» » მარტინესი : ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები დავბრუნდებით!

მარტინესი : ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები დავბრუნდებით!

8-10-2018, 11:37 -ss- სიახლეები 0

მარტინესი : ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები დავბრუნდებით!
მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელი ლეგიონერი ხავი მარტინესი, სოციალურ ქსელ twitter-ის მეშვეობით, ერთგულ გულშემატკივარს მიმართავს და მიუნხენური კლუბის ბოლოდროინდელ ასპარეზობასთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. მარტინესის განცხადებით, მისი გუნდი არსებულ რთულ დროებას წარმატებით გაუმკლავდება და კლუბი კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება.


"ჩვენ ერთად ვიმარჯვებთ, ერთად ვმარცხდებით და ერთად ვგლოვობთ! მე მჯერა ამ გუნდის. ბრძოლას გავაგრძელებთ ისე, როგორც ეს აქამდე იყო. ხოლო ისინი, ვინც ათასგვარ სიბინძურეს ამბობენ, ამ რთულ მომენტში, დაე დატკბნენ, გუნდი კვლავ დადგება ფეხზე და კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება."-დაწერა საკუთარ სოციალურ გვერდზე ხავი მარტინესმა.

შეგახსენებთ, გერმანიის ჩემპიონატის მე-7 ტურის ეგიდით გამართულ მატჩში, მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში მიონხენგლადბახის "ბორუსიას" უმასპინძლა და ანგარიშით 0-3 დამარცხდა. აქვე წარმოგიდგენთ, ხსენებული შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებსაც.

ნიკო კოვაჩი -"თამაშში კარგად შევედით, თუმცა ამის მერე განმეორდა ის, რაც "აუგსბურგთან" და "ჰერტასთან" გამართულ მატჩებში ვიხილეთ. ჩვენ ინდივიდუალური შეცდომები დავუშვით, რომელიც ასეთ მაღალ დონეზე, რა თქმა უნდა, დასჯადია. გარდა ამისა ვერ გამოვიყენეთ საკუთარი მომენტებიც. პირველ ტაიმში მიღებულმა გოლებმა თავდაჯერებულობა დაგვაკარგინა. გლადბახის ფეხბურთელებმა ცენტრი საიმედოდ ჩაკეტეს და ფლანგებიდან გვიტევდნენ, ამ ბარიერის გარღვევა კი ძალიან რთული იყო. ისღა დაგვრჩენია, შევეგუოთ ამ ძალიან სამწუხარო დამარცხებას."

მანუელ ნოიერი -"ჩვენ კარგად დავიწყეთ. პირველი გოლის შემდეგ ვერ მოვძებნეთ საჭირო გადაწყვეტა შეტევებისათვის. ასპროცენტიანი მომენტების შექმნას ვერ ვახერხებდით. ამის შემდეგ კი მეორე გოლი მივიღეთ. მიუხედავად ამისა, შესამჩნევი იყო, რომ თითოეული ფეხბურთელი გამარჯვების სურვილით იწვოდა და ზემოტივაცია გააჩნდათ. მეორე გოლი სახეში დარტყმას ჰგავდა. შესვენების შემდეგ თამაშში შესვლა ისევე გვინდოდა, როგორც ეს პირველ ტაიმში იყო. განვლით მატჩებში ჩვენ გვქონდა მომენტები, მაგრამ მათი რეალიზება ვერ მოვახერხეთ. დღეს კი ჩვენ მომენტებიც ვერ შევქმენით. ეს არ არის "ბავარია"

დიტერ ჰეკინგი ( მ'გლადბახის მთავარი მწვრთნელი) -ჩვენ შესანიშნავი გუნდური თამაში ვაჩვენეთ და საკუთარ თავსაც ბრწყინვალედ ვიცავდით. მიუხედავად იმისა, რომ "ბავარია" საკმაო ხანს ახდენდა ჩვენზე ზეწოლას, მათ ასპროცენტიანი მომენტი არ შეუქმნიათ. ეს ჩვენ ძალიან კარგად გამოგვივიდა. იმედი გვქონდა, რომ დაცვიდან შეტევაში ელვისებური გადასვლით "ბაიერნს" გავუტანდით. პირველ ორ შეტევაში ჩვენ ორი გოლი გავიტანეთ კიდეც. ყველაფერი ბრწყინვალედ შევასრულეთ."

ლარს შტინდლი (მ'გლადბახის კაპიტანი)- ბედნიერი ვარ იმით, რომ კვლავ შემადგენლობაში გახლდით. ჩვენ დავისახეთ მიზანი - მოედნის ცენტრალურ ზონაში უპირატესობა მოგვეპოვებინა. მიუნხენში აუცილებელია ბურთს ფლობდე. გარდა ამისა კარგად ვათამაშებდით კონტრშეტევებსაც. ყოველთვის მსურდა აქ გამარჯვების მიღწევა."

მაშ ასე, ბუნდესლიგის მე-7 ტურის მონაცემების მიხედვით, გერმანიის მოქმედი ჩემპიონი მისთვის უჩვეულო მე-6 პოზიციას იკავებს და პირველ ადგილოსან დორტმუნდის "ბორუსიასთან", ოთხქულიანი ჩამორჩენა აქვს. "ბავარიელების" აქტივში, 4 მოგება 1 ფრე და 2 წაგებაა აღნიშნული. განვლილ 7 მატჩში "ბაიერნმა" გაიტანა 12, ხოლო საკუთარ კარებში კი მიიღო 8 გოლი. შემდეგ მატჩს "რეკორდმაისტერი" სტუმრად საფეხბურთო კლუბ "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება.

წყარო 2
1
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.