი თამაშის ჩვენება მოგვიწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში სირთულეები შეგვექმნება."-აცხადებს რობენი.

ჰოლანდიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში, ნიკო კოვაჩს ექნება შესაძლებლობა ლეონ გორეცკა გამოიყენოს. ახალგაზრდა ნახევარმცველმა სრული დატვირთვით ივარჯიშა და სათამაშოდ მზად არის. "ყველა ფეხბურთელი ჩვენს განკარგულებაშია. ეს არის 16 მინდვრის მოთამაშე და 3 კიპერი"-აღნიშნა კოვაჩმა. ამ მომენტისათვის ლაზარეთში მხოლოდ 3 ფეხბურთელი იმყოფება- რაფინია, კოკო ტოლისო და კინგსლი კომანი.

ამსტერდამელები მიუნხენს თავდაჯერებულად სტუმრობენ. მათ, ეროვნულ ჩემპიონატის ბოლო ტურში საფეხბურთო კლუბი "ფორტუნა" დაამარცხეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელთა მოგზაურობა მცირე ხარვეზით დაიწყო. ელექტროენერგიის პრობლემის გამო, ამსტერდამი-მიუნხენის რეისი 2 საათის დაგვიანებით შესრულდა.
0
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.