» » მძიმე კვირის იდეალური სტარტი

მძიმე კვირის იდეალური სტარტი

22-ოქტ-2018, 11:13
0313
საფინალო სასტვენის შემდეგ, "ბავარიელები" სტუმართა ტრიბუნისკენ გაემართნენ, რათა მხურვალე მხარდაჭერის გამო, მადლობა გადაეხადათ გულშემატკივრებისთვის. ერთ მწკრივზე შეკრებილი ქომაგი, რომელთაც ხელები მაღლა აღემართათ და სახეზე ბედნიერება დამსჩნეოდათ. "ვოლფსბურგის" დამარცხების წყალობით (3:1) მიუნხენელებმა, როგორც იქნა შეწყვიტეს, საკუთარი ოთხმატჩიანი წარუმატებელი სერია.


"მსურს მივულოცო მთელ გუნდს. შეხვედრის დაწყებამდე ისინი დიდი წნეხის ქვეშ იყვნენ."- განაცხადა ნიკო კოვაჩმა ორთაბრძოლის დასასრულს. ვოლფსბურგში "ბავარიელებმა" ზუსტად ის რეაქცია გამოავლინეს, რასაც მათგან ასე ელოდნენ. "ჩემი გუნდი, სრული 90 წუთის განმავლობაში აჩვენებდა შინაარსიან და ენერგიულ თამაშს, რომელიც გაჯერებული იყო მონდომებით."-შეაქო შეგირდები კოვაჩმა და აქვე დასძინა, რომ "გამარჯვება და ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში, სრულიად დამსახურებული იყო." "ჩვენზე მომართულ წნეხს მივეცით წარმატების მოპოვებისათვის საჭირო მიმართულება" -დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ნიკლას ზიულემაც.


ლევანდოვსკი - "ვოლფსბურგის" კარში გატანილი გოლების გარანტი


გარღვევა შედგა! და ეს განსაკუთრებით ეხება რობერტ ლევანდოვსკის. ბავარიელთა პოლონელმა გოლიადორმა 315 "მშრალი" წუთის შემდეგ თავის გამოჩენა მოახერხა, მან დუბლი გაიფორმა. შეხვედრის 30-ე წუთზე მატს ჰუმელსის გადაცემა, ჩინებული მოძრაობით "გაატარა" ტიაგო ალკანტარამ, ლევანდოვსკიმ კი ანგარიშის გახსნა შეძლო. მეორე ტაიმის დასაწყისში რობერტმა ვილიამსის შეცდომა გამოიყენა და მეორე გოლიც შეაგდო. "მეტოქე გუნდის კართან გამოჩენილი ცივსისხლიანობა, ლევის საფირმო მახასიათებელია. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იგი გუნდისათვის და მოხარულები ვართ, რომ მან გაიტანა"-განაცხადა ნიკო კოვაჩმა.

"მგლების" წინააღმდეგ გამართულ 16 მატჩში ლევანდოვსკიმ 18 გოლის გატანა მოახერხა. ბუნდესლიგაში არც ერთ სხვა ფეხბურთელს, ამაზე მეტი არ გაუტანია "ვოლფსბურგისათვის". თავად ფეხბურთელი ამ მოვლენაში რაიმე განსაკუთრებულს ვერ ხედავს. "შესაძლოა ეს უბრალოდ დამთხვევაა, ბედნიერი ვარ, როდესაც ვიტან და ამით საკუთარ გუნდს ვეხმარები." აღნიშნავდა 30 წლის მოიერიშე, რომელიც "ბაიერნის" მიერ გატანილ მესამე გოლშიც ფიგურირებდა. 72-ე წუთზე ლევანდოვსკის პასი ხამეს როდრიგესმა გამოიყენა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. "ორი გატანილი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა, ეს მძლავრი გამოსვლაა"-შეაქო საკუთარი თანაგუნდელი იოზუა კიმიხმა.


ათენში - საკუთარ ძალებში დარწმუნებულები !


გაიტანო შეტევის დროს გოლი და ამავე დროს უზრუნველჰყო საკუთარი კარის უსაფრთხოება - ასეთი იყო "ბავარიელთა" წარმატების რეცეპტი. მხოლოდ მეორე ტაიმის მიწურლს მისცა "ბავარიამ" საკუთარ მოწინააღმდეგეს, რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნის შესაძლებლობა. საშიშროება კი მხოლოდ ერთხელ შეიქმნა, როდესაც "მგლებმა" არიენ რობენის გაძევებით ისარგებლეს და შეხვედრის 63-ე წუთზე ერთი გოლი გაქვითეს. "არ გაგვიმართლა, როდესაც წითელი ბარათი მივიღეთ, მართალია გოლიც მალევე გავუშვით, თუმცა უმცირესობაში დარჩენილებმაც კი კარგი თამაშის ჩვენება განვაგრძეთ. მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ჩვენ კოლექტიურად ვიცავდით თავს."-განაცხადა კიმიხმა.

ნიკო კოვაჩმაც ისაუბრა საკუთარი გუნდის მდგრადობაზე. "ყველამ დაინახა, რომ "ბავარიას", საფეხბურთო ოსტატობის გარდა, ნამდვილი ბრძოლის გამართვაც ძალუძს. ეს სწორი გზაა და ჩვენ ამ გზის ერთგულები უნდა დავრჩეთ." -აღნიშნა მან. "თამაშების გამართვა სამ დღეში ერთხელ მოგვიწევს, მაგრამ ეს კარგი რითმია. თითოეულ მათგანში უნდა გავიმარჯვოთ."- ასე გამოეხმაურა რობერტ ლევანდოვსკი ათენის "აეკთან" მოახლოებულ დაპირისპირებას, რომელიც სამშაბათს თბილისის დროით 20:55 საათზე გაიმართება. ბუნდესლიგაში ბავარიელებმა ახალი სერიის დაწყება შეძლეს, ახლა ჯერი უეფას ჩემპიონთა ლიგაზეა!
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..